თებჟორიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თებჟორიკა (თუშ.)დემონი, ადამიანთათვის ნაკლებ საშიში და ნაკლებ მავნებელი მდედრობითი სქესის ავსული თუშების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. თუ ვინმემ მისი დაჭერა მოახერხა, მსახურად დაიყენებს; ადამიანს არაფერს ავნებს, ოღონდ მძინარს, დღისით თუ ღამით, დააწვება, პირს პირზე დაადებს, ხელს – ხელზე, ყოველმხრივ მოერგება კაცს და სულს უხუთავს; კი არ კლავს, აწვალებს; თუ ამ მომენტში მარცხენა ხელს ისე მომუჭავ, რომ ცერა თითს მჯიღში მაგრად მოიქცევ, თებჟორიკას ცერათი დაიჭერ; იგი გასხლტომას ეცდება, ხან კატად გადაიქცევა ხელში, ხან ძაღლად, ხანაც გველად, მაგრამ არ უნდა შეშინდე და დაგნებდება, თავის სახეს მიიღებს;

დატყვევებულ თებჟორიკას მარცხენა ხელის ნეკზე ფრჩხილს თუ მოაჭრი და ხანჯლის ქარქაშში ჩადებ, იგი შენია (ხანჯლის ეშინია და ქარქაშიდან ვერ ამოიღებს), ვერსად წაგივა. ასეთი თებჟორიკა საოცრად მორჩილია, დამჯერი და ყოჩაღი, ყველაფერს აკეთებს, ოღონდ უკუღმა უნდა ელაპარაკო, ვთქვათ, თუ ცეცხლის დანთება გინდა, უნდა უთხრა: „ცეცხლი ჩააქრე“, წყლის მოტანის ნაცვლად – „წყალი არ მოიტანო" და ა. შ. თებჟორიკა უვლის საქონელსა და ბავშვებს, მკის ყანას, უზარმაზარი ლოდებისაგან აშენებს ციხეებს და სხვ. არის გულთმისანი, შეუძლია სხვისი ნაფიქრი გამოიცნოს.

ამბობენ შენაქოში (თუშეთში) ჭვრიტიანებს ჰყოლიათ დაჭერილი თებჟორიკა. ომალოში კაცი მომკვდარა და სატირალში მიმავალ შენაქოელ ქალებს შეხვეწნია, მარტო მომწყინდა, მეც წამიყვანეთ სატირალში, ხალხში მაინც გავიდე, გულს გადავაყოლებო. არაო, უთქვამთ, შენ იქ ისეთ რამეს ჩაიდენ, შეგვარცხვენო. ხმას არ ამოვიღებო, შეჰპირებია თებჟორიკა, ჩემთვის ვიჯდები ჩუმადო. წაუყვანიათ. მართლაც, ზის მოტირალ დიაცებში თებჟორიკა, ხმას არ იღებს. უცბად, სხვები რომ ტირიან, ამან ერთი ღონივრად გადაიხარხარა. შეწუხდნენ შენაქოელი ქალები. ჰკრეს მუჯლუგუნები და გააჩერეს. გზაში ჰკითხეს, მაინც რა გაცინებდა იმ უდროო დროსაო? უთხრა, როგორ არ გავიცინებდი, ერთმა კოჭლმა კაცმა გამოიარა და მკვდრის ცოლმა გაიფიქრა, ნეტა ერთი ასეთი კაცი მაინც არ წამიყვანსო?

ეს თებჟორიკა დიდხანს ჰყოლიათ ჭვრიტიანებს ტყვედ. ერთხელაც, შინ რომ დაუტოვებიათ საქმეების საკეთებლად და თვითონ სადღაც წასულან, ბავშვისთვის უთქვამს, შენ რა კაცი ხარ, კედელზე რომ შენი ბიძის ხანჯალი ჰკიდია, იმასაც ვერ ამოსწევო. როგორ ვერ ამოვწევო. ჩამოუღია ბიჭს ხანჯალი და ამოუღია ქარქაშიდან. აბა, ქარქაში გადმოაბრუნეო. გადმოუბრუნებია და იქიდან ფრჩხილი გადმოვარდნილა, დაუტაცნია თებჟორიკას ხელი და გაქცეულა. წასვლისას ასე დაულოცნია თავისი დამტყვევებლები, „სახელოვანი კაცი ნუ დაგელევათ და უსახელო ქალიო".

თებჟორიკას დალოცვილნიაო, ამბობენ ჭვრიტიანებზე. მართლაც, მათ გვარს სახელოვანი ვაჟკაცები არასოდეს კლებია, ოღონდ ქალების სახელით კი მაინც და მაინც ვერ მოიწონებდნენ თავს.




ლიტერატურა

  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 75-76;
  • ე. თათარაიძე. დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთაინეთში. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1998, გვ. 45, 46.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები