თესევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თესევსი და ანტიოპე
აპოლონის ტაძრის დასავლეთ ფროტონი ჰერეტრიაში (ძვ. წ. 500 წ.), ქალკისი, არქეოლოგიური მუზეუმი.

თესევსი – (თეზევსი) ბერძნ. ათენელი გმირი, ეგევსისა თუ პოსეიდონის ვაჟი.

ანტიკურ სამყაროში თესევსს ისტორიულ მოღვაწედ თვლიდნენ. მისი ბიოგრაფია აღწერა ცნობილმა ბერძენმა მწერალმა პლუტარქოსმა. გადმოცემათა თანახმად, თესევსი, ერთი თაობით წინ უსწრებდა რა ტროას ომის გმირებს, ძვ.წ. XIII საუკუნეში ცხოვრობდა. მამამისმა, ათენის მეფე ეგევსმა, იმიტომ რომ არ ჰყავდა ვაჟიშვილი, დელფოს ორაკულს მიმართა. მისგან სრულიად გაურკვეველი პასუხი მიიღო და განმარტება ტროიძენის მეფე პიტთევსს სთხოვა. პიტთევსი მიხვდა, რომ დელფოს მისნობით ეგევსს შეეძინებოდა ვაჟი, რომელიც ათენის სახელოვანი მეფე შეიქმნებოდა. მან არ განუცხადა ეგევსს ეს საიდუმლო, ღვინით დაათრო და თავის ქალიშვილ ეთრას მიუწვინა იმ იმედით, რომ სწორედ მის ოჯახში დაიბადებოდა ათენის ტახტის მემკვიდრე. იმავე ღამეს ეთრა იხილა პოსეიდონმა და თანაეყო მშვენიერ ქალწულს. ასე რომ, თესევსს ორი მამა ჰყავდა: მიწიერი – ეგევსი და ღვთაებრივი – პოსეიდონი.

როდესაც ეგევსმა მომავალი ძის დაბადების ამბავი შეიტყო, ბრძანა მალულად აღეზარდათ, რათა ათენის ტახტისთვის მებრძოლ პალანტიდებს არ მოეკლათ. ტროიძენიდან მიმავალმა ეთრას კლდის ქვეშ დამალული თავისი მახვილი და სანდლები უჩვენა, თან დაუბარა: „ჩვენი ვაჟი რომ წამოიზრდება და იმის უნარი ექნება, კლდე გადაწიოს, გამომიგზავნე ათენში. ამ მახვილითა და სანდლებით იოლად ვიცნობ“. მალე ეთრას ეყოლა ვაჟი, რომელსაც თესევსი შეარქვეს. ხუთი წლის იყო იგი, როდესაც გმირთა გმირი ჰერაკლე ნახა და იდეალად დაისახა. ხოლო როდესაც წამოიზარდა, კლდე გადაწია, აიღო მახვილი და სანდლები და ათენისკენ მიმავალ რთულ გზას დაადგა. სურდა დიდებით მოსილი ხლებოდა მამას. გზა სავსე იყო ავაზაკებით, მაგრამ თესევსმა ყველა გაანადგურა იმავე წესით, როგორც ისინი სხვებს ხოცავდნენ: განგმირა პერიფეტესი და მისი რკინის კომბალი თან წაიღო. შეიპყრო სინისი, ორი ხის წვერს გამოაბა და შუაზე გახლიჩა. სკირონი ზღვაში მოისროლა. ხოლო პროკრუსტე, რომელსაც სხვაგვარად დამასტესსაც ეძახდნენ, თავის გამოგონილ საწოლზე მოკლა. ეს ის საწოლი იყო, რომელზეც ავაზაკი აწვენდა ყველას, ვინც კი ხელში ჩაუვარდებოდა. თუ კაცი მოკლე აღმოჩნდებოდა, წელავდა მანამ, ვიდრე ფეხებით საწოლის კიდეს არ მისწვდებოდა, გრძელს კი – ზედმეტ ნაწილს აჭრიდა. სხვა გმირობებიც აღასრულა თესევსმა და ვიდრე ათენს მიუახლოვდებოდა, ცოდვათაგან განიწმინდა.

თესევსი და მინოტავროსი
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 440-430 წ.წ.), ლონდონი. ბრიტანეთის მუზეუმი

ეგევსის ძემ უკვე სახელმოხვეჭილმა შეაბიჯა ათენის ქუჩებში. მის დიდებულ გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებდა გრძელი იონიური სამოსი და იმდენად ლამაზი იყო იგი, რომ უმალ ქალწულს ჰგავდა, ვიდრე იმ გმირს, ავაზაკები რომ გაანადგურა.

იმხანად ეგევსის მეუღლე იყო გრძნეული კოლხი მედეა, რომელმაც თვალი ჰკიდა თუ არა თესევსს, მასში ტახტის მემკვიდრე შეიცნო და მისი თავიდან მოცილება განიზრახა. მან შთააგონა ეგევსს, მოეწამლა სტუმარი. მეფემ სუფრასთან მიიწვია უცხოელი, რომელმაც სამსხვერპლო ხორცის გასაჭრელად მახვილი მოიმარჯვა. ეს ის მახვილი იყო ეგევსმა რომ კლდის ქვეშ დატოვა. უმალ შეიცნო მეფემ შვილი, იხმო თანამოქალაქეები და ტახტის მემკვიდრე წარუდგინა. ხოლო მედეა ათენიდან განდევნა.

თესევსი.
ლეკითოსის ფერწერა (ძვ. წ. 475-450 წ.წ.), ლონდონი. ბრიტანეთის მუზეუმი

ეგევსს ათენის მეუფებაში ეცილებოდა მისი ძმა პალასი, რომელსაც ორმოცდაათი ვაჟი ჰყავდა. პალანტიდებმა შეკრიბეს მეომრები და დიდძალი ჯარით დაიძრნენ ქალაქისაკენ. ყველა ამოხოცა თესევსმა. მას შემდეგ ეგევსი აღარავის შეუწუხებია, რადგან ასეთი ძლევამოსილი ვაჟი იყო მისი მფარველი.

თესევსი მუდამ ისწრაფოდა დიად საქმეთა აღსასრულებლად. ამავე დროს ხალხის კეთილგანწყობის დამსახურებაც სურდა. ამიტომ ათენში კი არ დარჩა, არამედ მარათონისკენ ისწრაფა და ის საზარელი ხარი შეიპყრო, რომელიც მის შემოგარენს ანადგურებდა. ხარი ათენში ჩამოიყვანა და ღმერთ აპოლონს შესწირა მსხვერპლად.

მაშინ, როდესაც თესევსი ათენს ეწვია, მთელი ატიკა ღრმა მწუხარებით იყო მოცული. კრეტადან ძლევამოსილი მეფე მინოსის მოციქულები ჩამოსულიყვნენ და მათთვის კუთვნილ ხარკს მოითხოვდნენ. უმძიმესი იყო ეს ხარკი: ათენელები ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ კუნძულ კრეტაზე აგზავნიდნენ შვიდ ქალწულსა და შვიდ ჭაბუკს, სადაც მათ შთანთქავდა ხარ-კაცი მინოტავროსი, რომელიც ლაბირინთში ბინადრობდა. თესევსმა განიზრახა, ათენელებთან ერთად გამგზავრებულიყო კრეტაზე, ეხსნა ისინი, მოეკლა მინოტავროსი და თავისი ქალაქი გაეთავისუფლებინა ამ შემაძრწუნებელი უბედურებისაგან. ხომალდზე, რომლითაც მიემგზავრებოდნენ ათენიდან მინოტავროსის მსხვერპლნი, შავი აფრები ფრიალებდა გლოვის ნიშნად. თესევსი შეჰპირდა მამას, რომ თუ მოკლავდა მინოტავროსს, თეთრი აფრებით დაბრუნდებოდა სამშობლოში. კრეტაზე ჩასული თესევსი ხილვისთანავე შეუყვარდა მინოსის ასულ არიადნეს, რომლის დახმარებითაც ათენელმა გმირმა მოკლა ურჩხული და იოლად გამოვიდა ლაბირინთიდან. თესევსმა ათენისაკენ ისწრაფა და თან წამოიყვანა არიადნე, რომელიც კუნძულ ნაქსოსზე დატოვა, რადგან ასეთი იყო მისნობა: მინოსის ასული ცოლად უნდა მოეყვანა დიონისეს. როდესაც თესევსი ათენს უახლოვდებოდა, მას დაავიწყდა შავი აფრების თეთრით შეცვლა. ეგევსი კი ზღვის კიდესთან აღმართული მაღალი კლდიდან გადაჰყურებდა შორეულ სივრცეს. როდესაც მან თვალი მოჰკრა შავაფრებიან ხომალდს, რაც თესევსის დაღუპვის ნიშნად მიიღო, მაღალი კლდიდან გადაეშვა ზღვაში და მის ზვირთებში განუტევა სული. ამ ზღვას მას შემდეგ ეგეოსის ზღვა ეწოდება.

ეგევსის გარდაცვალების შემდეგ ათენში გამეფდა თესევსი და საგმირო საქმეებით განადიდა ქალაქი. იგი ჰერაკლესთან ერთად მონაწილეობდა ამორძალების წინააღმდეგ წარმოებულ ლაშქრობაში და ათენში ჩამოიყვანა მათი დედოფალი ანტიოპე, რომლისგანაც შეეძინა ძე სახელად ჰიპოლიტოსი. როდესაც ანტიოპე გარდაიცვალა, თესევსმა იქორწინა მინოსის ასულ ფედრაზე, რომლის სიყვარულსაც ემსხვერპლა ჭაბუკი ჰიპოლიტოსი (ფედრა).

თესევსი.
კედლის მოხატულობა, ვესპასიანეს ეპოქა. ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.

იმხანად თესალიაში ცხოვრობდა მებრძოლ ლაპითთა ტომი, რომლის ბელადიც იყო გმირი პირითოოსი. იგი დაუმეგობრდა თესევსს და როდესაც ცოლად მოიყვანა მშვენიერი ჰიპოდამეა, ქორწილში მიიპატიჟა ახლადშეძენილი მეგობარი. სტუმართა შორის იყვნენ ველური კენტავრებიც, რომლებიც დათვრნენ და დაერივნენ იქ დამსწრე ქალებს. ამის გამო კენტავრებსა და ლაპითებს შორის გაჩაღდა მძვინვარე ბრძოლა. თავგანწირულად იბრძოდა თესევსი. კენტავრები დამარცხდნენ და თავიანთი სამფლობელოდან გადაიხვეწნენ.

მოგვიანებით პირითოოსმა და თესევსმა, იმხანად უკვე დაქვრივებულებმა, სპარტადან მოიტაცეს თორმეტი წლის ულამაზესი ელენე, რომლის გამოც მოგვიანებით ტროას ომი დაიწყება. მეგობრებმა ათენში ერთ-ერთი საკურთხევლის წინ დადეს ფიცი: ელენეზე იქორწინებდა ის, ვისაც წილისყრით შეხვდებოდა ეს მშვენიერი ქალწული. წაგებულისთვის ზევსის სხვა ქალიშვილი უნდა მოეპოვებინათ. ელენე წილად ხვდა თესევსს. მან გაითვალისწინა ის, რომ ათენელებს არ მოეწონებოდათ ელენეს ძმების, დიოსკურების, განრისხება და ამიტომ მომავალი საცოლე ჩააბარა თავის მეგობარს, რომელიც ატიკის ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობდა. თესევსის დედა ეთრაც ელენესთან დასახლდა და მზრუნველობას არ აკლებდა თავის აღსაზრდელს.

მეგობრობის ფიცით იძულებული თესევსი პირითოოსს ჩაჰყვა მიწისქვეშეთში, რათა დახმარებოდა ჰადესის მეუღლის, პერსეფონეს, მოტაცებაში. ამ გაუგონარი თავხედობისთვის ჰადესმა ისინი თავის სამეფოს კარიბჭესთან აღმართულ კლდეში გამოკვეთილ ტახტს მიაკრა. მათ გარშემო სისინით იგრიხებოდნენ გველები, ღმუოდნენ ერინიები, იღრინებოდა კერბეროსი. ხოლო ჰადესს პირქუშად ეღიმებოდა. ასეთი წამებით მეგობრებმა ოთხი წელი გაატარეს. ბოლოს თესევსი იხსნა გმირმა ჰერაკლემ. პირითოოსი კი სამუდამოდ დარჩა იმ ტახტზე.

ვიდრე თესევსი ჰადესში იტანჯებოდა, დიოსკურებმა შეკრიბეს დიდძალი ლაშქარი და თავს დაესხნენ ათენს. ძმებმა გაანადგურეს ქალაქი, მიაგნეს მშვენიერ დას და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ სამშობლოში. ტყვეთა შორის თან გაიყოლეს თესევსის დედა ეთრაც. ხოლო ათენისა და მთელი ატიკის განმგებლობა უბოძეს მენესთევსს, თესევსის ძველ მტერს.

ამქვეყნად დაბრუნებას თესევსისთვის აღარ მოუტანია სიხარული. მას დარბეული დახვდა ათენი, დედა-ტყვედქმნილი, სამეფო სკიპტრას ფლობდა საძულველი მენესთევსი. ჰადესში დათმენილი ვნებების გამო თესევსი ისე იყო დასუსტებული, რომ აღარ ჰქონდა ბრძოლის თავი. იგი იძულებული გახდა თავშესაფარი ეძია კუნძულ სკიროსზე, სადაც მემკვიდრეობით ერგებოდა მიწის ნაკვეთი. კუნძულის მეფე ლიკომედესს კი არ ეთმობოდა ეს მიწა და განიზრახა მოეკლა არასასურველი სტუმარი. მან მზაკვრულად აიყვანა იგი მთის თხემზე და უმოწყალოდ გადაუშვა ზღვის სიღრმეში. ასე დაიღუპა ძველი საბერძნეთის დიადი გმირი. აპოლონის ქურუმმა პითიამ მოუწოდა ათენელებს, თესევსის ძვლები სამშობლოში გადმოესვენებინათ. ათენელებმა დიდი პატივით დაკრძალეს იგი და აღუმართეს საკურთხეველი.

ათენელებს სურდათ მათი გმირი ჰერაკლეს მსგავსი ყოფილიყო. ამიტომ არის, რომ თესევსის მრავალი გმირობა ჰერაკლეს მიერ აღსრულებულ საქმეთა ანალოგიურია. თუკი ჰერაკლემ ურჩხულთაგან განწმინდა დედამიწა, თესევსმა ავაზაკთა განადგურებით მოიპოვა დიდი სახელი. თუმცა მაინც ვერ იქცა მთელი საბერძნეთის ეროვნულ გმირად. მისი სახელი მხოლოდ ატიკას დაუკავშირდა. ათენელები ყველანაირად ცდილობდნენ მის განდიდებას. ბერძენ – სპარსელთა ომების დროს თესევსი სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სიმბოლოდ იყო აღქმული: გადმოცემათა თანახმად, მარათონის ბრძოლაში ათენელებს გამოეცხადა საბრძოლო აღსაკაზმავით აღჭურვილი თესევსის აჩრდილი და სამშობლოს თავისუფლების დასაცავად მოუწოდებდა მებრძოლებს. ამის გამო მოგვიანებით თესევსის პატივსადებად ათენელებმა დააწესეს დიდი ზეიმი, მას მსხვერპლს სწირავდნენ და საქვეყნოდ განადიდებდნენ. სახელოვანი ხელოსნები ლარნაკებსა და სხვა ჭურჭელზე მხოლოდ მის სახეს გამოსახავდნენ. ძვ.წ. VI საუკუნიდან კი საერთოდ დაივიწყეს ჰერაკლე და მის მაგივრად მხოლოდ თესევსის გმირობის ამბებს ხატავდნენ. ათენის ქუჩები და მოედნები სავსე იყო თესევსის ქანდაკებებით. მას უშენებდნენ ტაძრებს, უწყობდნენ დღესასწაულებს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები