იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი

იკორთა (ინგლ. Ikorta) – XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი. მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ იკორთას განაპირას, მთის კალთაზე.

ისტორია

ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ იკორთის ტაძრის ადგილზე ადრე სამონასტრო კომლექსი ყოფილა გალავნით, კოშკებით, სატრაპეზოთი, წინამძღვრის საცხოვრებლით, ბერების სენაკებით, დამხმარე ნაგებობებით და სხვ. გვიანი შუა საუკუნეებიდან მონასტერი და, საერთოდ, ეს მხარე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ კი მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორიები სიმაგრეებად უქცევიათ. იკორთის სამონასტრო კომპლექსიდან აღარაფერია შემორჩენილი მთავარი ტაძრის გარდა. მისი მშენებლობის შესახებ ცნობებიც მხოლოდ ძეგლის კედლებმა შემოინახეს. ეკლსიაზე რამდენიმე წარწერაა: ტაძრის დასავლეთი ფასადის დიდ წარწერაში მითითებულია, რომ იკორთის ტაძარი აიგო 1172 წელს. ქტიტორთა სახელები იკითხება წარწერაში აღმოსავლეთი ფასადის დიდი ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვეშ. ტაძრის შესახებ ცნობებს შეიცავს დასავლეთ ფასადზე განთავსებული სხვადასხვა დროის წარწერებიც. XIII საუკუნეში მტრის შემოსევების შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანებულა, რომლის მცირე აღდგენითი სამუშაოები XIV საუკუნეში ჩაუტარებია იოანე ქსნის ერისთავს. ახალი მშენებლობა ქართლის მეფე (1658-1675 წწ.) ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზი) დროს, 1672 წელს დაწყებულა და მასში აქტიურად მონაწილეობდა იესე ქსნის ერისთავი. მას საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაუტარებია – აუგია ბევრი დამხმარე ნაგებობა, სამრეკლო, განუახლებია მთავარი ტაძარი. სამწუხაროდ ამ ნაგებობებიდან არაფერი არ შემორჩენილა. 1739 წელს მტერს სამრეკლოც დაუქცევია, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოს გალავანიც აღარ არსებობდა. რუსეთის მთავრობამ 1811 წლიდან მონასტერი გააუქმა და იკორთის დიდებული ტაძარი ჩვეულებრივ სასოფლო ეკლესიად აქცია. ხუროთმოძღვრული ძეგლი რესტავრირებული იყო საბჭოთა დროს. 1991 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იკორთაში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. (ამჟამად ტაძარი დაზიანებულია ბოლო წლებში ამ ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი კონფლიქტის შედეგად).

აღწერილობა

გუმბათის ყელი

ცენტრალურ-გუმბათოვანი იკორთის ტაძარს გეგმით არცთუ ძალიან წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს. გუმბათი საკურთხევლის ბემის რვაწახნაგა ფორმის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ასევე რვაწახნაგა სვეტს ეყრდნობა. შიდა სივრცეს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რომელშიც საკურთხეველია განთავსებული. აღმოსავლეთის მკლავს აფსიდის კონქი ამთავრებს, დანარჩენი კი კამარებითაა გადახურული. აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, მათ თავზე კი მცირე ოთახებია მოწყობილი, ისინი შიდა სივრცეში თაღოვანი მალებით არიან გახსნილნი. გარდა გუმბათის საყრდენი ბოძებისა, დასავლეთ მკლავს დამატებით სვეტების წყვილი, ხოლო მეორე სართულზე სამმხრივი პატრონიკე აქვს გამართული. უნდა აღინიშნოს, რომ იკორთაში პარტონიკეს უკვე აღარ აქვს პრაქტიკული გამოყენება, ეს ნახევრადბნელი ხუროთმოძღვრული ელემენტი თითქმის გამოთიშულია მთავარი სივრცისგან და მას არც ასასვლელი კიბე გააჩნია (აქ მხოლოდ მისადგმელი კიბით შეიძლებოდა მოხვედრა). ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. აგრეთვე, აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების სამ-სამი, ხოლო დასავლეთის ორი სარკმლიდან შემოსული შუქით. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), შესასვლელი აქვს სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან. ახლანდელი დასავლეთი კარიბჭე გვიანდელი მინაშენია. ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის აღმოსავლეთი ფასადის დეკორი თითქმის იმეორებს ფორმულასავით ჩამოყალიბებულ სამთავისის საკურთხევლის ფასადის კომპოზიციას. ორნამენტაციის სიმდიდრით ტაძარს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია იმ დროის საეკლესიო ნაგებობებს შორის. აღსანიშნავია ფასადებზე გამოყენებული ათამდე გეომეტრიული მოტივი, რომელიც XI საუკუნეში გაჩნდა და ასეული წლების განმავლობაში გასდევდა ქართულ ხუროთმოძღვრებას. კედლები აშენებულია თლილი, ფლეთილი ქვითა და აგურით. ეკლესიის გარეთა ზომებია: 14,0×19,0 მ., სიმაღლე შიგნით 20 მ-მდე.

იკორთას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრული სტილისტიკური თავისებურებებით უადრესი ნიმუშია XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.

იკორთა გვიანი შუა საუკუნეებიდან ქსნის ერისთავთა საძვალე იყო. აქ განისვენებენ კახეთის აჯანყების (1659 წ. ბახტრიონის ბრძოლა ყიზილბაშთა წინააღმდეგ) მეთაურები ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, რომელთა ნაწამები ნეშტებიც, საკმაო ხნის გასვლის შემდეგ, ირანიდან გადმოასვენეს და მალულად დაკრძალეს ტაძარში. იკორთაშია აგრეთვე, ცნობილი დრამატურგის, პოეტის, თეატრის მოღვაწის გიორგი ერისთავის და ქსნის ერისთავების საგვარეულოს სხვა წარმომადგენელთა საფლავები.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები