იეზიდიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარშევანგი, ეზიდთა რელიგიური ნიშანი

ეზიდიზმი - (იეზიდიზმი), ანუ ქურთულად ეზდიატი, ტრადიციულ და ნაციონალურ რელიგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ითვლება, რომ მას დასრულებული სახე შეიხ ადი იბნ მუსაფირმა ახალი წელთაღრიცხვის XII საუკუნეში მისცა.

ამ რელიგიის მიმდევრები ეზიდებად იწოდებიან და წარმოადგენენ სუბეთნოსს დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში. მათი სუბეთნოსად ჩამოყალიბება მრავალსაუკუნოვანი დევნით არის განპრობებული.

სარჩევი

გავრცელების არეალი და ისტორია

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ეზიდების რიცხვი მილიონს აღწევს. მათი ძირითადი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში - სამხრეთ ქურთისტანში (ერაყში), დოჰუკის მიდამოებში, შეიხანის ოლქსა (ყაზა) და შანგალის მთიან რაიონებში ცხოვრობს. სამხრეთდასავლეთ ქურთისტანში (სირიაში) ეზიდები კომპაქტურად ყამიშლისა და ჰასაქას მიდამოებში ცხოვრობენ. მათი სოფლები, აგრეთვე, აფრინის (ალეპო) ოლქში არის მიმოფანტული. ჩრდილოეთ ქურთისტანში (თურქეთში) ეზიდთა დასახლებები დიარბაქრის, ბატმანის, მარდინის, სერტის, ვერანშაჰარის პროვინციებშიც გვხდება. ეზიდთა დიდი სათვისტომოები უკრაინაში, რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც (ძირითადად, გერმანიაში) არსებობს.

ეზიდები ცხოვრობენ სომხეთსა და საქართველოში. ისინი აქ ვანის ვილაიეთიდან, ბაიაზიდის სანჯაყის, სურმალის მაზრისა და ყარსის ოლქიდან გადმოსახლდნენ. ეს პროცესი ოსმალეთის იმპერიაში მუსლიმი მოსახლეობის მიერ ეზიდების დევნამ განაპირობა.

ქურთისტანის ტერიტორიაზე, ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული XIX საუკუნის ჩათვლით, დამოუკიდებელი (ძირითადად, ნახევრად დამოუკიდებელი) ქურთული სამთავროები არსებობდა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენდნენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიულ პროცესებზე. XIII-XIV საუკუნეებში ზოგიერთ სამთავროში, ძირითადად, ეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთები ცხოვრობდნენ.

ლალიშის ტაძრის შესასვლელი

ქურთული ტომები X საუკუნემდე ებრძოდნენ ისლამის გავრცელებას ქურთისტანში. თუმცა ამ პროცესის შეჩერება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხეს და უკვე X საუკუნეში ქურთთა ნაწილმა ისლამი მიიღო.

ქურთი უფლისწული და მემატიანე შარაფ ხან ბიდლისი (XVI ს.) მოწმობს, რომ ჩრდილოეთ ქურთისტანის დიდგვაროვნები - ბოჰტანის, ჰაქარის, ბაჰდინანის, დასნის, და ა.შ. მმართველები - ეზიდური რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ომაელთა ხალიფების დროს ეზიდები და სხვა არამუსლიმი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებად იდევნებოდა, ვიდრე აბასელთა ბაღდადის სახალიფოში. აბასელებმა მიზნად დაისახეს ძველი რელიგიის მიმდევარ ქურთთა საბოლოოდ გამუსლიმება და სადამსჯელო ექსპედიციები მოაწყვეს. ამ დროისათვის ეზიდთა წინაპრები, რომლებიც დასნებად მოიხსენებიან, დამარცხდნენ. მათ დაკარგეს თავიანთი წმინდა ადგილები, რომლებსაც მუსლიმები და ადგილობრივი ნესტორიანელები დაეპატრონენ.

XII საუკუნეში ეზიდებმა მოახერხეს გაერთიანება შეიხ ადი იბნ მუსაფირის მეთაურობით, რომელიც უაღრესად განათლებული პიროვნება იყო და სირიაში ერთ-ერთ გამოჩენილ ღვთისმეტყველად ითვლებოდა.

ეზიდებმა შეიხი ადი ღმერთის მოგზავნილად აღიქვეს, მხსნელად აღიარეს და მისი მიმდევრები გახდნენ. შეიხმა ადიმ მოახერხა ეზიდთა წმინდა ადგილების, კერძოდ, უძველესი ტაძრის - ლალიშის დაბრუნება. შეიხი ადის გარშემო მრავალი მოსწავლე შეიკრიბა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ იგი ქვეყანას მათ დასახსნელად მოევლინა. შეიხი ადი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და ლალიშში არის დაკრძალული, სადაც ყოველ წელს მრავალი ეზიდი პილიგრიმი ჩადის. ცნობილია, რომ შეიხი ადი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, იგი არ დაოჯახებულა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შეიხ ადიმ ეზიდიზმში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და მას ეზიდური რელიგიის რეფორმატორს უწოდებენ.

შეიხ ადის შემდეგ ეზიდთა დევნა ისევ განახლდა, რამაც ეზიდების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. ეზიდებს არაბების, თურქებისა და სპარსელების გარდა, გამუსლიმებული ქურთებიც ავიწროებდნენ.

ეზიდიზმის წარმომავლობა

ეზიდიზმის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი მეცნიერებს შორის. ზოგიერთი მეცნიერი სიტყვა ეზიდს და ეზიდების წარმომავლობას ირანულ ქალაქ იეზდს უკავშირებს, ზოგი კი ძველ ირანულ სიტყვას - იაზატას, ზოგი ომაელ ხალიფა იაზიდ იბნ მუავის და ა.შ.

ცხადია ის, რომ ეზიდიზმი ერთ-ერთი ძველი აღმოსავლური რელიგიაა, რომლის ფესვები შუამდინარეთის უძველეს კულტებთან ამჟღავნებს კავშირს. იგი ერთბაშად არ გაჩენილა და მრავალი საუკუნის განმავლობაში, საკუთრივ ქურთულ სივრცეში, უძველესი ხალხური წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად, ეზიდთა წინაპრები მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში, აგრეთვე ბუნების ოთხ სტიქიონში ხედავდნენ ღვთაებრივ ძალას. მათ - ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი სიწმინდეებად მიაჩნდათ.

მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგად ეზიდიზმი საბოლოოდ მონოთეისტურ რელიგიად ჩამოყალიბდა. ეზიდები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, რომელმაც შექმნა სამყარო და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყნად. ღმერთი - ხუდე ან იაზდანი (ეზიდი) არის ყველგან და ყველაფერში, ის არის სიყვარული და სინათლე, რომელიც სხადასხვანაირად ევლინება ადამიანებს. მაგალითად, მზის სითბოსა და სხივებში ეზიდები ღვთის სინათლეს ხედავენ და ამიტომ ლოცვისას მზის მიმართულებით იყურებიან.

ეზიდები ღმერთს და მის ანგელოზებს ეთაყვანებიან და მიიჩნევენ, რომ ანგელოზები ღვთის ნებას აწვდიან მათ. ანგელოზებს სათავეში მალაქ ტაუსი უდგას, რომელიც ღმერთის ნებით მართავს სამყაროს (ანგელოზთა სიმბოლოდ ეზიდიზმში ფარშევანგი ითვლება, რომლის სპილენძის გამოსახულება ეზიდთა რელიგიური ნიშანია.

შეიხ ადის საფლავი ლალისში

მკვლევართა უმრავლესობა ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმში ბევრ საერთოს ხედავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ორ რელიგიას შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს. საქმე ის არის, რომ ეზიდიზმი ძველი არიული და მესოპოტამიური წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა. ეზიდიზმის თანახმად, ღმერთი ერთია და ის ყოვლისშემძლეა. კეთილიც და ბოროტიც, ბნელიც და ნათელიც, დღე და ღამეც და ა.შ., მისი ნებით არსებობს. ეზიდები თვლიან, რომ ყველაფერი მისი ნებით ხდება და შეუძლებელია, რომ ბოროტების ღმერთი ან ღვთაება არსებობდეს, რომელიც ყოვლის შემოქმედ ღმერთს შეიძლება წინ აღუდგეს. მაგრამ ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა, რათა ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს უძველესი წარმოდგენები მითრაიზმში, ზურვანიზმსა და შემდეგ ეზიდიზმში გადაიზარდა. ამის საპირისპიროდ ზარატუშტრა (ზოროასტრი) ქადაგებდა, რომ არსებობს ნათელი ღვთაება ახურა მაზდა და ბნელი ღვთაება ანხრა მანიუ, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ცნობილია, რომ ზოროასტრი წინაპართა ძველ რელიგიას დაუპირისპირდა და ირანის სამხრეთით გადაიხვეწა. აქედან გამომდინარე, ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს მრავალი საერთო, მაგრამ მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტიც აქვთ.

როცა ქურთისტანის ტერიტორია არაბთა სახალიფოს საზღვრებში მოექცა, ეზიდები იძულებულნი გახდნენ ახალ რეალიებს მორგებოდნენ და ამ მისიის შესრულება შეიხმა ადი იმბნ მუსაფირმა შეძლო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, XII საუკუნეში შეიხმა ადიმ მოახერხა ეზიდთა გაერთიანება, ხოლო მისმა მიმდევრებმა ეზიდური საზოგადოების რეფორმირება მოახდინეს და ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც სხვადასხვა რაიონში დასახლებულ ეზიდებს ერთმანეთთან დააკავშირებდა (შეიხი ადი წმინდა ტრიადაში შედის და ის მთავარანგელოზის გამოვლენად ითვლება: მალაქ გაუსი, ეზიდი, შეიხი ადი).

შეიხი ადი ცნობილი სუფიების თანამოაზრე იყო, რამაც გავლენა მის მიმდევრებზეც იქონია. ეზიდები სუფიებში თავიანთ მოკავშირეებს ხედავდნენ მათდამი მტრულად განწყობილი ორთოდოქსი მუსლიმების წინააღმდეგ.

ჯანგირ აღა

წმინდა ტექსტები

ეზიდური რელიგია წმინდა რელიგიურ ტექსტებს - ყავლებს (სიტყვა), ანუ ღვთაებრივ მეცნიერებას ეფუძნება, რომელთა ავტორიტეტი ურყევია მორწმუნე ეზიდისათვის. ეზიდთა მსოფლმხედველობა, კოსმოგონია, მცნებები, ზნეობრივი კოდექსი, ისტორია და სხვა ამ ტექსტების მეშვეობით არის წარმოდგენილი. ეს ტექსტები, ძირითადად, ზეპირად გადაეცემოდა მცოდნე ოსტატებისაგან (ჰოსტა) მომდევნო თაობას. თუმცა ირკვევა, რომ ისინი წერილობითი ფორმითაც არსებობდნენ, მაგრამ ეზიდებზე ხანგრძლივი თავდასხმების შემდეგ ხელნაწერები განადგურდა და XIII საუკუნიდან ზეპირგადმოცემა ტრადიციად იქცა. ამ ტექსტებს არაერთი ავტორი ჰყავს, რომელებიც ეზიდთა წმინდანები არიან. მაგალითად, დარვეშ ყათანი, შეიხ ფახრი, ფირ რაშე ჰაირანი, პესე ჯამი, ჰასად თაური და ა.შ. ესენი, ძირითადად, შეიხ ადის მოსწავლეები არიან, რომლებმაც მდიდარი პოეტური ხასიათის რელიგიური ლიტერატურა შექმნეს, სადაც შეიხ ადის და სხვა წმინდანთა ცხოვრება არის აღწერილი. მათ მოახდინეს, აგრეთვე, უძველესი ტექსტების რედაქტირება და ისინი იმდროინდელი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ფორმით გამართეს. ეზიდური ტექსტები, ძირითადად, ქურთულად (კურმანჯიზე) არის შექმნილი.

ეზიდთა წმინდა ტექსტები უძველეს ინფორმაციას გვაწვდიან ქურთი ხალხისა და, საერთოდ, ძველი მესოპოტამიის მოსახლეობის რელიგიურ წარმოდგენებზე.

გარდა ყავლებისა, არსებობდა ორი ცნობილი წიგნი - „მასჰაფა რაშ“ და „ქეთება ჯელვა“ („შავი წიგნი“ და „გამოცხადების წიგნი“), რომელთა დედანი დაკარგულია და ჩვენამდე მხოლოდ მათმა ფრაგმენტებმა მოაღწია. ეზიდთა სასულიერო პირები მათ არ აღიარებენ, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ფრაგმენტები არ შეიძლება სანდო იყოს. ცნობილია, რომ ეს წიგნები, განსაკუთრებული ეზიდური ანბანით, ქურთულ ენაზე იყო დაწერილი. ამ ორი წიგნის გარდა, არსებობს არაბულ ენაზე ტყავზე დაწერილი წიგნები „მშურ“, რომლებშიც წმინდანთა ცხოვრება და მათი ხალხთან ურთიერთობა არის აღწერილი. ეს ხელნაწერები ეზიდთა სასულიერო გვარების წარმომადგენლებს - ფირებს ეკუთვნის და დღემდე მათ ოჯახებში ინახება. ის წიგნები XIII საუკუნით თარიღდება.

მაშასადამე, ეზიდიზმის ძირითად წყაროს ყავლები წარმოადგენს, სადაც ნათქვამია, რომ ეზიდმა მხოლოდ სიკეთე უნდა დათესოს თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში. ეზიდიზმში, როგორც სხვა რელიგიებში, ძირითადი მცნებებია: არა კაც კლა, არ იმრუშო, არ მოიტყუო და ა.შ.

„თუ ნახე ვინმე
და სიკეთე გააკეთე,
ნუ ჰკითხავ, რა რჯულის ხარ.
თუ გააკეთე სიკეთე,
წყალს გაატანე იგი
და არ დაიკარგება ის ღმერთთან“.

ეზიდთა წმინდა ტექსტიდან

ერთ-ერთი მცნება ის არის, რომ ეზიდმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მისი რჯულისა და აღმსარებლობის მიუხედავად, დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.

ეზიდებს სწამთ, რომ ყველა სხვა რელიგია ღმერთის ნებით არსებობს, მაგრამ ისინი მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის ცალკეული ნაწილებია. ღვთის სრულყოფილი ცოდნა (ზანინა ხუდე, ან „ილმე ხუდე“) მხოლოდ ეზიდთა წმინდანებმა მიიღეს ღმერთისგან ყავლების სახით.

ეზიდები პატივისცემით ეპყრობიან სხვა რელიგიის მოციქულებსა და დამაარსებლებს: აბრაამს, მოსეს, იესოსა და ა.შ., თუმცა მათი ცხოვრების შესახებ თავიანთი ვერსიები აქვთ. ისინი თვლიან, რომ ეზიდთა ღმერთმა (ხუდემ) ეს მოციქულები გაუგზავნა სხვადასხვა ხალხს, რომ ისინი ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს.

ეს ეპიზოდები სულიერი შინაარსისაა და თითოეული მათგანი გარკვეულ თეოლოგიურ ცოდნას შეიცავს, რომლის ამოკითხვა და გააზრება რჯულის მეცნიერთა, განსწავლულ ღვთისმსახურთა ქადაგებებშია მოცემული. ეს ის ლიტერატურაა, რომელსაც ებრაულ და ქრისტიანულ ტრადიციაში ეგზეგეტიკა ჰქვია.

მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია ეზიდური ტექსტების შესწავლა და სხვა რელიგიების ტექსტებთან მათი შედარებითი ანალიზი. სამწუხაროდ, ეზიდთა საზოგადოების კარჩაკეტილობის გამო, მათი მრავალი წმიდა ტექსტი დღემდე არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

კოსმოგონია და ესქატოლოგია

უაღრესად საინტერესოდ არის აღწერილი ეზიდთა წმინდა ტექსტებში სამყაროს შექმნა. მათი მოძღვრების თანახმად ღმერთი არის შემოქმედი, რომელმაც შვიდი დღის განმავლობაში შექმნა სამყარო. თავისი არსიდან ჯერ შექმნა მარგალიტი, რომელიც სამყაროს თესლს, ანუ დასაბამს წარმოადგენდა. შემდეგ ის თვითონ მოთავსდა მარგალიტში, რომელიც მისი დიდებული მზერისაგან გასკდა და უსაზღვრო ზღვად იქცა. შექმნა ზეცა, მნათობები და ა.შ. ღმერთი ყოველდღე თავისი სინათლისგან ქმნიდა თითო ანგელოზს - სულ შვიდი ანგელოზი შექმნა. უფალმა სამყაროს მმართეველობა მათ ჩააბარა.

ღმერთმა (ხუდე) გაგზავნა ანგელოზები ზღვის ზედაპირზე და მისი ბრძანებით მათ ხმელეთი შექმნეს, რის შემდეგაც ოთხი ელემენტი (ჰაერი, მიწა, წყალი და ცეცხლი) ერთმანეთში შეაზავეს და პირველი ადამიანი (ადამი) გამოძერწეს. შემდეგ მისი ნეკნიდან მეგობარი არსება - ქალი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ეზიდური ვერსია თორაში ნახსენებ ადამის და ევას სახელებს იმეორებს, ის მნიშვნელოვნად განსხვავდება იუდეური და ისლამური ვერსიებისაგან. როგორც ჩანს, ამ სახელებმა ჩაანაცვლა ძველი ეზიდური სახელები.

ეზიდური კოსმოგონიის თანახმად, ადამიანის გამრავლება თავიდანვე იყო გათვალისწინებული და ის არ უნდა ყოფილიყო ადამისა და ევას მიერ ცოდვის ჩადენის შედეგი.

ადამი და ევა სამოთხის წალკოტში (ბეჰეშტ) ცხოვრობდნენ და მონელებულ საჭმელს ოფლთან ერთად გამოყოფდნენ. მათ არც სასქესო ორგანოები ჰქონდათ. ღმერთის დავალებით, ანგელოზმა მათ ხორბალი შეაჭამა, რის შედეგადაც გასივდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდებათ მათ სასქესო ორგანოები გამრავლებისათვის.

ადამსა და ევას შორის კამათი წარმოიშვა, თუ რომელია მათ შორის უპირატესი და ვისგან წარმოიშვება კაცობრიობა. ბოლოს ადამი დაიმორჩილებს ევას, რომელიც მას ორ ვაჟს გაუჩენს - კაენსა და აბელს. კაენის მიერ აბელის მოკვლის შემდეგ ადამი და ევა ერთმანეთს ადანაშაულებენ მათი შვილების ცოდვაში. მთავარანგელოზი (ტაუსი მალაქი) დაარიგებს მათ, ორი დოქი გამოძერწონ, თითოეულმა თავის დოქში თავისი ნერწყვი მოათავსოს და მიწაში ჩაფლას, როცა ადამი თავის ნერწყვს დოქში ათავსებდა, ტაუსი მალაქმა მის ნერწყვში ანგელოზთა თესლი გაურია. ცხრა თვის შემდეგ მათ, ანგელოზის დავალებით, გახსნეს დოქები. ევას დოქში მატლები აღმოჩნდა, ხოლო ადამის დოქში მამრობითი სქესის ემბრიონი, რომელსაც შეიდ ბენ ჯარს (შეიდი დოქის შვილს) დაარქმევენ. მთავარანგელოზი მოუყვანს მას სამოთხის ქალწულს, რომელიც ჰურიათ იწოდება და მათ შთამომავლობას ეზიდები წარმოადგენენ.

ეზიდთა წმინდა ტექსტების თანახმად, ეზიდთა გენი ადამამდე არსებობდა (ანგელოზთა თესლი), რომელიც ადამის ნერწყვის საშუალებით დოქში აღმოჩნდა. ისინი ევას თავიანთ დედად არ მიიჩნევენ.

ეს მითი მრავალი მკვლევარის ყურადღებას იპყრობდა და იპყრობს. XVI საუკუნეში შვეიცარელმა ექიმმა და ფილოსოფოსმა პარაცელსმა ადამიანის ემბრიონის ხელოვნურად შექმნის თეორია წამოაყენა.

ეზიდებს სულის უკვდავებისა სწამთ და მიიჩნევენ, რომ ცოდვილი სული ჯოჯოხეთში (დოჯაჰ) მოხვდება, ხოლო უცოდველი - სამოთხეში (ბეჰეშტ). გარდა ამისა, მათ მეტემფსიქოზის (თანასუხ) სჯერათ და თვლიან, რომ სული, რომელიც სამოთხის ან ჯოჯოხეთის ღირსი არ აღმოჩნდება, ამ ქვეყანას სხვა ფორმით მოევლინება.

ეზიდიზმში არსებობს ბიბლიასა და ყურანისთვის დამახასიათებელი მოტივები წარღვნის შესახებ. სჯერათ მკვდრეთით აღდგომისა და მხსნელის მოსვლისა, რომელსაც შარფადინს უწოდებენ. ჯერ ქვეყანაზე არეულობა, მკვლელობები და სტიქიური უბედურებები დაისადგურებს, შემდეგ აღმოსავლეთიდან ტირანი მოვა და როცა დასავლეთიდან ამოვა მზე, მოვა შარფადინი და გაანადგურებს მას (ტირანს). ასევე მხსნელი გაანადგურებს ყველა ეკლესიას, მონასტერს, მეჩეთს და ხალხი, ყველა ერთად, ერთ ღმერთს იწამებს.

ვალდებულებები და მცნებები

ეზიდიზმში, სხვა მრავალი რელიგიის მსგავსად, არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ორი სახისაა: ფარზე თარიყატე და ფარზე ჰაყიყატე.

ფარზე თარიყატე მრავალ ვალდებულებას მოიცავს: ლოცვას (დუა), მარხვას (როჟი), სიცოცხლეში ერთხელ მაინც ლალიშში ჩასვლას (ზიარატ ან ჰაჯი), წინადაცვეთას (სუნატ), ორი სახის ნათლობას (ბისკ) და სალოცავში წმინდა წყაროს წყლის სხურებას (მორკერენ), შეწირულებას (ხერატ, ფეტუ, რესმ, ზაქათ), საკლავის შეწირვას (სარბერ, ყურბან, ხერ), აკრძალული საკვების მიუღებლობას (ღორის ხორცი, კომბოსტო, სალათი) და ა.შ.

ეზიდიზმში მხოლოდ მშრალი მარხვა არსებობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა დღისით არ უნდა ჭამოს. ყოველი ეზიდი ვალდებულია დეკემბრის პირველ პარასკევამდე (აღმოსავლური კალენდრით) მარხვა სამ დღეს დაიცვას. მეოთხე დღეს კი (პარასკევს) დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც უწოდებენ აიდა ეზიდ. ეს დღესასწაული მზის კულტთანაა დაკავშირებული.

ასევე არსებობს სამდღიანი მარხვა თებერვლის მეორე ნახევარში, რომელიც ორ წმინდანს - ხიდირ ნაბისა და ხიდირ აილასს - ეძღვნება. ამ მარხვის დაცვა აუცილებელია მათთვის, ვისაც ხიდირი ან აილასი ჰქვია.

გარდა ამ ორი მარხვისა, უმაღლესი სასულიერო პირები და ის ეზიდები, რომლებიც ასკეტურ ცხოვრებას მისდევენ, წელიწადში ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) ორმოცდღიან მარხვას იცავენ (ჩელე ზევესტანე და ჩელე ჰავინე), რაც ისევ ასტრალურ კულტებს უკავშირდება.

ავადმყოფი იეზიდი და ექიმი. ერმაკოვის ფოტო.

ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია ახალი წელი - ჩარშამა სორ (ოთხშაბათის დღესასწაული) ან სარსალ (ახალი წელი), რომელიც აპრილის პირველ ოთხშაბათს (აღმოსავლური კალენდრით) უნდა დაემთხვეს. ამ დღეს ეზიდები კვერცხებს ღებავენ ნაირფრად და მათ ნაჭუჭებს მოხნულ მინდორში ფანტავენ. სახლში შემოსასვლელ კარს თავს გარედან მინდვრის წითელი ყვავილებით მორთავენ და ქადებს აცხობენ. ამ დღეს ქალები საფლავზეც გადიან. ახალი წლის ღამეს მრავალი ეზიდი ლალიშის ტაძარში ხვდება, სადაც დაბნელებისთანავე სასულიერო პირები ღვთაებრივ ცეცხლს გამოიტანენ ტაძრიდან და მრავალი ეზიდი ზეთით გაჟღენთილ ფითილებს უკიდებს ცეცხლს. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის თვე წმინდა თვედ ითვლება, რის გამოც აპრილში დაქორწინება იკრძალება.

ოქტომბრის 613 პილიგრიმობის დღეებია (ჯამაია შიხადი). სხვადასხვა ქვეყნიდან ეზიდები ლალიშში ჩადიან, სადაც მრავალი რელიგიური რიტუალი იმართება.

არსებობს სხვადასხვა კუთხის ეზიდებისთვის დამახასიათებელი მრავალი სხვა ადგილობრივი დღესასწაული. მაგალითად, საქართველოსა და სომხეთის ეზიდები მარტში აღნიშნავენ გაზაფხულის დღესასწაულს (კლოჩ) და ივნისში - მიცვალებულთა ხსენების (როჯა მაზალ, ანუ სასაფლაოზე გასვლის) დღეს.

ფარზე ჰაყიყატე ხუთ ვალდებულებას შეიცავს და გულისხმობს ეზიდისთვის ხუთი მოძღვრის ყოლას: შეიხი (ოჯახის შეიხი, რომელიც ნათლობის რიტუალს ასრულებს, რაც ერთ წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ბავშვის სიმბოლურ თმის შეჭრას გულისხმობს), ფირი (ოჯახისთვის მლოცველი და მაკურთხეველი), ჰოსტა (ოსტატი, რომელიც წმინდა ტექსტებს ასწავლის ეზიდს), მარაბი (მოძღვარი-დამრიგებელი), ბრეხუშკა ახრატე (სულიერი, ანუ იმქვეყნიერი ძმა ან და). ხუთივე სასულიერო კასტის (შეიხი და ფირი) წარმომადგენელი უნდა იყოს. ოჯახის შეიხი და ფირი შთამომავლობით გადადის ყოველი ეზიდური გვარისათვის.

რელიგიური სიმბოლოებიდან (მრწამსიდან) უპირველესია შაჰადა დინ (მოწმობა ეზიდობის შესახებ), რაც წმინდა ტექსტის წაკითხვაში გამოიხატება, რომელშიც გადმოცემულია ეზიდთა სარწმუნოების ძირითადი არსი.

ამასთანავე, მამაკაც ეზიდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ულვაში, უნდა ეცვას თეთრი პერანგი (კრას), რომლის საყელო მრგვლად უნდა იყოს ამოჭრილი. საყელოზე თეთრი კანტი (თოკ, გრივან) ეკერება, რომელიც მორჩილების სიმბოლოა.

ეზიდებს ეკრძალებათ ლურჯი ფერის (რანგე შინ) ტანისამოსის ჩაცმა, ვინაიდან ეს ზეციური ფერია და, ამავე დროს, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში სამგლოვიარო ფერად ითვლებოდა.

გარდა ამისა, ეზიდიზმში არსებობს სამი ბურჯი „სე ჰარფ“ (სამი მცნება) და ერთი მათგანის დარღვევის შემთხვევაში, ეზიდი ავტომატურად კარგავს ეზიდობას. მათ ეწოდებათ: შარიათ, თარიყათ, დარბა ხარყა.

შარიათ ან, როგორც სხვანაირად უწოდებენ, დიზკა დანე (ჭურჭელი ლურჯი საღებავით), გულისხმობს, რომ ეზიდმა არ უნდა იქორწინოს სხვა რჯულის ადამიანზე.

თარიყათ ან, როგორც უწოდებენ, შარბკე ზერინ (ოქროს თასი), კასტებს შორის ქორწინების აკრძალვას გულისხმობს.

დარბა ხარყა (ჯვალოსთვის დარტყმის მიყენება), გულისხმობს სასულიერო პირებისადმი პატივისცემას.

ამ სამიდან ერთის დარღვევაც კი საშინელ ცოდვად ითვლება, რასაც დამრღვევის გარიყვა მოსდევს.

ეზიდური საზოგადოების სტრუქტურა

ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ და ეზიდის ყოველდღიური ცხოვრება რელიგიასთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეზიდებს ეკრძალებათ სხვა სარწმუნოების ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნა. ეზიდური რელიგიის თანახმად, ეზიდი დედითაც და მამითაც ეზიდი უნდა იყოს.

ეზიდები სამ შტოდ („კასტად“) იყოფიან: შეიხები, ფირები და მურიდები (მურიდი მიმდევარს ნიშნავს). ინდური კასტებისაგან განსხვავებით ეზიდური „კასტები“ რელიგიის წინაშე თანასწორნი არიან. აქ არ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური პრინციპი და ეზიდური საზოგადოება მხოლოდ სულიერ კავშირებზეა აგებული.

შეიხები და ფირები სასულიერო ფენას მიეკუთვნებიან, ხოლო მურიდების ძირითადი ნაწილი ერისკაცები არიან. ერთი კასტიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. მურიდებისათვის, რომლებიც ღრმა რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან, არსებობს სხვადასხვა რელიგიური წოდებები: ხლმატქარ, ყავლბეჟ, ქოჩაკ, ფაყირ, ყავალ და ა.შ.

ეზიდური რელიგიის თანახმად, ყოველი ეზიდი თავისი შეიხისა და ფირის მურიდია, ანუ მიმდევარია. ეს შეიხებსა და ფირებზეც ვრცელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინიც თავიანთი შეიხისა და ფირის მურიდები არიან. უბრალო მურიდებისაგან განსხვავებით მათ კიდევ თავიანთი მურიდები ჰყავთ. რელიგიის თანახმად, ამ სამი შტოს წარმომადგენელთა შორის ქორწინება იკრძალება, ვინაიდან მათ მხოლოდ სულიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. მათ შორის ქორწინება დისა და ძმის ერთმანეთზე ქორწინების ტოლფასია (ეს შეიძლება შევადაროთ ნათელმირონობით დაკავშირებულ ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვას ქრისტიანობაში).

შეიხები სამ შტოდ იყოფიან: ადანი, ყათანი და შამსანი, რომლებსაც, თავის მხრივ, კიდევ მრავალი განშტოება აქვთ. ამ სამი შტოს წარმომადგენელთა შორისაც იკრძალება ქორწინება.

ფირებიც მრავალგვარად არიან დაყოფილნი: ფირ ჰასნმამანი, ფირ მაჰმარაშანი, ფირ ისებია, ფირ ბარი, ფირ მამშვანი, ფირ ომარხალი, ფირ ხანი და ა.შ. ფირების ზოგიერთ გვარს შორის ქორწინება არ არის ნებადართული, ვინაიდან ზოგიერთ მათგანს მხოლოდ სულიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან.

ეზიდთა ძირითადი ნაწილი მურიდები არიან და ისინი მრავალ ტომად და გვარად იყოფიან. მურიდებს მიეკუთვნებიან, აგრეთვე, ყავალები, ფაყირებისა და ქოჩაკების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყავალები ეზიდური რელიგიის მქადაგებლები არიან, რომლებსაც წელიწადში ერთხელ ეზიდური სოფლების შემოვლა და მათთვის წმინდა ტექსტების ახსნა აკისრიათ.

ფაყირები ნახევრადასკეტურ ცხოვრებას ეწევიან და მისტიკოსებს მიეკუთვნებიან. ფაყირი მურიდების გარდა, შეიძლება ზოგიერთი შეიხი და ფირიც იყოს.

ქოჩაკები მორწმუნე ეზიდები არიან და ითვლება, რომ ისინი ეზიდებს ანგელოზთა და წმინდანთა ნებას აწვდიან წმინდა ტექსტების საშუალებით.

სასულიერო კრება

ეზიდებს მართავს ეზიდთა სასულიერო კრება, სადაც სხვადასხვა თანამდებობა არსებობს. სასულიერო კრების შეკრების ადგილი შეიხანშია (ერაყის ქურთისტანი). შეიხანი და ბაადრი ეზიდთა სამთავროს ადმინისტრაციული ცენტრები იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის დამდეგიდან ოსმალეთის სულთანი ეზიდთა ამირას (მირს) მსოფლიოს ეზიდთა მეთაურად აღიარებდა.

ეზიდებს სათავეში მირი (ამირა) უდგას. ვინაიდან ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ, მირი როგორც რელიგიური, ასევე საერო მეთაურია. მას ეზიდთა და მათი წმინდა ადგილების დაცვა ევალება.

ეზიდთა სულიერი მამა არის ახტიარე მარგაჰი (მარგაჰი - უხუცესი, მარგაჰ - ადგილი, სადაც იეზიდთა მთავარი ტაძარია). ისინი, ძირითადად, შეიხთა ფახრადინის (შამსანის) გვარიდან ირჩევიან და მათი მეორე წოდებაა ბავე შეხ, რაც შეიხთა მამას ნიშნავს. სასულიერო კრებაში შედიან აგრეთვე: ბავე გავანი, პეშიმამი, ბავე ჩავიში, ყავალთა მეთაური, ფაყირები და სხვა მღვდელმსახურები.

ეზიდთა სასულიერო კრება („დივანა დინ“ ან „ჯვატა რუჰანი“) თავის გადაწყვეტილებას ეზიდებს შორის ყავალების მეშვეობით ავრცელებს. სასულიერო კრების ნებას ფარშევანგის სპილენძის გამოსახულება ადასტურებს, რომელსაც ყავალები წელიწადში ერთხელ ეზიდთა სოფლებში ატარებენ წმინდა ტექსტების გალობის ფონზე.

ეზიდები საქართველოში

ეზიდთა ურთიერთობა სამხრეთ კავკასიასთან გაცილებით ადრინდელია, ვიდრე ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობდა. ცნობილია, რომ მრავალი ქურთული ტომი კავკასიაში სახლობდა და გამორიცხული არ არის, რომ მათში ეზიდებიც ყოფილიყვნენ.

მაგალითად, ისტორიული დოკუმენტები მოწმობენ ქართულ-ეზიდურ გულთბილ ურთიერთობებს. ცნობილი ფაქტია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს მიწერ-მოწერა ჰქონდა ეზიდ დიდებულ ჩობან აღასთან, ვისთან ერთადაც იგი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა, რაც, საბოლოოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ განხორციელდა.

გარდა ამისა, ეზიდები ოდითგანვე ვანის ვილაიეთიდან, სურმალიდან და ბაიაზეთიდან თბილისში ჩამოდიან სამუშაოდ.

ეზიდთა პირველი ნაკადი რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს გამოჩნდა. საქართველოში ეზიდების ძირითადი მასა 1918 წლიდან იწყებს შემოსვლას, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში ეზიდური რელიგიის მიმდევარ ქურთებს სდევნიან. ეზიდები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინათ, რადგან მათ წინააღმდეგ რელიგიური დევნა დაიწყო ოსმალთა იმპერიის მუსლიმმა მოსახლეობამ, მათ შორის, მუსლიმმა ქურთებმა. იმ დროს დევნილ ეზიდებს სათავეში ვანელი დიდგვაროვანი ეზიდი ჯანგირ აღა ედგა, რომელმაც ისინი სომხეთსა და საქართველოში გადმოიყვანა.

ეზიდები საქართველოში, ძირითადად, თბილისის ძველ უბნებში დასახლდნენ: სოლოლაკში, ვერაზე, ზემელზე, დიდუბეში, მეიდანზე, ვორონცოვზე და ა.შ. თბილისის გარდა, ეზიდების რამდენიმე კომლი დასახლდა კახეთში (თელავში, წნორში, ყვარელში), თიანეთში (ერწოში, სიონში), ოზურგეთში (ნასაკირალში, გურიანთაში) და ბათუმში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991 წ.) მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეზიდური მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუსეთში, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში გადავიდა. რაკი საზღვრების გადალახვა გამარტივდა, ეზიდებს თავიანთი წმინდა ადგილების, კერძოდ, ლალიშის (ერაყის ქურთისტანი), მონახულების საშუალება მიეცათ, თუმცა საქართველოს ეზიდთა ძირითადი ნაწილი მაინც ვერ ახერხებს იქ სალოცავად ჩასვლას. დღეისათვის ეზიდებს საქართველოში საკულტო ნაგებობა არ გააჩნიათ და იძულებულნი არიან, მსახურება და სხვა რელიგიური დღესასწაულები ოჯახებში აღასრულონ.

ბოლო 15 წლის განმავლობაში სომხეთისა და საქართველოს ეზიდები სხვა ეკონომიკურად ძლიერი კონფესიების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და ბევრი ფორმალურად თუ არაფორმალურად სხვა რელიგიას მიაკუთვნებს თავს. ეს ვითარება ეკონომიკურმა პრობლემებმა და ეზიდური რელიგიის საფუძვლების ზედაპირულმა ცოდნამ განაპირობა.

საქართველოში ეზიდების რაოდენობა, 1989 წლის აღწერის მიხედვით, 30300 იყო, ხოლო 2002 წლის მონაცემებით ეს რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - 19200.

დიმიტრი ფირბარი

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები