იო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იო(ბერძნ.) მთვარის ღვთაება ძველ არგოსში. გვიანი ხანის მითოსის მიხედვით, იო არგოსის მეფის, ინაქოსის ასულია.

მრავალი ქალის მიმართ განმსჭვალულია ზევსი ტრფობის წადილით, მაგრამ იო მას ყველაზე მეტად უყვარდა. ეჭვიანი ჰერასგან რომ განერიდებინა, ქალი თეთრ საფურე ხბოდ გარდაისახა. მაგრამ მიუხვდა ჰერა. მეუღლეს სთხოვა, ეჩუქებინა ეს ლამაზი ხბო. უარი ვერ თქვა ზევსმა, ჰერამ კი იოს მიუჩინა შემზარავი დარაჯი, გეას ნაშობი გოლიათი არგოსი. მას ასი თვალი ჰქონდა და როცა დაიძინებდა, მათგან მხოლოდ ორი ეხუჭებოდა, დანარჩენები კი ფხიზლობდნენ და ზევსის ხბოდქცეულ სატრფოს უთვალთვალებდნენ. ზევსმა ჰერმესს მოაკვლევინა არგოსი. გაბრაზდა ჰერა და ახლა ხბოს კრაზანა მიუჩინა. მისი ნაკბენისაგან თავი რომ დაეღწია გარბოდა იო, მაგრამ ამაო იყო მისი სრბოლა. ბოლოს პრომეთეს რჩევით, მან ეგვიპტეს მიაღწია, თავისი სახე დაიბრუნა და უზენაეს ღვთაებას ვაჟიშვილი გაუჩინა. ეს იყო ეპაფოსი, რომელმაც დასაბამი დაუდო მის ჩამომავალთა სახელოვან მოდგმას.

მოგვიანებით იო ცოლად გაჰყვა ტელეგონოსსოდისევსისა და კირკეს ვაჟს“. ელინისტურ ეპოქაში იო ისისის კულტს დაუკავშირეს. ბერძნები თვლიდნენ, რომ იონიის ზღვას იოს სახელი ერქვა, რადგანაც სწორედ ეს ზღვა უნდა გადაელახა მას, როდესაც სდევნიდა ჰერა. უფრო სარწმუნოა, რომ ამ ზღვას შეერქვა იმ იონიელ ტომთა სახელი, რომლებიც ოდითგან მის ნაპირებზე მოსახლეობდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები