ინსბრუკის ზამთრის XII ოლიმპიური თამაშები (1976)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინსბურკის სტადიონზე ორ ოლიმპიურ ფიალაში დაინთო ცეცხლი.

ინსბრუკის ზამთრის XII ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში 1976 წელს 4-15 თებერვალს.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის შერჩევისას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. 1970 წლის მაისში სოკ-ის 70-ე სესიაზე ზამთრის XII ოლიმპიური თამაშების მასპინძლად დენვერი (კოლორადო, აშშ) გამოცხადდა, მაგრამ 2 წლის შემდეგ კოლორადოელებმა ოლიმპიადის დაფინანსებაზე უარი თქვეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 1973 წელს სოკ-მა არჩევანი 1964 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქ ინსბრუკზე გააკეთა.

წარწერის ტექსტი

ინსბრუკმა, შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის ოლიმპიადა იხსნა და სანიმუშო ასპარეზობები ჩაატარა. ერთადერთი პრობლემა, ისევე, როგორც 12 წლის წინ, თოვლის ნაკლებობა იყო. ორგანიზატორებმა დასახმარებლად კვლავაც ავსტრიის ჯარს მიმართეს, მაგრამ თამაშებამდე ერთი კვირით ადრე მოთოვა და პრობლემაც აღმოიფხვრა.

ამერიკელი დოროთი ჰემილი

1964 და ახლა უკვე 1976 წლის ოლიმპიადების მასპინძლობის აღსანიშნავად, ცეცხლი ორ ოლიმპიურ ფიალაში დაინთო. ზამთრის ოლიმპიადებში პირველად მიიღო მონაწილეობა სან მარინომ, ხოლო ანდორამ ზოგადად ოლიმპიადებზე გამოსვლას ინსბრუკიდან დაუდო სათავე. ეს იყო ბოლო ოლიმპიადა, როდესაც ტაივანი ჩინეთის რესპუბლიკის სახელით გამოვიდა.

XII თამაშები ტექნოლოგიური სიახლეებითაც გამორჩეული გამოდგა. ციგურებით რბოლაში, სამთო თხილამურობაში და ტრამპლინიდან ხტომაში აეროდინამიური თერმოკოსტიუმები შემოიღეს, ასევე მოკვერცხილი ჩაფხუტები, რაც, თავის მხრივ, უკეთეს შედეგებს განაპირობებდა. ფიგურული ციგურაობის ოლიმპიურ პროგრამაში დებიუტი ჰქონდა სპორტულ ცეკვებს, სადაც გამარჯვება ლუდმილა პახომოვასა და ალექსანდრ გორშკოვის საბჭოთა დუეტს დარჩა. წყვილთა თანრიგში, ისევე, როგორც წინა ოლიმპიადაზე, ჩემპიონი გახდა ირინა როდნინა (სსრკ), მაგრამ ამჯერად ამ წარმატებას სხვა პარტნიორთან – ალექსანდრ ზაიცევთან ერთად მიაღწია. ამერიკელმა ტერი კუბიჩკამ ამ სახეობის ისტორიაში პირველმა და უკანასკნელმა ლეგალურად შეასრულა სახიფათო უკან სალტო (ბექფლიპი). მიუხედავად ასეთი რისკისა, კუბიჩკა პრიზიორთა მიღმა აღმოჩნდა, სალტოს უკან შესრულება კი ოლიმპიადის შემდეგ აიკრძალა (1988 წლის ნაგანოს ოლიმპიადაზე აკრძალული სალტო გააკეთა ფრანგმა სურია ბონალიმ, რომელსაც საპრიზო ადგილის დაკავების შანსები აღარ ჰქონდა).

როზი მიტერმაიერის დამსახურებით, სამთო მოთხილამურეთა შორის მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით პირველობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნარმომადგენლებს დარჩათ. მიტერმაიერმა გაიმარჯვა სწრაფდაშვებასა და სლალომში. იგი ახლოს იყო სამგზის ჩემპიონობით ავსტრიელი ტონი ზაილერისა და ფრანგი ჟან-კლოდ კილის მიღწევა გაემეორებინა, მაგრამ კანადელ კეტი კრეინერთან 12 მეასედი წამით დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა. 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია რაისა სმეტანინას ანგარიშზეც, რომელიც ბარის თხილამურობაში ოლიმპიური მედლების კოლექციის შეგროვებას ინსბრუკიდან შეუდგა.

კვარცხლბეკზე ყველაზე მეტჯერ შეძლო ასვლა საბჭოელმა ტატიანა ავერინამ. მან ციგურებით ორგზის ჩემპიონობასთან ერ- თად 2 ბრინჯაოც დაიმსახურა.

ბობსლეისტთა ასპარეზობებში ტრასის ბატონ-პატრონნი აღმოჩნდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ეკიპაჟები. მათ ორ და ოთხკაციანი ბობით ოქროს მედლები დაისაკუთრეს. საგულისხმოა, რომ ბობსლეისტებსა და მოციგავეებს ერთ ტრასაზე უწევდათ ასპარეზობები, რაც პირველი შემთხვევა იყო.

გერმანულ გუნდებს შორის წარიმართა ორთაბრძოლები ციგაობაში. ვაჟთა და ქალთა ერთეულებში და ვაჟთა წყვილებში გათამაშებული მედლების 3 კომპლექტიდან 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აღმოსავლეთგერმანელებმა დაიმსახურეს, ხოლო დასავლეთგერმანელებმა – 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. გერმანელთა დუელში დარჩენილ ერთადერთ ბრინჯაოს ავსტრიელთა წყვილი დაეუფლა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები