აბულეთისძე ივანე (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ივანე (III) აბულეთისძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე (III) აბულეთისძეათაბაგ-ამირსპასალარი 1260-იან -1272 წწ-ში. შვილიშვილი კახეთის ერისთავ ივანე (II) აბულეთისძისა, შვილი ძაგან აბულეთისძისა. ავაგ ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ ათაბაგის სახელოსა და ავაგის საგამგებლო სამფლობელოებისათვის („ავაგის სახლი“) ხანგძლივი ბრძოლა, რომელიც, ერთი მხრივ, კახეთის დიდგვაროვან აბულეთისძეებს და რეაბიტირებულ ორბელებს, ხოლო მეორე მხრივ, მონღოლთა კარზე აღზევებულ „უგვარო“ მედროვე სადუნ მანკაბერდელს შორის მიმდინარეობდა, დროებით ივანე აბულეთისძის გამარჯვებით დასრულებულა.

ივანე აბულეთისძის სახელი პირველად ჩნდება ძაგან აბულეთისძის მიერ 1259 წ. მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულ შეწირულების დაწერილში (ხეც, Ad-5), სადაც იგი მოიხსენიება თავისი მამის (ძაგანის) საბუთის დამამტკიცებელთა შორის. ივანე აბულეთისძე ათაბაგ-ამირსპასალარად იხსენიება დემეტრეს მეფობის დროს შესრულებულ ბარანის ციხის ასომთავრულ წარწერაში, რომელშიც ჩანს მინიშნება აბულეთისძეთა საგვარეულოს დამსახურებაზე სამეფო ხელისუფლების წინაშე: „მე, ივანე აბულეთისძემან, ათაბაქმან და ამირსპასალარმან, დმანისი წავიღე და ციხე ავიღე და კირი თან ჩამოვიტანე. ესე ქუეყანაჲ დიდთა ჟამთა ოჴერი და საშიში იყო. ოთხსა თუესა ესე ციხე ავაგე მეფობასა დიმიტრი მეფეთ მეფისასა. და შემდგომდ ჩუენსა ღმერთმან თქუენ ესეთი ჟამი მოგეცინ, რომელ სადგომი თქუენი ბაღდადი იყოს ერთგულებასა შინა დიმიტრისასა. ამინ.

ბოლოდროინდელი გამოკვლევებით (ნ. თორთლაძე, გ. ოთხმეზური) ეჭვქვეშ არის დაყენებული ბარანის ციხის წარწერის XIII საუკუნით დათარიღება და იგი, სავარაუდოდ, დემეტრე I-ის ზეობის დროს შესრულებულად იქნა მიჩნეული. ამ მოსაზრების თანახმად, წარწერაში მოხსენიებული უნდა იყოს ივანე (I) აბულეთისძე, რომელიც ივანე (I) ორბელის გარდაცვალების (1128) შემდგომ დაინიშნა ამირსპასალარად, ხოლო დმანისის აღების შემდეგ ამ მხარის – დმანის-ლორე-ტაშირის ათაბაგად ანუ გამგებლად (გ. ოთხმეზური). მაგრამ ამ მოსაზრების გაზიარებას აძნელებს ბარანის წარწერაში ბაღდადის მოხსენიება, რომელიც უნდა გულისხმობდეს 1258 წ. მონღოლთა ლაშქრობას ბაღდადზე. ივანე (III) აბულეთისძე ათაბაგ-ამირსპასალარი უნდა ყოფილიყო 1260-იან წწ-დან ვიდრე დემეტრე II-ის გამეფების პირველ წლებში (1272 წ. ჩათვლით). XIII ს-ის 70-იან წწ. დასაწყისში ბრძოლა ავაგის სახლისა და ათაბაგის თანამდებობასათვის სადუნის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მისგან ლტოლვილი ორი ძმა აბულეთისძეები, როგორც ჩანს, ივანეს შვილები, აჰმადა ყაენის ძმამ ყონღარდამ საბერძნეთში დაახოცინა.


ლიტერატურა და წყაროები

ჟამთააღმწერელი 1959: 282; ქისკ 1984: 141; შანიძე, ცისკარიშვილი 1968: 17-26; მურადიანი 1977: 231, 228-229; ბერძენიშვილი 1966ა:74-113; კიკნაძე 1982: 195, შენ. 72; ოთხმეზური 2015:201-215.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები