თოთური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოთურ-ი / აშ-თოთურ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Тотур / Аш-Тотур) – ბალყარულ-ყარაჩული წარმართული პანთეონის ერთ-ერთი პოლიფუნქციური ღვთაება – მგელთა უფალი, მონადირეთა და მწყემსთა მფარველი. მწყემსები თოთურს მგელთაგან და ქურდთაგან ჯოგებისა და ცხენთა რემების დაცვას შესთხოვდნენ. ზოგიერთი საწესო სიმღერის ტექსტების მიხედვით, თოთური გვევლინება, როგორც ნადირობის მფარველი ღვთაების – აფსათის, მცველი, რომელსაც მონადირეები ჯიხვის თავს სწირავდნენ. სანადიროდ მიმავალთა დედები ბაჲრიმსა და თოთურს მიმართავდნენ:

ბაჲრიმ, ბაჲრიმ, დაიცავი ჩემი შვილი, თოთურ, თოთურ, კლდეებში მოხეტიალე ჩემი ვაჟი მგლის კბილისგან, ფოცხვერის ბრჭყალისგან დაიცავი, გეხვეწები, სანადირო ბილიკებს კეთილი თვალით შეხედე.

ბალყარულ-ყარაჩულ ხალხურ კალენდარში თოთურის თვეებია მარტი (Тотурну ал айы – „თოთურის პირველი თვე“), და აპრილი (Тотурну арт айы – „თოთურის ბოლო თვე“).

XX ს-ის ჩათვლით ბალყარელები და ყარაჩელები ახალ წელს მარტის თვეში, გაზაფხულის დღეღამსწირების დღეს აღნიშნავდნენ. იგი სამიწათმოქმედო სამუშაოების დაწყებას ემთხვეოდა, და ამიტომ ახალი სამიწათმოქმედო წლის დასაწყისი დიდ სახალხო დღესასწაულს წარმოადგენდა. ამ დღეს ჩეგემის ხეობაში, აშ-თოთურის სახელობის ქვასთან, ღვთაების პატივსაცემად, მსხვერპლშეწირვას აწყობდნენ და ქვის გარშემო საწესო საფერხულო სიმღერებს ასრულებდნენ („აშ-თოთურს“ მგლის ნიღბიანი ახალგაზრდები ცეკვავდნენ). ლ. ლავროვის მოწმობით, აღნიშნულ ქვასთან სრულდებოდა საინიციაციო (მოზარდის სრულწლოვანებასთან დაკავშირებული) რიტუალიც. აშ-თოთურის სახელობის ქვას ისე ძლიერ ეთაყვანებოდნენ, რომ შორიახლო გამვლელი მხედრები მასთან აუცილებლად ჩამოქვეითდებოდნენ და ილოცებდნენ. ამ ადგილს მოსახლეობა დღესაც კი უწოდებს „ადგილს, სადაც მხედრები ქვეითდებიან“ (Атдан тюшюучю жер). ხალხში დღემდე არსებობს შეგონება:

ქვევიდან მომავალი, აშ-თოთურთან ჩამოქვეითდი, ზემოდან მომავალი, აშ-თოთურთან ჩამოქვეითდი, აშ-თოთურთან ლოცვით ჩამოქვეითდი.

აშ-თოთურის შესახებ ერთ-ერთ სიმღერაში მოთხრობილია, რომ თავადი ბათოყო უარს ამბობს ქვასთან ჩამოქვეითებაზე და მას მათრახსაც კი ურტყამს, რის გამოც ქვიდან გამოფრინდება კრაზანა, რომლის ნაკბენისაგან ბათოყო კვდება.

იმის დასტურს, თუ რაოდენ ძლიერი და ფართოდ გავრცელებული იყო ბალყარეთსა და ყარაჩში თოთურის კულტი, წარმოადგენს ხეობების, სოფლების, სიმაგრეების, ცალკეული ადგილების სახელწოდებები, მაგალითად, თოთურ-თეფეს მთა, თოთურ-ყალა (თოთურის სიმაგრე) ხულამში, აშ-თოთურის ეკლესია და თოთურის სიმაგრე ჩეგემში, თოთურის მდინარე, გამავალი სოფ. ელთიუბუში, თოთურის ხეობა, მდებარე ქ. ტირნიაუზის ზემოთ, თოთურის კლდე და მღვიმე ყარაჩაიში და სხვ.

თოთურის ტიპოლოგიური პარალელებია ოსური თუთირი და ქართული თედორე/თევდორე. ღვთაების აღმნიშვნელი სიტყვა წმ. თევდორე ტირონის სახელიდან მომდინარეობს.


ლიტერატურა

  • Лавров Л. И. Карачай и Балкария до 30-х годов XIX в. // Кавказский этнографический сборник. Вып. 4. М., 1969;
  • Малкондуев Х. Х. Обрядово-мифологическая поэзия балкарцев и карачаевцев. Жанровые и художественно-поэтические традиции. Нальчик, 1996;
  • Хаджиева Т. М. Эстетическая и утилитарно-магическая функции календарных песен балкарцев и карачаевцев (весенне-летный цикл) // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Хаджиева Т. М. Мифологические и обрядовые песни балкарцев и карачаевцев // Вопросы кавказской филологии. Вып. 3. Нальчик, 2000;
  • Бахтина В. А. Св. Феодор Тирон: география почитания и функции // Нартоведение в XXI веке: современные парадигмы и интерпретации. Сборник научных трудов. Владикавказ, 2012;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები