ინაშვილი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ინაშვილი

ინაშვილი სანდრო იობის ძე (11.VIII.1887, თბილისი - 04.VI.1958, თბილისი) - საოპერო მომღერალი, ბარიტონი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა შეძლებული გლეხის, პროფესიით დურგლის ოჯახში. სწავლა რკინიგზის სასწავლებელში დაიწყო. აქ სიმღერას ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე ასწავლიდა, რომელმაც ჯერ საბავშვო, შემდეგ კი ხალხურ მომღერალთა გუნდში აიყვანა. ოჯახის ნათესავის, ბარიტონ კაზიმირ ცხომელიძის წყალობით, ეზიარა საოპერო ხელოვნებას და მისივე მეშვეობით, ნიკო სულხანიშვილის გუნდში მოხვდა სოლისტად. 1909 ზუბალაშვილების სახლში, ოპერა „ფაუსტში“ ვაგნერის პარტიას ასრულებს. ხმის დასახვეწად ვარჯიშს ნიკოლოზ კოვალენკოსთან იწყებს, რომლის რუსეთში წასვლის შემდეგ ევგენი რიადნოვთან აგრძელებს მეცადინეობას. 1912 წლის 21 დეკემბერს სახალხო სახლის სცენაზე „კარმენიდან“ ტორეადორის პარტიას ასრულებს, მალე - რიგოლეტოს, შემდეგ კი ჟერმონის პარტიას ვერდის „ტრავიატადან“. ამზადებს მრავალ პარტიას და ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას ასმენინებს. შედეგად, სერგი ევლახიშვილს საგასტროლო დასში აჰყავს. 1914 წელს ევგენი რიადნოვის სტუდიაში წარმოდგენილ მოცარტის „ფიგაროს ქორწინებაში“ ფიგაროს როლს ასრულებს. მის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს იოსებ გრიშაშვილიც თამაშობს. აქტიურად თანამშრომლობს ვანო სარაჯიშვილთან. 1913 წლის აპრილში აბესალომ და ეთერის მესამე აქტის დადგმაში ვანო სარაჯიშვილთან და უცხოელ მომღერლებთან ერთად გამოდის. 1916 წელს ექვსწლიანი საფუძვლიანი სკოლის გავლის შემდეგ, თბილისის სამუსიკო სასწავლებელს პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს.

1917 წლიდან ვ. სარაჯისვილთან, ო. ბახუტაშვილ-შულგინასთან და ო. კალანდაძესთან ერთად „ქართულ კლუბში“ ჩამოყალიბებული საოპერო დასის წევრია. 1919 წლის მღერის: ვაგნერის „ტანჰოიზერში“; ალ. წუწუნავას მიერ ქართულ ენაზე დადგმულ „დემონში“; აბდულ არაბის როლს დ. არაყიშვილის ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“; მურმანის პარტიას ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში“. ერთ სეზონში ოთხ-ხუთ პრემიერაში მღერის და ზედიზედ სამი თვის განმავლობაში მონაწილეობს მრავალ სპექტაკლში ( 5 ნოემბერს - „ტოსკა“; 6 ნოემბერს - „ტრავიატა“; 12 ნოემბერს - „აბესალომ და ეთერი“; 13 ნოემბერს - „სევილიელი დალაქი“; 14 ნოემბერს - კვლავ „აბესალომ და ეთერი“ და სხვ.) 1920 წლის დადგმულ იპოლიტოვ ივანოვის ოპერაში „ღალატი“ ოთარ ბეგის როლს ასრულებს.

1922 ვ. დოლიძის ოპერაში „ლეილა“ რევაზის როლს ასრულებს. 1923 წლის 23 მაისს, ვანო სარაჯიშვილისა და ა. სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით, სასწავლებლად იტალიაში მიდის და წარმატებით იწყებს მეცადინეობას პროფესორ ჯირალდონისთან. ნახევარი წლის შემდეგ სწავლას თავს ანებებს და გასტროლირებას მიჰყოფს ხელს. ანტრეპრეენიორი ლუზარდი ბრესტსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლებს სთავაზობს. აღნიშნულ წინადაებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოში ბრუნდება. სწავლობს და ასრულებს კიაზოს პარტიას ზ. ფალიაშვილის „დაისიდან“. 1926 მოსკოვის დიდ თეატრში წარმატებით გამოდის და ონეგინისა და ტორეადორის პარტიებს ასრულებს. 1928 წელს ზ. ფალიაშვილის ოპერა „ლატავრაში“ ინკუბუსის როლს ასრულებს, 1929 კი გორკის პარტიას მღერის ვ. დოლიძის ოპერა „ცისანაში“. (ზურაბ ლეჟავა)


ლიტერატურა

  • შ. კაშმაძე, „სანდრო ინაშვილი“ მონოგრაფია, თბ., 1957;
  • გ. გოგიჩაძე, „სანდრო ინაშვილი, როგორც მომღერალი და პედაგოგი“, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1957, №9;
  • გ. იარალოვი, „სანდრო ინაშვილი და ბათუმის თეატრი“, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1969, №12

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სანდრო ინაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები