იმედაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ იმედაშვილი

იმედაშვილი იოსებ ზაქარიას ძე - (23.III.1876, სოფ. ხაშმი, თბილისის მაზრ. - 5.V.1952, თბილისი) - საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“ გამომცემელ-რედაქტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. ადრე დაობლდა. 12 წლის თბილისის სახელოსნო-საზეინკლო სკოლაში სწავლობდა. მეორე კლასიდან გამორიცხეს რევოლიციურ მოძრაობაში ჩაბმის გამო. ამ დროს დააარსა ხელნაწერი ჟურნალი „თარი“. ჰქონდა ორატორობის ნიჭი, რომლის წყალობითაც ყურადღების ცენტრში მალე მოექცა.

1892-1893 წლებში ქაშვეთის უკან, ჯორჯაძის ქუჩაზე ფიქტიური წიგნსაბეჭდი გახსნა, რომელიც არალეგალურ შეკრების ადგილად იქცა. აქ ხვდებოდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, ლ. კეცხოველი ა. ფურცელაძე, მ. ჯავახიშვილი და სხვ.

1893 იოსებ იმედაშვილმა დააარსა პირველი მუშათა თეატრი - ავჭალის აუდიტორია, რომლის პირველი რეჟისორი და წესდების ავტორი თავად იყო. 1895 წლიდან ხელმისაწვდომ ფასად წიგნების გამოცემა დაიყწო. 1899 ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, პუშკინის ლექსები გამოსცა. 1902 წელს კი - გორკის თხზულებათა ქართული თარგმანი, აგრეთვე, ევდოშვილის ლექსები. 1902-1903 წლებში დააარსა ისნის სახალხო თეატრი (მურაშკოს სახლში), სადაც მეუღლესთან, ანა ჟურულთან ერთად თამაშობდა. 1903-1904 წლებში გაზ. „ივერიას“ საკვირაო ფელეტონებში დაიბეჭდა მისი რომანი „აახ-ვააახ!“ ეს იყო პირველი ქართული სატირული რომანი. მანამდე თანამშრომლობდა გაზ. „ცნობის ფურცელისა“ და „კვალის“. 1904 ქართულად გამოსცა „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (მეორედ 1918, მესამედ კი - 1928-ში). 1904 წლის იანვარში არალეგალური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს. 1910 დააარსა ყოველკვირეული ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“. გამოდიოდა 1914-1920 და 1923-1926 წლებში. ჟურნალი ეხმიანებოდა ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას. იბეჭდებოდა: კულტურული ცხოვრების ქრონიკა, წერილები, რეცენზიები, პიესები, ლექსები, ბიოგრაფიები, ნეკროლოგები, რეკლამები, მოწოდებები ქვეყნის კულტურული დაწესებულებებიდან და სხვ. უხვად იყო შემკული ფოტოებითა და ჩანახატებით, ხშირად იბეჭდებოდა კარიკატურები.

1917 გამოსცემდა გაზ. „ხალხის ერთობა“, მოგვიანებით კი - „ხალხის თავისუფლება“. 1918 წელს იყო უნივერსიტეტის დაარსების კრების მონაწილე. 1918 უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის თავისუფალ მსმენელად შევიდა. თეატრისა და უნივერსიტეტის დასახმარებლად ჟურნალში ლატარიას ბეჭდავდა. პოლიტიკურად თავისუფალი გარემო ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“ შეეხო. მის ფურცლებზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მიმდინარე კულტურული ცხოვრების პარალელურად, რესპუბლიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებიც შუქდებოდა, იბეჭდებოდა მთავრობის წევრების ფოტოები და ბიოგრაფიები. ჟურნალი ეხმიანებოდა ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს და ბრძოლაში დაღუპულ მეომრებზე ნეკროლოგებს აქვ ეყნებდა. სპეციალური ნომრები მიეძღვნა 26 მაისის დღესასწაულს - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადებას. ყოველივე იმედაშვილის აქტიურობითა და უშუალო მონაწილეობით ხდებოდა.

იოსებ იმედაშვილი წერდა ფსევდონიმებით „უსავანი“, „ი. წინამძღვარი“, „ი-ელი“, „წინ-არი“. 1920 ჟურნალის 10 წლის იუბილეს სპეციალური ნომერი მიეძღვნა, სადაც იოსებ იმედაშვილის არაერთი ფოტო დაიბეჭდა, წერილები მიუძღვნეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს ივ. გომართელმა, ი. მოსაშვილმა, დ. ნახუცრიშვილმა, დ. ახვლედიანმა, ალ. მირიანაშვილმა, ეკ. გაბაშვილმა, გ. ჯაბაურმა, კ. გერგესელმა, სვ. წერეთელმა. ამავე ნომერში დაიბეჭდა ლადო გუდიაშვილის ჩანახატი - იოსებ იმედაშვილი მუშაობის დროს. გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • გ. იმედაშვილი, ი. იმედაშვილის ცხოვრების გზაზე, თბ., 1984;
  • ი. იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ., 1978; ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1918-1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

იოსებ იმედაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები