ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია II-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი. ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წელს ქ. ორჯონიკიძეში, სადაც 1927 წ. მისმა მშობლებმა შეიძინეს ბინა და დროებით იქ დასახლდნენ. მამამისი - გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი, დაიბადა ყაზბეგის რაიონის სოფ. სნოში, ხოლო დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე - სოფ. სიონში, ყაზბეგისავე რაიონში.

ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს თავი გამოუჩენია ბრძოლაში ვინმე სნოს. მეფეს, სნოს თხოვნით, მოუნათლავს მისი ვაჟი და ღუდუშა უწოდებია, სნოს სახელზე კი ციხე აუშენებია. ღუდუშაურები ხევში ცხოვროვბდნენ სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ არ დაკარგულიყო, მისი პირდაპირიი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო, სამეფო სახლიდან და მას ამიტომ „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ აგრეთვე არსებობს ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმიდესი და უნეტარესი ილია მონათლული იქნა ქ. ორჯონიკიძის ქართულ ეკლესიაში. მისი ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) ყოფილი წინამძღვარი ბედიის მონასტრისა, ხოლო ბოლო ხანებში კი - წინამძღვარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრისა. იქვეა დასაფლავებული.

საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1952 წელს, ირაკლი ღუდუშაურმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1956 წელს წარჩინებით და იმავე წელს მიღებულ იქნა მოსკოვის სასულიერო აკადემიის I კურსზე. 1960 წელს აკადემიაც ასევე წარჩინებით დაამთავრა.

1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის კურთხევით, ირაკლი შიოლაშვილი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად ილია, იმავე წლის 18 აპრილს ბერი ილია სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკონად (სიტყვა „ილია“ ნიშნავს ღვთის ძალას, ხოლო ირაკლი - „ჰერკულესს“, ძლიერებას).

1959 წლის 10 მაისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა ალექსიმ ბერი ილია აკურთხა მღვდელ-მონაზვნად.

აკადემიის IV კურსზე სწავლისას მღვდელ-მონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა ბიზანტიოლოგიის დარგში თემაზე „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. აკადემიის დამთავრების შემდეგ, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ დატოვებულ იქნა აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიანტად, მაგრამ მას სურდა, მალე ჩამდგარიყო თავისი საყვარელი ქართული ეკლესიისა და მისი ხალხის სამსახურში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც უწმიდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ განწესებულ იქნა მღვდელმსახურად ბათუმის საკათედრო ტაძარში, სადაც 1960 წლის 19 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ, ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად, ამავდროულად იგი დანიშნეს მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველ რექტორად.

1967 წლის 1 სექტემბერს უწმიდესი და უნეტარესი ილია II აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად და იმავე წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

1972 წელს განთავისუფლებულ იქნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობიდან მისი პირადი თხოვნით. ამავე წელს მიიღო ჯილდოდ მეორე პანაღიის ტარების უფლება, 1975 წელს კი - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია დაჯილდოებულია საქართველოსა და სხვა ეკლესიათა ორდენებით.

მიტროპოლიტი ილია გულმოდგინედ ასრულებდა და ასრულებს მშობლიური ქართული ეკლესიის ტკბილ-მწრე სამსახურს; უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვა-კურთხევით ეწეოდა დაუცხრომელ მამულიშვილურ მოღვაწეობას, იღებდა მონაწილეობას მრავალ ფორუმში მშვიდობის დაცვისათვის, როგორც მათ უწმიდესობასთან ერთად, ასევე მათი ლოცვა-კურთხევით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართული ეკლესიის უწმიდესი სინოდის გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა ქართული ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს მეთორმეტე საეკლესიო კრების მიერ არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსად, ხოლო იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია.

ილია II კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ უფრო ენერგიულად შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განმტკიცების ურთულეს საქმეს. ყველაზე მეტად აწუხებდა, რომ დაკარგული იყო დიდმნიშვნელოვანი დოკუმენტი - ავტოკეფალიის დამადასტურებელი სიგელი. ამ საკითხთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1963 წ. კუნძულ როდოსზე მიმდინარე ერთ-ერთ კონფერენციაზე ილია II-ს მოსვლია კამათი მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლობასთან.

1979 წ. მაისში ილია II და საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრირქოს, სადაც ილია II-მ კატეგორიულად მოითხოვა სამი საკითხის განხილვა: 1 - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2 - ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული; 3 - საქართველოს ეკლესიის ადგილის შესახებ მართლმადიდებლურ ელესიათა დიპტრიხში.

საპასუხოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ისტორიული დოკუმენტები მოითხოვა.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ილია II-მ შემოიკრიბა ქართველი მეცნიერები და თანადგომა და თანამშრომლობა სთხოვა მათ.

ნელ-ნელა ივსებოდა და იზრდებოდა დოკუმენტებისა და საბუთების რაოდენობა.

1982 წ. 3 ივლისს ოფიციალური წერილებით, რასაც თან ახლდა უკვე მოპოვებული დოკუმენტები, მიმართა უწმიდესობამ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურს.

და აი, 1990 წ. 7 იანვარს ჩვენს ეკლესიას ეწვია მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი და განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული აღიარებული იქნა. მან ილია II-ს ჩამოუტანა სიგელი, რომელსაც უწმიდესი და უნეტარესი ილია II უნდა გასცნობოდა და ხელი მოეწერა.

8 იანვარს ილია II გაეცნო სიგელის ტექსტს, რომელშიც მისი მოთხოვნით შეტანილ იქნა ორი ცვლილება: პირველი - ნაცვლად სიტყვებისა „ვამტკიცებ“ და „ვაცხადებ“ შეიცვალა სიტყვებით - „ვაღიარებ“ და „ვცნობ“ რაც უფრო მართებული იყო და ჩვენი ეკლესიის ისტორიას არ აყენებდა ჩრდილს. მეორე - მირონთან დაკავშირებით: სიგელის თანახმად ქართულ ეკლესიას მირონი კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან უნდა მიეღო - ეს სიმბოლური უნდა ყოფილიყო და არავითარი ვალდებულების წინაშე არ აყენებდა ქართულ ეკლესიას, მაგრამ რადგანაც ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოში მირონი მე-4 საუკუნიდან იხარშებოდა, ამიტომ ილია II-მ უარი განაცხადა: „მე არ ვიცი რა ბედი ეწევა, ან როგორ დადგება ეს საკითხი მას შემდეგ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით და მე შთამომავლობას ვერ დავუტოვებ საკამათო საკითხს; ვინ მაპატიებს საუკუნეების წინათ მოპოვებული უფლება დღეს ერთი ხელის მოწერით გავაუქმო“. სიგელის ეს პუნქტი ამოღებული იქნა.

მსოფლიო საპატრიარქო ცენტრმა მიიღო ქართული ეკლესიისათვის ისტორიული დადგენილება: საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ.

ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს არა ავტოკეფალიის მიღებასთან, არამედ ადრე, V ს-ში ჩვენი წინაპრების მიერ მოპოვებული ავტოკეფალიის აღიარებასთან კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქის, დიმიტრიოსის მიერ, ეს, რა თქმა უნდა, ისტორიული სამართლიანობის აღიარება და დიდი სიხარულია ქართული ეკლესიისა და მთელი ქართველი ხალხისათვის

ამ უდიდესი გამარჯვების შემდეგ აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ მისი უწმიდესობის კურთხევით აშენებული ყოვლადწმიდა სამების ტაძარი თბილისში ელიას მთაზე, რომელსაც თვით ილია II-მ დაარქვა ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ილია მეორემ ჩაიბარა მხოლოდ 52 ეკლესია 3-4 მღვდელმთავრითურთ, რის გამოც ამბობდნენ, რომ უწმიდესმა და უნეტარესმა „სუდარაგადაფარებული“ ქართული ეკლესია ჩაიბარა დღეს კი ათასზე მეტი ეკლესია და მასში ათეულობით ეპისკოპოსია.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს ეკლესიის ის ერთადერთი საჭეთმპყრობელია, რომელმაც 2002 წელს პაპანაქება სიცხეში კიბის ათასეული საფეხური აიარა ფეხშიშველმა სინას მთის იმ წვერამდე, სადაც მამა ღმერთმა სჯულის ფიცრები გადასცა მოსეს. სწორედ ამ ადგილზე უწმიდესმა და უნეტარესმა საქართველოსა და მასში მცხოვრები ხალხისათვის ასეთი სიტყვებით ილოცა:

„მამაო ჩვენო, - დიდება შენდა! ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა! სულო წმიდაო, - დიდება შენდა! ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!

ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული. უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთავარანგელოზნი დ ანგელოზნი, ურიცხვი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო: ოდეს ღვაწლითა თვისითა გაბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი.

...გევედრები უფალო, განუნათლე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყნისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა შენსა ივერიისასა.

დალოცე ჩვენი მშრომელი ხალხი, ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე. ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული და სიწმინდე მიანიჭე მათ. ღმერთო, განამტკიცე და განაძლიერე ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესია და მღვდელმსახურნი მისნი, ყვენ იგინი ნათელ ერისა, აღადგინე ტაძარი და მონასტერნი ჩვენნი და შეგვკრიბე საფარველსა ქუეშე შენსა.

გარნა რა გთხოვო, უფალო, მათთვის, რომელნი უარგყოფენ შენ, რომელნი ვლენან გზასა ცთომილთასა? გეაჯები, შეიწყალენ იგინი, მოაქციე და მრევლსა შენსა შეუერთე: „რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს...“


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები