ინდუშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარის თავი-სასაკმევლე, ბრინჯაო, ზღულური, ქარელის რაიონი,
(III-IV სს) სსმ, არქეოლოგიური გამოფენა

ინდუშა - მესხეთში ყოფილა შვიდი ძმა ათაბაგი. მათგან ორ ძმას საფარაში უცხოვრია. გადაუწყვეტიათ იქ მონასტრის აშენება. უფროსი ძმა კარგი ოსტატი ყოფილა, უმცროსი კი მისი შეგირდი. ერთი ხარი ჰყოლიათ, სახელად „ინდუშას“ ეძახდნენ. ხარს გამყოლი არ სჭირდებოდა თურმე. ტყეში დაუდებდა უმცროსი ძმა ქვას მარხილზე, თავისით წაიღებდა ხარი, მიიტანდა და აქ უფროსი ძმა გადმოტვირთავდა. ასე უზიდავს ამ ცალ ხარს მთელი ამოდენა ქვა საფარის მონასტრის ასაშენებლად.

ერთხელ, მონასტრის მოთავების ხანს, ხარს გზაზე შეუსვენია. მოსულა დათვი და ხარისათვის თავი და ცალი მხარი მოუჭამია. ერთი ცალი ქვა იქ დარჩენილა.

უფროს ძმას ვერ შეუმჩნევია ქვის დაკლება, ანგარიში შეშლია. უმცროსისათვის შემოუთვლია: მოთავდა მონასტერიო. უმცროსმა კი იცოდა, რომ ქვა გზაზე ეგდო და შემოუთვალა; არა, ერთი ქვა აკლია, მოვიტან და გათავებული იქნებაო. იმდენად სწყენია ოსტატს თავისი შეცდომა და შეგირდის გამარჯვება, რომ მონასტრის სახურავიდან გადმოვარდნილა. შეგირდს იმ ხარის სახე უთავოდ და უცალფეხოდ ქვაზე გამოუსახავს ეკლესიის კარის ზემოთ კუთხეში, მეორე მხარეს დათვის სახეა ამოკვეთილი. ხარის მიერ დატოვებული ქვა კი დღესაც იმ გზაზე გდია სოფელ ანდრიაწმინდასა და ანდასის საზღვარზე, ზედ საცეცხლურია ამოჭრილი. მას დღესაც „ინდუშას“ ქვას ეძახიან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები