თორნდაიკი ედვარდ ლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თორნდაიკი ედვარდ ლი

თორნდაიკი ედვარდ ლი - Thorndike Edward Lee, Торндайк Эдвард Ли, 1874-1949

ამერიკელი ფსიქოლოგი, ბიჰევიორიზმის უშუალო წინამორბედი. ზოგჯერ კლასიკური ბიჰევიორიზმის წარმომადგენლადაც განიხილება. ერთხანს სწავლობდა უ. ჯეიმსთან ჰარვარდში, შემდეგ - ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1898 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჯ. კეტელის ხელმძღვანელობით. 1939 წლამდე ამ უნივერსიტეტში ეწეოდა კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. 1912 წელს არჩეულ იქნა ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად.

თორნდაიკმა ერთერთმა პირველმა დაიწყო დასწავლის კანონზომიერებათა შესწავლა და ცდილობდა, დაენერგა ისინი პედაგოგიურ პრაქტიკაში. უკვე სადოქტორო დისერტაციაში სახელწოდებით „ცხოველთა ინტელექტი” ჩამოაყალიბა ძირითადი პრინციპები თავისი სისტემისა, რომელსაც კონექციონიზმი უწოდა.

თონდაიკის მიხედვით, დასწავლა არის კავშირის ანუ კონექციის დამყარება მოქმედებას (რეაქციას) და სიტუაციას (სტიმულს) შორის (სტიმული-რეაქცია). იმისთვის, რომ ეს კავშირი წარმოიქმნეს, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები - დასწავლის კანონები. დასწავლის კანონზომიერებანი თონდაიკმა იკვლია მის მიერ გამოგონილი მოწყობილობის, „პრობლემური ყუთის” საშუალებით. თორნდაიკს მიაჩნდა, რომ პრობლემის გადაჭრას (ყუთიდან გამოსვლას რაზაზე თათის დაჭერით), ცხოველი დაისწავლის ცდისა და შეცდომის მეთოდით, ანუ საჭირო მოძრაობის შემთხვევით პოვნისა და გამეორებათა გრძელი სერიის შედეგად - და არა მიხვედრის ან გაგების გზით. ვ. კელერმა დაამტკიცა, რომ ეს დასკვნა უმაღლესად განვითარებული ცხოველების, მაგ., შიმპანზეების შემთხვევაში მცდარია ინსაითი; მით უმეტეს მცდარია ადამიანის შემთხვევაში. ზოგი გამოკვლევით, მცდარია აგრეთვე დელფინების შემთხვევაში. თუმცა სხვა ძუძუმწოვრებისთვის (მათ შორის ძაღლისთვის) და უფრო დაბალგანვითარებული ცხოველებისთვის მართებულია.

ეს კანონები ცხოველებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე შემუშავდა. თორნდაიკი, ზოოფსიქოლოგიის კლასიკოსი, ამოდიოდა იქიდან, რომ ცხოველსა და ადამიანს შორის თვისებრივი განსხვავება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მან ადვილად გადაინაცვლა ადამიანის სწავლების პრობლემების კვლევაზე და სერიოზული წვლილი შეიტანა ინტელექტის ფსიქოდიაგნოსტიკის საკითხების დამუშავებაში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები