იერქსი რობერტ მირნს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იერქსი რობერტ მირნს

იერქსი რობერტ მირნს - Yerkes, Robert Mearns, Йеркс Роберт, 1876-1959

ამერიკელი ფსიქოლოგი, ზოოფსიქოლოგიის, შედარებითი ფსიქოლოგიის და პრიმატოლოგიის კლასიკოსი. მუშაობდა აგრეთვე ზოგადი ფსიქოლოგიის, ტესტოლოგიისა და სამხედრო ფსიქოლოგიის დარგებში. ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ჰარვარდში, სადაც მერე მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს სათავეში ჩაუდგა კომიტეტს, რომელსაც უნდა შეემუშავებინა სანდო მეთოდები ახალწვეულთა ტესტირებისთვის. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ე.წ. სამხედრო ტესტები, რომლებითაც შემოწმდა მილიონნახევარი სამხედროს გონებრივი შესაძლებლობები. მათი ავტორი ფსიქოდიაგნოსტიკის ერთერთ პიონერად არის მიჩნეული. შემდგომ წლებში იერქსი იყო ჯერ მინესოტას, შემდეგ იელის უნივერსიტეტების პროფესორი. აქ დააარსა პრიმატების შემსწავლელი ლაბორატორია, რომელიც 1929 წელს როკფელერის ფონდის დაფინანსებით გაფართოვდა და სუბტროპიკულ ფლორიდაში გადავიდა. ასე შეიქმნა პრიმატების შემსწავლელი სადგური, რომელსაც შემდგომში იერქსის სახელი მიენიჭა. ის ამჟამადაც შედარებითი ფსიქოლოგიის კვლევების მსოფლიო ცენტრია. იერქსი იყო ამერიკული ფსიქოლოგიის ერთერთი ყველაზე გავლენიანი მოღვაწე, ხელმძღვანელობდა არაერთ კომიტეტს, საბჭოს თუ საზოგადოებას. იყო ნაციონალური აკადემიის წევრი, APA-ს პრეზიდენტი (1917).

იერქსის ნაშრომები ძირითადად პრიმატების ფსიქოლოგიას ეხება. მაგრამ ზოოფსიქოლოგიური კვლევა მან ლაბორატორიული ვირთაგვების შესწავლით დაიწყო და მნიშვნელოვანი კანონზომიერება აღმოაჩინა. კერძოდ, აჩვენა, რომ არსებობს მკაფიო დამოკიდებულება შესასრულებელი მოქმედების პროდუქციულობასა და მოტივაციის დონეს შორის. შემდგომ კვლევებში ეს კანონზომიერება ადამიანებთანაც დადასტურდა და მას იერქს-დოდსონის კანონი ეწოდა.

იერქსი ორმოცი წლის განმავლობაში ატარებდა ცდებს ჭიაყელებზე, კიბოებზე, კუებზე, ბაყაყებზე, მტრედებზე, ყვავებზე, ღორებზე და მაიმუნებზე, რათა ეჩვენებინა ფსიქიკური განვითარების უწყვეტობა ფილოგენზში. მის გამოკვლევებში ფსიქიკის თანდათანობითი განვითარების იდეამ საფუძვლიანი ემპირიული დასაბუთება მოიპოვა.

ვ. კელერის მსგავსად, იერქსიც უშვებდა უმაღლეს პრიმატებში ე.წ. „რაციონალური” ფსიქიკის ანუ აზროვნების ჩანასახის არსებობას. მაგრამ ეს ცხოველთა ფსიქიკის განვითარების უმაღლესი დონეა. შედარებით დაბალ საფეხურებზე მათი ფსიქიკა უფრო პრიმიტიულია და სხვა ნიშნებით ხასიათდება. როგორც ყველა შედარებითი ფსიქოლოგი, იერქსიც მსჯელობდა ცხოველებთან ფსიქიკის კრიტერიუმების თაობაზე, რომლებშიც ორ ჯგუფს გამოყოფდა. პირველში ე.წ. სრუქტურული კრიტერიუმები შედია: მაგ., ცხოველი შეიძლება მივიჩნიოთ ფსიქიკის მტარებლად, რადგანაც აქვს საკმარისად განვითარებული ნერვული სისტემა. სამწუხაროდ, ეს ვერ ჩაითვლება სანდო კრიტერიუმად, ვინაიდან არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა ორგანიზმის მორფოლოგიურ-სტრუქტურული აგებულების სირთულესა და მის „ინტელექტუალობას” შორის. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი და სანდოა ე.წ. ფუნქციონალური კრიტერიუმები. ისინი ქცევის ისეთ მახასიათებლებს ეხება, რომლებიც მის „გონივრულობაზე” მიუთითებენ. მკვლევართა უმეტესობას „გონიერების” ქცევით გამოხატულებად ცხოველის დასწავლის უნარიანობა მიაჩნდა. მაგრამ დასწავლა შეგუების ერთერთი ფორმაა {ადაპტაცია}. ზოგადად შეგუების თვისებაში კი, იერქსის მიხედვით, ფსიქიკური მოქმედების მინიმუმ სამი სახე-დონე შეიძლება გამოიყოს:

  1. განმასხვავებელი ფსიქიკა, რომლის მეშვეობით ორგანიზმებს შეუძლიათ ერთი სტიმული მეორისგან განარჩიონ {დისკრიმინაცია};
  2. „ინტელექტუალური” ანუ უნარიანობის ფსიქიკა, რაც, არსებითად, დასწავლის უნარიანობაში ვლინდება;
  3. რაციონალური ფსიქიკა, რომელიც ცხოველის „გონივრულ” ქცევაში ვლინდება {ინსაიტი}.

იერქსმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ჭიაყელას დასწავლის უნარიანობა ანუ პირობითი რეფლექსის გამომუშავების უნარიანობა აქვს - მაგ., T-ს ფორმის ლაბირინთში დაისწავლის, რომ მარჯვნივ მიუხვიოს, რადგან მარჯვნივ საკვები ხვდება ხოლმე, მარცხნივ კი - ზუმფარა (ამ ჭიაყელას „ჰარვარდში განათლებამიღებული ჭიაყელა” უწოდეს). ძალიან საინტერესოა, რომ ჭიებზე გაცილებით უფრო მაღალგანვითარებულ ცხოველებს, მაგ., ფუტკრებსა და სხვა მწერებს, დასწავლის უნარიანობა არ გააჩნიათ. ეს ფაქტი უაღრესად საყურადღებოა ევოლუციის კანონზომიერებათა ნათელსაყოფად. მწერებს ყველა სხვა ცხოველებთან შედარებით ყველაზე რთული და მრავალრიცხოვანი ინსტინქტების სისტემა აქვთ თანდაყოლილი (მათ შორისაა მრავალი სოციალური ინსტინქტიც). მაგრამ ეს სისტემა სრულიად ხისტი და გახევებულია. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოა, რომ მწერების ფსიქიკას დასწავლა არ ძალუძს, ხოლო ჭიების ფსიქიკას მცირე მოქნილობა მაინც აქვს. ესეიგი ჭიების შემდეგ ევოლუცია სამი მიმართულებით განვითარდა (ტეიერ დე შარდენი): პირველი, ზეაღმავალი მიმართულებით (არომორფოზით) წარმოიშვნენ ხერხემლიანები, მოქნილი ფსიქიკით - რომელთა შემდგომი ზეაღმავალი განვითარებით დასწავლის უნარიანობამ უმაღლეს დონეებს მიაღწია. მეორე მიმართულებით წარმოიშვნენ მწერები, სრულიად ხისტი ფსიქიკით - ერთგვარი „ევოლუციური ჩიხი“. თუმცა ახალ-ახალ სახეობათა წარმოშობის მხრივ მწერები ყველა სხვა ცხოველზე უფრო ძლიერები და ნაყოფიერები არიან, მაგრამ ესაა არა ზეაღმავალი ევოლუცია, არამედ „ჰორიზონტული“ {იდიოადაპტაცია}. მესამე მიმართულება იყო დაღმავალი ცვლილება, ინვოლუცია {დეგენერაცია}, რომლის შედეგად ჭიების მრავალი პარაზიტული სახეობა წარმოიშვა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები