იკვის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იკვის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის მდინარე შაბწყალას მარჯვენა ნაპირზე, ტყით დაფარულ მთებში. სამხრეთ-დასავლეთით თაეღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939-40 წწ. ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარდა აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.

სარჩევი

აღწერილობა

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (9X7,2 მ), ნაშენია ნატეხი ქვით. ფასადების მოსაპირკეთებლად თაღებზე, სვეტებზე და სხვა კონსტრუქციულ ნაწილებზე გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი ორი აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან (უფრო განიერია). ცენტრალური სივრცე იქმნება ჯვრის ოთხი მკლავით, რომელთაგან სამი მოკლე და სწორკუთხაა, ხოლო მეოთხე აღმოსავლეთით ღრმაა და აფსიდით მთავრდება. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. საკურთხეველში ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. კანკელი თაღოვანი იყო, შუაში აღსავლის კარით. აფსიდის გვერდებზე გეგმით ოთხკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს თითო პატარა მრგვალი სარკმელი აქვს და დარბაზს სწორკუთხა კარით უკავშირდება. თითო სარკმელია დასავლეთის და სამხრეთის მკლავში. დარბაზის მაღალი კამაროვანი მკლავების გადაკვეთაზე ასევე მაღალი გუმბათია აღმართული. იგი ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა. გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, გუმბათქვეშა თაღები პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. გუმბათის ყელში გაჭრილია ექვსი სარკმელი, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებთან, მკლავებს შორის, დიაგონალებზე მცირე ზომის ღია სამლოცველო ნიშებია. კუთხის პილასტრებზე აჟურული ფესტონებითა და ორნამენტით მორთული თაღები გადადის. კამარით გადახურული სამკუთხა სივრცის შიგნით ფართო ორნამენტიანი არშიით მორთული ნახევარწრიული ნიშებია.

ინტერიერის მოხატულობა

ინტერიერის მოხატულობა თარიღდება XI საუკუით. დაზიანებულია მოხატულობის ზედა ნაწილი აფსიდის კონქში, გუმბათის კამარაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების ზედა რეგისტრებში. აფსიდის მეორე რეგისტრში შემორჩენილია ეკლესიის მამათა გამოსახულებების კონტურები, სარკმლის ქვემოთ – ხატი მანდილისაი, სარკმლის კედლებზე ორი დიაკვნის ფიგურაა. სატრიუმფო თაღის ცენტრში გამოსახულია ჯვარი, ხოლო თაღის ქანობებზე ორი კომპოზიციაა: ჩრდილოეთით – ქრისტე მოციქულ პეტრესთან ერთად, სამხრეთით – ქრისტე მოციქულ პავლესთან ერთად, გუმბათის ყელის მხატვრობა ორ რეგისტრად იყოფა: სარკმლებს შორის გამოსახულია ათი მოციქული, აღმოსავლეთით – ღვთისმშობელი ორანტას პოზაში. მომდევნო რეგისტრში, სარკმლების ქვემოთ, რამდენიმე სცენაა: აღმოსავლეთით ფერისცვალების ფრაგმენტია, ჩრდილოეთით – ჯვარცმა, სამხრეთით – გარდამოხსნა, დასავლეთით – დატირება.

სამხრეთი მკლავის მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად. ზედა რეგისტრის მხატვრობა დაზიანებულია. შემდეგ რეგისტრში, სამხრეთ კედელზე გამოსახულია შობა; ამავე რეგისტრში, დასავლეთ კედელზე – მირქმა, აღმოსავლეთ კედელზე გაურკვეველი ფრაგმენტებია. ქვედა რეგისტრში წშინდა თევდორეს, წშინდა ესტატეს, წშინდა დემეტრეს; წშინდა პროკოფის, წშინდა მერკვილესა და წშინდა ნესტორის ნახევარფიგურებია.

ჩრდილპეთი მკლავი დათმობილი აქვს წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს, ზედა რეგისტრში გამოსახულია ურმის თვალზე წამება, მომდევნო რეგისტრში – ეშმაკის კლდეში მომწყვდევა. ჩრდილოეთ კედელზე ორი სცენაა გამოსახული: ზედა რეგისტრში – ლასია ქალაქის მოქცევა; ქვედა რეგისტრში წმ. გიორგიმ ტყვე დაუბრუნა მშობლებს; დასავლეთ კედელზე გამოსახულია წამება გავარვარებული რკინის ლურსმნიანი ფეხსაცმლით, ქვედა რეგისტრში – სასწაული სარკინოზზე.

დასავლეთ მკლავში განკითხვის დღის სხვადასხვა სცენაა: ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს, აბრაამის წიაღი, აქებდეთ უფალს, სამოთხე. გარდა განკითხვის დღისა, ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია იერუსალიმს შესვლა. ამავე კედლის სარკმლის თაღში – ჯვარი, ხოლო წირთხლებში წმინდანებია გამოსახული (ერთ-ერთი წმ. ქრისტეფორეა). კარის ლუნეტში შემორჩენილია ორი ფიგურის ფრაგმენტი. დასავლეთ მკლავის მოხატულობა მკვეთრად განსხვავდება ძირითადი მოხატულობისაგან. მას ახასიათებს წერის გრაფიკული მანერა, გამოსახულებათა მცირე ზომები, კოლორიტში ჭარბობს მომწვანო-ზურმუხტისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მოხატულობის ძირითადი ფერებია: მოწითალო-ყავისფერი, მონაცრისფრო, მოვარდისფრო. საერთოდ მოხატულობას ახასიათებს გამოსახულებათა დიდი ზომები, მონუმენტური პრინციპით აგება.

ეკლესიის ფასადი

ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული. მორთულობის მთავარ მოტივს დეკორატიული თაღედი წარმოადგენს. განივ ფასადებზე სამ-სამი თაღია. ამათგან ცენტრალური მაღალი და მთელი მკლავის სიგანისაა, გვერდითები გაცილებით დაბალია და სიგანით ცალფერდა მონაკვეთების ტოლი. სამხრ. ფასადი ასიმეტრიულია. ცენტრ. დეკორატ. თაღი განიერი და მაღალია, ხოლო მარჯვენა მონაკვეთზე ორი ერთნაირი ზომის დაბალი დეკორატიული თაღია. დასავლეთ ფასადი განსხვავებულია – მთელი სიბრტყე მხოლოდ ერთ მაღალ დეკორატიულ თაღს უჭირავს. მკლავებს შორის კუთხე თაღებით სამკუთხედაღაა შეკრული, ხოლო თვით თაღი მორთულია ფესტონებით. მდიდრული მორთულობით გამოირჩევა სამხრეთი და დასავლეთი პორტალები. მათ შემოვლებული აქვთ ფართო ორნამენტიანი არშიები. ტიმპანები მთლიანად ჩუქურთმითაა დაფარული ორნამენტირებულია სარკმლების საპირეებიც. აღმოსავლეთით ორნამენტირებული რომბებიცაა. დასავლეთი ფასადის გვერდით მონაკვეთებს თითო ორნამენტიანი ნიში აქვს. ექვსი გრეხილლილვებიანი თაღით და პილასტრებით არის შემკული გუმბათის ყელი. ყოველი თაღის ცენტრში სარკმელია განიერი ორნამენტიანი არშიით. გუმბათი ორნამენტიანი ფრიზითა და ლავგარდნით მთავრდება.

სათავსი

ეკლესიაზე დასავლეით, მთელ სიგრძეზე საკმაოდ მოზრდილი სათავსია მიშენებული. კარგადაა შემონახული მისი დასავლეთი კედელი. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები და გადახურვა დანგრეულია. სათავსს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ერთი სარკმელი ყოფილა დასავლეთით.

ეკლესიას შემოვლებული ჰქონდა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი (შემორჩენილია ნანგრევები).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები