თრიალეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თრიალეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით წალკის რაიონია. თრიალეთი სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ჯავახეთს ესაზღვრება, ჩრდილოეთით – თორსა და შიდა ქართლს, აღმოსავლეთითა და სამხრეთით – ქვემო ქართლს.

ჯავახეთსა და ქართლს შორის მდებარე თრიალეთის მხარე მთიანი რეგიონია. თუმცა ის ისეთი მთიანი ქვეყანა სრულიადაც არაა, როგორც კავკასიონის ქედის ძირში მდებარე საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები. ამიტომაც მას უფრო დევი ბერძენიშვილის მიერ გამოყენებული ტერმინი „ზეგნური ვაკე” შეესატყვისება, რადგან ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა განფენილ მხარეში ჩაღრმავებული ხეობები არაა. შესაბამისად თრიალეთში არც ხევისპირულად განლაგებული სოფლები გვხვდება. აქ ტერიტორიული ერთეულები მცირე ქედებით ფიზიკურ-გეოგრაფიულად გამიჯნული ქვაბურებია (ნარიანი, საპიტიახშო, რეხა-ცხვარეთ-საპონაური, ბარეთი).

სარჩევი

ისტორია

თრიალეთი პირველად ნახსენები აქვს ისტორიკოსს ჯუანშერს არჩილის მეფობის დროს. ის მოხსენიებულია 1073 წლის სიგელში, 1123-1124 წლებში მეფე დავით აღმაშენებლის ანდერძში.

თრიალეთი, რომელიც სამეფო მამული იყო (აქ საეკლესიო ყმებიც ცხოვრობდნენ), ეპოქათა მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოს გზასაყარს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის ძეგლის „დასტურლამალის” მიხედვით, აქ 17 დასახლებული პუნქტი იყო. XVIII საუკუნის დასასრულს, იოანე ბატონიშვილს თრიალეთში 68 სოფელი აქვს ჩამოთვლილი, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი ნასოფლარია. დღეს თრიალეთის სოფლების ქართული ოიკონიმია (სოფლის სახელები) მთლიანად წარხოცილია, თუ არ ჩავთვლით წალკასა და რეხას. აქ მოსულმა არაქართულმა ეთნიკურმა ერთეულებმა თავიანთი თავდაპირველი საცხოვრისიდან ტოპონიმებიც თან მოიტანეს.

თრიალეთის სახასო სოფლები სამოურაოდ ქართლელ აზნაურებს ჰქონდათ მიცემული. 1763 წლის ერთ საბუთში ლაპარაკია თრიალეთის სოფელ ტამალიიდან მოსახლეობის მიგრაციაზე. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დამდეგს, თრიალეთი თითქმის უკაცრიელია. ის მომთაბარე თურქული ტომების სამომთაბარეო არეალად იყო გადაქცეული. ქართული მოსახლეობის მცირე ნაწილი, თითო-ოროლა ოჯახი, მთების შორეულ სოფლებშიღა იყო შემორჩენილი. დღეს აქ ძველი თრიალელებით დასახლებული ერთი ქართული სოფელია – რეხა, რომლის მკვიდრნიც, როგორც ირკვევა, უფრო ადრე ჯავახეთიდან იყვნენ გადმოსახლებული. 1829- 1832 წლებში ცარიზმმა აქ თურქულენოვანი ბერძნები (ე. წ. ურუმები) და აგრეთვე სომხები შემოასახლა თურქეთიდან (ბასიანის, გიუმიშხანის, კიის და ოვას კაზებიდან).

მატერიალური კულტურის ძეგლები

თრიალეთი მდიდარია ძველი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით (ნაციხარ-ნაქალაქარები, მღვიმე-ქვაბები, ლოდოვანი ნამოსახლარები, ქვის მონოლითები – „ვეშაპები”, „ცხენები”, „ვერძები”). აქ ასზე მეტი ეკლესია და ნაეკლესიარია აღრიცხული ქართული წარწერებით. თრიალეთში ჩამოსახლებულთ ადგილზე დახვდათ მატერიალური კულტურის ძეგლები, კერძოდ, საფლავის ქვები ვერძის, ცხენის გამოსახულებით. საფლავის ქვაზე გამოხატული გუთნეული, როგორც აღნიშნავენ, პასუხობდა მათ რწმენას, ზნე-ჩვეულებებს და ის თაყვანისცემის ობიექტადაც იქცა.

მეურნეობა

თრიალეთი მესაქონლეობით განთქმული მხარე იყო. აქ შემორჩენილია ოვალური მოყვანილობის, ლოდებით ნაგები საქონლის ღია სადგომები. თრიალეთი, რომელიც ალპური ზონის მაღალნაყოფიერი მდელოებით იყო დაფარული, საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საზაფხულო საძოვარს წარმოადგენდა ჯავახეთსა და კოლა-არტაანთან ერთად. ძველად აქ ცხვრის ფარები საქართველოს სხვადასხვა მხრიდან მოყავდათ. თრიალეთი უტყეო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. ამიტომაც ადგილობრივებისათვის საწვავს მხოლოდ წივა წარმოადგენდა. ქვემო წალკაში სოფლის მეურნეობის წამყვან დარგს თუ მიწათმოქმედება წარმოადგენდა, ზემოთ ასეთი მესაქონლეობა იყო. მესაქონლოებასთან ერთად მემინდვრეობასაც დიდი ადგილი ეჭირა. თრიალეთში დღესაც მრავლადაა შემორჩენილი ხორბლის შესანახი ხაროები – მიწისქვეშა საცავები და ზეთსახდელის ნაშთები.

თრიალეთში დიდი რაოდენობით მოყავდათ სელი, რომლისაგანაც ზეთს ხდიდნენ. გვიან პერიოდამდე რეგიონში შემორჩენილი იყო ძველი ქართული ზეთსახდელები. ქართველების მიერ მიტოვებულ ზეთსახდელებს უკანასკნელ დრომდე მოსული ურუმები (ე. ი. რომაელი – თურქულენოვანი ბერძნების თვითსახელწოდება) გამოიყენებდნენ. თრიალეთში ზეთსახდელები საკმაოდ ტრადიციულ სამეურნეო ნაგებობას წარმოადგენდა. ვახუშტის მიხედვით, თრიალელები სელისაგან „ხდიან ზეთსა მრავალს, იკმევენ, სწვენ და ჰყიდიან”. მეცნიერებს შენიშნული აქვთ, რომ თრიალეთის ზეთსახდელები მესხურ-ჯავახური ზეთსახდელების ანალოგიური იყო. XIX საუკუნეში სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად მეკარტოფილეობა იქცა. ვახუშტი აღნიშნავს, რომ თრიალელებს „პირუტყვნი მრავალნი” ჰყავდათ.

თრიალეთის სახლები

თრიალეთში საცხოვრებელი ნაგებობა ძირითადად დარბაზი იყო გვირგვინისებური გადახურვით, ისეთი, როგორიც ქართლსა და სამცხეში გვხვდებოდა. „გადმოსახლებულებს ზოგიერთ სოფელში (უფრო სწორად ნასოფლარში – თეზსა და წალკაში) ქართველების მიერ მიტოვებული, თითქმის დაუნგრეველი საცხოვრებელი ნაგებობები დახვედრიათ, რომლებშიაც, მცირე შეკეთების შემდეგ, არა ერთი წელი გაუტარებიათ”.

თრიალეთში საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი ჰორიზონტალურად იყო გაშლილი, ე. ი. ერთი სახურავის ქვეშ იყო გაერთიანებული, რაც განპირობებული იყო მეურნეობის ხასიათითა და გეოგრაფიული მდებარეობით

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები