მხარგრძელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ივანე მხარგრძელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე მხარგრძელიმსახურთუხუცესი 1191-1205 წწ. ათაბაგი 1205-1227 წწ., ამირსპასალარი 1212-1227 წწ., მხარგრძელთა ძლიერი საგვარეულოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელსაც XII საუკუნის ბოლო ათწლეულიდან XIII ს-ის 20-იანი წლების დასასრულამდე ყველა უმაღლესი თანამდებობა ეპყრა საქართველოს სამეფო კარზე. სარწმუნოებრივი აღზრდით მონოფიზიტი ივანე მხარგრძელი ქალკედონიტი მეუღლის გავლენით ჯერ კიდევ მსახურთუხუცესობის პერიოდში მოქცეულა ქალკედონურ მრწამსზე.

ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1205-1207 წწ-ში, თამარ მეფემ მსახურთუხუცეს ივანე მხარგრძელს მისივე თხოვნის საფუძველზე ათაბაგობა უბოძა, რითაც ივანემ უფლისწულის აღმზრდელის სტატუსი მოიპოვა და მეფის უახლოესი მრჩეველი შეიქნა. არსებობს მოსაზრება, რომ ათაბაგობა ივანემ მიიღო უფრო ადრე, დავით სოსლანის გარდაცვალების (1205) შემდეგ. როდესაც ზაქარია მხარგრძელი მიიცვალა, ივანეს გადაეცა მეურვეობის უფლება ზაქარიას მცირეწლოვან ძეზე – შანშე მხარგრძელზე. მანვე მიიღო ზაქარიას ნაქონი თანამდებობები – ამირსპასალარობა და მანდატურთუხუცესობა მათთან დაკავშირებული სამფლობელოებითურთ. მანდატურთუხუცესად იხსენიება ივანე კოშის (სომხეთი) თანადროულ ქართულ წარწერაში. ამრიგად, ივანე ათაბაგის ხელში ფაქტობრივად სამი უმაღლესი თანამდებობა აღმოჩნდა, რომელთაგან მანდატურთუხუცესობა დაახლოებით 1215 წ. მან თავის ძმისწულ შანშეს გადასცა. ამირსპასალარობა ივანემ შეინარჩუნა, შემდგომში ეს ხელი მისმა ძემ, ავაგ-სარგისმა მიიღო. შანშესათვის დაუთმია ივანეს ანისიც, რასაც ადასტურებს ჟამთააღმწერლის ცნობა 1225 წ. ხვარაზმელთა საქართველოში შემოჭრის შესახებ. ამ დროს ივანე ათაბაგის ხელთ ყოფილა დვინი, ხოლო ანისი უკვე ძმისწულისთვის ჰქონია გადაცემული.

ივანე ათაბაგი და ამირსპასალარი ხელმძღვანელობდა ყველა სამხედრო ოპერაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. მან ჩაახშო დიდოელთა და „ყოველთა მთეულთა“ ამბოხი. როდესაც ლაშა გიორგიმ განჯაში ილაშქრა, საალყო ოპერაცია ივანე ათაბაგის დაუკითხავად დაგეგმა და ჩაატარა, რამაც ივანე ძლიერ გაანაწყენა და მეფეს საყვედური უთხრა. აღსანიშნავია, რომ მეფემ მოიბოდიშა ათაბაგის წინაშე, ცხენიდან ჩამოხტა და შენდობა სთხოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლაშა გიორგი შემდგომშიც ცდილობდა შეეკვეცა ყოვლისშემძლე ათაბაგის უფლებები და მისგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტა სახელმწიფო საქმეები. საბოლოოდ, ლაშასაგან განაწყენებული ივანე ათაბაგი და მასთან ერთად მსახურთუხუცესი ვარამ გაგელი სამეფო დარბაზს ჩამოშორდნენ. ივანე ათაბაგმა თავის რეზიდენციაში, ბიჯნისში, შეიტყო გაგის საზღვრებთან მონღოლების მოახლოვების ამბავი და ლაშა-გიორგის აცნობა. ლაშა 80 ათასიანი ჯარით შეეგება მონღოლებს გაგის ბოლოს. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, ივანე ათაბაგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

სამეფო ხელისუფლების დასუსტებამ და საგარეო ძალის გააქტიურებამ უეჭველი გახადა ათბაგ-ამირსპასალარის თანამდებობის მეტი ქმედითობა და იერარქიული უპირატესობა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელზე. სომეხი ავტორის გრიგოლ აკანელის ცნობით, „რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“. ათაბაგის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობებისა და მონღოლთა გაბატონების შემდეგ. ივანე სარდლობდა ქართველთა ჯარს ხვარაზმელთა წინააღმდეგ გარნისის ბრძოლაში. ამ ბრძოლისას დაიღუპა შალვა ახალციხელი, რომელიც თორელთა ლაშქრით პირველი მიეგება მტერს. ჟამთააღმწერლის ცნობით, ივანე ათაბაგი შორიდან უჭვრეტდა თორელთა უთანასწორო ბრძოლას და ჯარი შეგნებულად არ მიუშველებია მათთვის, რის გამოც მემატიანე ამბობს: „შურითა იტყვიან ამას ყოფად და არ თუ შიშითაო“. ამ ეპიზოდში მჟღავნდება დაპირისპირება ივანე ათაბაგისა თორელ-ახალციხელთა სახლთან. შ. მესხიას ვარაუდით, ამ დაპირისპირების მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო შალვა ახალციხელის, როგორც ამირსპასალარობის ყველაზე რეალური კანდიდატის პრეტენზიები, რის დათმობას ივანე ათაბაგი არ აპირებდა.

გარნისის ბრძოლის შემდეგ ივანე ათაბაგი ისევ თავის რეზიდენციაში – ბიჯნისში – გაბრუნდა. ბიჯნისის სიახლოვეს შეხვდა იგი ჯალალედინს, რომელმაც მას წამოუყენა თავისი პირობები – ქორწინება რუსუდან მეფეზე, რათა მოახლოვებულ მონღოლებს ერთად აღდგომოდნენ წინ. ივანემ რუსუდანს კაცი გაუგზავნა და სულთნის დანაბარები შეატყობინა. რუსუდანმა ეს შეთავაზება, რასაკვირველია, განხილვის ღირსადაც არ ჩააგდო და უარი შეუთვალა, რის შემდეგაც ჯალალედინი თბილისზე წამოვიდა.

ივანეს ათბაგობის დროს მის უფლებამოსილებაში გადასულა მანამდე მწიგნობართუხუცესის საურავი სამეფო მონასტრები. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სტეფანოზ ორბელიანთან დაცული ცნობა, რომლის თანახმად, 1216 წ. ნორავანქსა და ტათევის ანტიქალკედონიტურ სომხურ მონასტრებს შორის საკვირველმოქმედი ჯვრის გამო წარმოებული დავა ათაბაგ ივანე მხარგრძელის მეთაურობით გაურჩევიათ დვინში. ამ შემთხვევაში ივანე მოქმედებდა, როგორც საქართველოს სამეფო კარის უმაღლესი მოხელე – ათაბაგი და ამირსპასალარი. ანტიქალკედონურ სომხურ სავანეებს შორის დავის გარჩევა ივანეს რამდენიმე სომეხ საერო წარჩინებულთან ერთად მიუნდვია ქართველი დიდებულებისათვის და საქართველოს ეკლესიის ქალკედონიტი მესვეურებისათვის, მათ შორის დიდი ჭყონდიდელისათვის, „რომელიც მოსულიყო სამეფოდან“, ვარძიისა და ახტალის (პღნძაჰანქის) წინამძღვრებისა და გარეჯის დიდი მამამთავრისათვის. ივანე ათაბაგი გარდაიცვალა 1227 წ.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები