ჩხეიძე თინათინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თინათინ ჩხეიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თინათინ ჩხეიძე

ჩხეიძე თინათინ - Chkheidze Tinatin, Чхеидзе Тинатин, 1950-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ანუ აკადემიური დოქტორი, პროფესორი. უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1973-2011 წლებში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილებაში. იყო ინსტიტუტის საინფორმაციო და უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობისას მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში: „კონფლიქტის სემანტიკა. ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ფსიქოლოგიური ასპექტები“, „ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში“, „სოციალიზაცია. ბავშვთა ნახატებისა და საბავშვო ლიტერატურის კონტენტანალიზი“. „ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონის” ერთერთი ავტორია.

თ. ჩხეიძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების ძირითადი სფერო სოციალური ფსიქოლოგიაა. მისი საკანდიდატო დისერტაცია (1985) მიეძღვნა იმის შესწავლას, თუ რა როლს ასრულებს ცნობიერება სოციალურ დისპოზიციურ განწყობებს შორის თავსებადობის აღდგენაში. გასარკვევი იყო, რამდენად შესაძლებელია ურთიერთდაკავშირებულ ატიტუდ-დამოკიდებულებებს (ან განწყობებს) შორის ბუნებრივი, თავსებადი მიმართების აღდგენა შეზღუდული ცნობიერების პირობებში, ანუ ისეთ ვითარებაში, როდესაც სუბიექტი ვერ აცნობიერებს არა მხოლოდ წინააღმდეგობას, კონფლიქტს საკუთარ დამოკიდებულებებს შორის (ამბიდენტობა), არამედ ვერც თვით იმ დამოკიდებულებს აცნობიერებს, რომლებმაც გამოიწვია კონფლიქტი სოციალურ დისპოზიციათა სტრუქტურაში. საამისოდ გამოყენებულ იქნა ჰიპნოზური ჩაგონების მეთოდი. კვლევამ აჩვენა, რომ დამოკიდებულებათა სტრუქტურის შიგნით თავსებადობის აღდგენა მაშინაც კი ხორციელდება, როდესაც გაუცნობიერებელია თვით წინააღმდეგობის გამომწვევი დამოკიდებულება. თავსებადობის აღდგენა იმაში გამოიხატა, რომ ცდისპირებს ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტის საპასუხოდ გაუცნობიერებლადვე შეეცვალათ დამოკიდებულებები ურთიერთდაკავშირებული სოციალური ობიექტების მიმართ, რამაც აღადგინა თავსებადი მიმართება მათ შორის.

თ. ჩხეიძე წლების განმავლობაში ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2006-2009 წლებში მას მიჰყავდა კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობაში ლონდონის მრეწველობისა და კომერციის პალატის საგამოცდო საბჭოს საგამოცდო ცენტრში, ხოლო 2011-2013 წლებში ასწავლიდა პროფესიულ ინგლისურს თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.

ამჟამად თ. ჩხეიძე კითხულობს ლექციებს გ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის. მაგრამ მისი პროფესიული საქმიანობა ძირითადად უკავშირდება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), სადაც მას მიჰყავს სალექციო კურსები სოციალურ ფსიქოლოგიაში, გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიაში, გავლენის ფსიქოლოგიაში და ორგანიზაციულ ქცევაში. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომი. თ. ჩხეიძე არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (2014), სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური საბჭოს წევრი და სადოქტორო პროგრამების სამეცნიერო საბჭოს წევრი.

თ. ჩხეიძე თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არის რეცენზენტი ჟურნალისა „თსუ – ფსიქოლოგია”, ხოლო 2014 წელს იყო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარე.

მთავარი ნაშრომები

  • Nadareishvili V, Chkheidze T. Legal culture and legal consciousness in terms of set and attitude. European Scientific Journal. 2015;
  • Nadareishvili V, Chkheidze T. Normative and deviant behavior in terms of D. Uznadze set theory based strain model. European Scientific Journal. Vol.2. 2013;
  • მაიკლ გელდერი, პოლ ჰარისონი, ფილიპ კოუენი. ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში (თარგმანი ინგლისურიდან. ქართული ფსიქიატრიული ტერმინოლოგიისა და ცნებითი აპარატის დადგენა). 2012;
  • ვ. ნადარეიშვილი, თ. ჩხეიძე. სამართალი და ფსიქოლოგია. - „მაცნე” №1. 2008;
  • სიტუაციური ლიდერობა. - „მაცნე” №1. 2007;
  • მტრის ხატი. - „მაცნე” №1. 2006;
  • ცნობიერების მონაწილეობა კონსისტენტობის აღდგენაში ატიტუდებს/დამოკიდებულებებს შორის. - „მაცნე”, 2017


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები