თირის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თირის მონასტერი

თირის მონასტერი – (ინგლ. Thiri Monastery), XIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ზე. სოფელს, რომლის მახლობლადაც ძეგლი მდებარეობს, ამჟამად ქვემო მონასტერი ეწოდება. ის მდინარე თირისწყლის ნაპირზეა განლაგებული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: სამხრეთ და დასავლეთ მინაშენებიანი დარბაზული ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, კოშკი, გალავანი, საძვალე, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები და სენაკი-სამლოცველოები, აგრეთვე სხვა შენობათა ნანგრევები.

თირის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ვიწრო ტერასაზეა განლაგებული. რთული ლანდშაფტის გამო (ჩრდილოეთით მას შვეული ქარაფი საზღვრავს, ხოლო სამხრეთით ციცაბო ფერდობი აქვს) სამონასტრო ნაგებობები ძალიან მჭიდროდ, გრძივ ღერძზეა გაშენებული. ეკლესიას არ გააჩნია სამშენებლო წარწერა. ხუროთმოძღვრებისა და მორთულობის ანალიზის საფუძველზე მკვლევარები მას XIII საუკუნის 80-იანი წლებით ათარიღებენ.

სამხრეთი კარის შემკულობა

მონასტრის ძირითად ნაგებობას წარმოადგენს ანსამბლის ცენტრში აღმართული გეგმით მართკუთხა (6,25x14,0 მ) (ვ. ბერიძესთან გარეთა ზომებია: 9.95×17.80 მ, სიმაღლე შიგნით 9.5 მ) ღვთისმშობლის ეკლესია საკურთხევლის აფსიდით, რომელსაც ნავისაგან ეკლესიის თანადროული კანკელი გამოყოფს (კანკელმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით ვერ მოაღწია). საკურთხეველში შემორჩენილია XIV-XV საუკუნეების მოხატულობის ნაშთი.

რელიეფი

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, თითქოსდა ცალნავიანი. წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობა ორფერდა სახურავითაა გადახურული, რომელიც განივ ფასადებზე ფრონტონებს ქმნის, მაგრამ ინტერიერი რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. „შიგა სივრცე ორი დარბაზისაგან შედგება: დასავლეთისა, შედარებით ვიწრო და სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ მიმართული, ხოლო ცენტრალური, რომელიც აღმოსავლეთიდან ბემითა და საკურთხევლის აფსიდით ისაზღვრება, კვადრატული. გამოდის, რომ სამი სივრცობრივი ერთეული ერთიან სისტემაში მხოლოდ სახურავის კონსტრუქციას მოჰყავს“ (გ. ყიფიანი).

თავისებურებით გამოირჩევა ტაძრის აფსიდი. საკურთხეველს თითქმის გაბრტყელებული მოხაზულობა აქვს (რაღაც საშუალოა მართკუთხა და წრიულ აფსიდებს შორის). თავდაპირველი გეგმით აფსიდის ჩრდილოეთით, კედლის სისქეში ვიწრო სწორკუთხა სამკვეთლოა გამართული, რომელიც გასასვლელით უკავშირდება ძალიან მცირე სიღრმის ბემას. თირის ტაძარს ორი შესასვლელი აქვს და ორივე სამხრეთ ფასადშია გაჭრილი. ერთი შესასვლელი საკუთრივ დარბაზისაა, ხოლო მეორეს ნავის დასავლეთით გამოყოფილ დამოუკიდებელ სათავსში - ეგვტერში შევყავართ. ნაგებობის ეს ნაწილი მთავარ დარბაზთან ფართო კარითაა დაკავშირებული, რომლის ორივე მხარეს მცირე სახატე ნიშებია გაკეთებული. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეკლესიის ნავში ეგვტერის არსებობა ადგილის სივიწროვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. აღსანიშნავია სარკმლების განლაგების თავისებურებაც. ისინი ძირითადად სამხრეთ ფასადზეა თავმოყრილი. საკურთხეველში სამი სარკმელია: ერთი, ტრადიციულად აღმოსავლეთით აფსიდის ცენტრში, მეორე აფსიდის სამხრეთ კედელში, ხოლო მის გვერდით (სამხრეთით) ბემაში მესამე. ამ ფასადზე კიდევ ერთი დიდი და ერთიც მცირე მრგვალი სარკმელია განთავსებული. დასავლეთ ეგვტერსაც სამხრეთ კედელში აქვს ორი ღიობი (ერთი მათ შორის მრგვალი), ხოლო დასავლეთ ფასადზე ერთი.

თირის მონასტრის წარწერა

განხვავებულია გარედან ტაძრის მორთულობა. კარნიზებსა და კვარცხლბეკის ჰორიზონტალებთან ერთად ნაგებობის წიბოებს აყოლილი ორმაგი შვეული ლილვები ფასადებს თითქოს ჩარჩოებში აქცევენ. თავშეკავებულია აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადების მორთულობა. დასავლეთით, მაღლა, ლილვებით შემოსაზღვრული მოჩუქურთმებულ საპირიანი ვიწრო და გრძელი სარკმელია განთავსებული. საპირის ლილვები ორნამენტულ ბაზისებს ეყრდნობა და კონებით და ბურთულებითაა გაფორმებული. სარკმლის თავზე სამი ჩუქურთმიანი კოპია. ფასადის ფრონტონის კეხთან მცირე ზომის ფილაა ჩასმული ჯვრის რელიეფით. აღმოსავლეთ ფასადსაც ცენტრში ორნამენტულსაპირიანი თაღოვანი სარკმელი (აქაც საპირეს ლილვები, ორნამენტული ბაზისები, კონები და ბურთულები აქვს), მის თავზე აღმართული დიდი რელიეფური ჯვარი და ორნამენტული კოპები ამშვენებს. არქიტექტურული და დეკორაციული ელემენტების სიუხვეა სამხრეთ ფასადზე. მას დეკორატიულ პანოსაც უწოდებენ (გ. ყიფიანი). აქ იყრის თავს: ორი კარი, ოთხი სხვადახვა ზომის, ტიპისა და მორთულობის მქონე სარკმელი, მრგვალი ღიობები, ორნამენტული დისკოები, ჯვრის რელიეფი, ნიჟარები პორტალების თავზე. თირის ეკლესიის ორნამენტაციის რეპერტუარი ტრადიციულია, გამოყენებულია XI და XIII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მოტივები. ტაძრის პერანგი ერთფეროვანი რუხი ფერის ბაზალტითაა ნაშენი, მაგრამ სამხრეთი კედლის წყობაში ჩართული მოყვითალო ქვიშაქვის კვადრები ფერადოვანს ხდის და აცოცხლებს ნაგებობას (უნდა აღინიშნოს, რომ ქვიშაქვის კვადრები გვიანი შეკეთების შედეგია). ტაძარს თავიდან ბოლომდე გასდევს პროფილირებული, ორნამენტით შემკული ლავგარდანი. ნაგებობა დახურულია ლორფინებით.

სამრეკლოა

XIV საუკუნეში, ისტორიული წყაროების მიხედვით, თირის მფლობელებად თავხელისძეები ჩანან, რომლებიც საუკუნის დასასრულიდან აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან მონასტერში. ეგვტერის დასავლეთ კედელზე არსებული წარწერიდან ცნობილია, რომ XV საუკუნის 20-იან წლებში მოლარეთუხუცეს ხელა თავხელიძეს ეკლესიისათვის სამხრეთი კარიბჭე და ეგვტერი-საძვალე მოუშენებია (ჩვენამდე მხოლოდ მინაშენის აღმოსავლეთმა მონაკვეთმა მოაღწია, რომელიც დამოუკიდებელი ნაგებობაა და მთავარ ტაძართან არ არის დაკავშირებული) ტაძრის კორპუსზე ჩრდილო-აღმოსავლეთით მიშენებული წმ. ნიკოლოზის საყდარი 1682 წელს მროველმა ეპისკოპოსმა ფილიპე თაქთაქიძემ ააგო როგორც თაქთაქიძეთა საგვარეულო სამარხი. ამის მაუწყებელი წარწერა მოთავსებულია ეგვტერის კარის ტიმპანზე.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილეთიდან სამლოცველოს მიშენებამ სახე უცვალა ნაგებობას. ეგვტერის მთავარ ტაძართან დასაკავშირებლად ხუროთმოძღვარმა ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი გამოიღო და სამკვეთლოს დასავლეთი კედლიდან მთავარი ტაძრის დარბაზში გასასვლელი გაჭრა. XVIII საუკუნეში თირის მონასტერი და სოფელი ქართლის გამგებლისა (1703-1714 წწ.) და მეფის (1716-1724 წწ.) ვახტანგ VI-ის სამკვიდრო მამული იყო. აქ არის დაკრძალული ვახტანგის შვილი როსტომი. 1811 წელს მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა.

ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრიდან ოდნავ მოშორებით დასავლეთით დგას, ქართულ სამრეკლოთა ადრეულ ტიპს განეკუთვნება. ნაგებობის დაბალი დახურული კუბის თავზე ქვედა სართულის სიგანის ტოლი დიამეტრის მქონე მაღალი ცხრამალიანი ფანჩატურია აღმართული, რომელსაც ზემო და ქვემო ნაწილებში მარტივ ლილვიანი სარტყლები შემოუყვება. სამრეკლოს მორთულობას თაღების გრეხილი ლილვების გარდა დასავლეთით წიბოში ჩასმული რელიეფური ფილა და ორნამენტიანი კოპები წარმოადგენს. ნაგებობა თარიღდება XIV საუკუნის ბოლო მეოთხედით.

ეკლესიისა და სამრეკლოს გარდა, სამონასტრო ნაგებობები ნანგრევების სახითაა მოღწეული. ძლიერაა დაზიანებული ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე კოშკი. თირის სატრაპეზო გეგმით მართკუთხა დარბაზს წარმოადგენდა. დღეს მისგან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. მკვლევართა ვარაუდით, საცხოვრებელი სენაკები გალავნის ფარგლებს გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული, მათ კვალს მონასტრის გალავნის შიგნით ვერ მიაკვლიეს. თირის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი კლდეში ნაკვეთი სენაკი-სამლოცველოებია. შენობები ძირითადად ნაგებია ბაზალტის თლილი ქვით, გამოყენებულია აგური და რიყის ქვაც.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები