თოლაბულისის სარტყელი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თოლაბულისის სარტყელი“ - (1919, თბილისი) - ყოველთვიური სალიტერატურო და სამხატვრო ჟურნალი. მოდერნისტული პრესის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში, რომელსაც რედაქტორობდა გრიგოლ ცეცხლაძე. სულ გამოიცა ჟურნალის სამი ნომერი. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ორმა ნომერმა: №1 (აპრილი), №2 (მაისი).

ჟურნალში იბეჭდებოდნენ „ცისფერყანწელები“, სიმბოლისტურ ესთეტიკას ნაზიარები პოეტები. აქ გამოქვეყნდა რ. გვეტაძის, გ. ლეონიძის, გრ. ცეცხლაძის, გ. ტაბიძის, შ. კარმელის, ივ. ყიფიანის, აკ. ბერეკაშვილის, ლ. მაჭავარიანის, რ. გოგოხიას, კ. ებრალიძის, ლ. ლანის, შ. ლორდელის, გ. მეგრელიშვილის და NarcIs-ის ლექსები.

გამოცემის პირველ ნომერს წამძღვარებული აქვს წინათქმა - „ეკრანკამარა“, რომელშიც ჟურნალის კრედოა გაცხადებული („პოეტი ხელოვანი არავითარ სკოლას არ უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც შეუქმნია სხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავისი უსახო მისვლით ზედმეტი სტუმარი იქნება პოეზიის მრავალსახეებიან დარბაზში და კამერდინერი მას უარს ეტყვის“). ჟურნალში დაისტამბა გალაკტიონ ტაბიძის შედევრები: „შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“ და „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“; ასევე - გიორგი ლეონიძის „უცნობ ქალს კაბარეში“, გრიგოლ ცეცხლაძის „სალამი ყველას“ და „ავი სიზმრები“, გ. მეგრელიშვილის „ტრიოლეტები“, ლ. მაჭავარიანის „ქუთაისი“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალს ბოლოში ერთვის ბიბლიოგრაფიული რუბრიკა - „ნელი ხაზები“, რომელშიც საგამომცემლო სიახლეებია წარმოდგენილი. მათ შორის საგულისხმოა: ლიენა ლანის „მეოცნებე ნიამორები“, რომელიც ქუთაისში, ვ. გაფრინდაშვილისა და ა. ცირეკიძის რედაქტორობით, ამ სახელწოდების ჟურნალის გამოცემის შესახებ გვამცნობს; შ. ლ-ის „შემოდგომის ცრემლები“ - ქუთაისში დია ჩიანელის ნოველებისა და ლეგენდების წიგნის გამოცემის შესახებ; „პოეტური ფელეტონები“ - გაზეთებში: „ხალხის მეგობარსა“ და „საქართველოში“ გამოქვეყნებული „პოეტური ფელეტონების“ შესახებ, სადაც პაოლო იაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძისა და უცნობი ავტორის ლექსებია დაბეჭდილი.

ჟურნალის მეორე ნომერი გამორჩეულია იმით, რომ მასში მხატვრული ტექსტების გვერდით წარმოდგენილია დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ნახატების - „ნახაზობისა“ და „XII საუკუნის“ რეპროდუქციები.

მანანა შამილიშვილი

ლიტერატურა

  • ჟურ. „თოლაბულისის სარტყელი“, 1919, №1-2;
  • ს. სიგუა, „ქართული მოდერნიზმი“, თბ., 2002;
  • გ. ბაქრუაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები