თურმანაული ჯურხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯურხა თურმანაული – როშკაში ყოფილა ერთი განთქმული მონადირე, ჯურხა თურმანაული. ერთხელ წასულა ჯუთის ჭიუხებში სანადიროდ და ერთი დიდი, თორმეტი წლის ჯიხვი მოუკლავს. ჯიხვის ხორცი და თავ-რქა წამოუღია და წამოსულა. მთაზე რომ შემდგარა, დაუნახავს, რომ ერთი რაღაც დიდი ფრინველი, არწივის მსგავსი, მიჰყვება უკან. მონადირეს უფიქრია, ეს ნამდვილად ჯვარია და არწივის სახით მეჩვენებაო (მონადირე არწივს არ ესროდა ჯვარის შიშით, ჯვარს არ შესცოდავდა).

მიდის მონადირე სოფელში და მიჰყვება არწივიც კივილით. როშკაში რომ ჩასულა, არწივს მთისკენ უქნია პირი და როშკის პირდაპირ მაღალ ტყიან გორის წვერზე დამჯდარა. ჯვარიც იქ აუშენებიათ. ხალხი ახლოს ვერ მიდიოდა თურმე. მიუვალი ადგილი იყო, თანაც ძალიან წმიდა ადგილი და ეშინოდათო. ამიტომაც იმ გორის ქვემოთ დიდგორის ჯვარის ნიში – კოშკი – აუშენებიათ სალოცავად.

რაკი როშკის დიდგორის ჯვარი მონადირის მოყვანილი იყო, ამიტომაც ამ ჯვარს მონადირე ძალიან უყვარდა და ხელს უწყობდა ნადირობაში.

ჯურხა თურმანაულს კარგი ცხენი ჰყოლია. დილით თურმე დაჭედავდა და მინდორში გაუშვებდა. საღამოზე ცხენი დაღლილი და ნალებდაცვენილი მოდიოდა თურმე. ძალიან უკვირდა თურმანაულს: რა მოსდის, რა ემართება ჩემს ცხენსო. ერთ დღეს მიჰყოლია უკან. ცხენი მისულა ერთ ადგილას და დაუწყია მიწის თხრა და წყლის ლოკვა. დააკვირდა თურმანაული, ხედავს, ვეძა (მჟავე წყალი) ამოდის მიწიდან.

ამბობენ, თურმანაულმა დიდგორის ჯვარი მოიყვანა, თურმანაულის ცხენმა კი ვეძა აღმოაჩინაო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები