ლორთქიფანიძე იასონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იასონ ლორთქიფანიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იასონ ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე - (დ. - 30.III.1866, სოფ. ჩუნეში, ქუთაისის მაზრა - გ. - VII.1949, თბილისი) - იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სახაზინო მამულების უწყებაში თბილისში, აქტიურად იყო ჩართული პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იასონ ლორთქიფანიძემ ჯერ განჯაში, შემდგომ კავკავში გააგრძელა მუშაობა იურისკონსულტად. განჯაში ყოფნის დროს თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ნ. ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და 1893 წელს პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში. კავკავში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართული კოლონიის საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკავის ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე, არჩეული იყო ამავე ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. 1906 წელს თერგის ოლქიდან დასახელებული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად.

1917 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წლის ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული საბჭო გაფართოვდა, იასონ ლორთქიფანიძე ედპ-ის სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. 1920 თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისათვის მინდობა იასონ ლორთქიფანიძის ავტორიტეტითა და მაღალი პროფესიონალიზმით უნდა აიხსნას. ედპ-ისა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წლის იანვარში, იასონ ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. ამის მიუხედავად, ის აიძულეს ედპ-ის სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად, ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ედპ დაშლილად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლებამ იასონ ლორთქიფანიძე 1923 წლამდე დატოვა მმართველის თანამდებობაზე იმავე ბანკში, რომელიც საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა, შემდეგ მოადგილედ დააქვეითეს, ხოლო 1924 მის მიერვე ჩამოყალიბებული სამრეწველო ბანკის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 1925 წელს იყო საგამომცემლო ამხანაგობა „ქართული წიგნის“ გამგეობის წევრი. 1927 წლიდან აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. ამ პერიოდში შეუდგა საისტორიო კვლევა-ძიებას და მოამზადა ნაშრომი სახელწოდებით: „ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“, რომელიც ორ წიგნად გამოიცა (თბ., 1935-1938). თითოეული მათგანი ორ-ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი წიგნი წყაროების გამოკვლევასა და გეოგრაფიიულ ცნობებს ეთმობა, ხოლო მეორეში მოსახლეობისა და მფლობელობის სტატისტიკაა შესწავლილი. 1937 წელს იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. ჰყავდა მეუღლე. მის პირად არქივში დაცული მასალები, განსაკუთრებით ეპისტოლური მემკვიდრეობა, მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს საქართველოში საბანკო საქმის შესახებ.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • გ. მაჭავარიანი, იასონ ლორთქიფანიძე - საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, მეცნიერი, გაზ. „სახალხო განათლება“, 27 სექტემბერი, 1990;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები