ინგოროყვა პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე ინგოროყვა

ინგოროყვა პავლე იესეს ძე (დ. - 1.XI.1893, ფოთი - გ. - 20.XI.1983, თბილისი) - ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრი, მწერალთა კავშირის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ფოთის გიმნაზიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1912-1916).

პავლე ინგოროყვა აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ხელმოწერა ამშვენებს დამოუკიდებლობის აქტს. იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მოამზადა პარიზის საზავო კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებები საქართველოს მოსახლეობის და საზღვრების შესახებ. მასვე ეკუთვნის სდრის ადმინისტრაციული რეფორმის პროექტი (1920), რომელიც მომზადდა მთავრობის დავალებით, თუმცა განხორციელება ვერ მოესწრო.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პ. ინგოროყვა დაუბრუნდა სამეცნიერო საქმიანობას. იყო სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგე (1929), „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი (1936-1938). 1938, 1940 და 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის შესახებ. თუმცა მას ყოველთვის ავიწროებდნენ, არ მისცეს დისერტაციის დაცვის საშუალება, 1955 წელს უარი უთხრეს მეცნიერებათა აკადემიაში არჩევაზე. მისი მთავარი ნაშრომი „გიორგი მერჩულე“ (1954), საბჭოთა ცენზურამ, ანტიაფხაზური ბრალდებით, სტამბიდან ამოიღო და ტირაჟის დიდი ნაწილი გაანადგურა. პ. ინგოროყვამ დააარსა ჟურნალი „კავკასიონი” (1924), გამომცემლობა „ქართული წიგნი“ (1925-1933). ხელისუფლებამ ორივე დახურა ანტისაბჭოთა ბრალდებით. პ. ინგოროყვამ განსაკუთრებული წვლილი დასდო და მრავალი ნაშრომი უძღვნა რუსთველოლოგიურ კვლევებს: „რუსთველიანა“ (1926), „რუსთაველი და მისი პოემა“ (1937), „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა” (1940-1941), „რუსთველიანას ეპილოგი“ (1963) და სხვ.

ბონდო კუპატაძე

თხზულებები

პ. ინგოროყვა, თხზულებების სრული კრებული 7 ტომად, თბ., 1963-1978.

ლიტერატურა

  • რ. ჩხეიძე, ბედი პავლე ინგოროყვასი, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პავლე ინგოროყვა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები