იოანე ღვთისმეტყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. მოციქული იოანე ღმრთისმეტყველი

წმ. მოციქული იოანე ღმრთისმეტყველიქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ბიბლიური ენციკლოპედიის მიხედვით წმიდა იოანე იყო იოსებ დამწინდველის შვილის – სალომესა და ზებედეს შვილი.

წმიდა იოანე ძლიერი სულის პიროვნება იყო, რის გამოც ქრისტემ მას „ძე ქუხილისა“ უწოდა. მას „სიყვარულის მოციქულიც“ ეწოდება, უფლისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო.

წმიდა იოანე არ მოსცილებია მაცხოვარს, სანამ მან სული არ განუტევა ჯვარზე. ჯვარზე გაკრულმა იესომ მტირალ ღმრთისმშობელს ჩამოსძახა: „აი, შენი შვილი!“ – და აჩვენა იოანეზე. ასევე იოანესაც უთხრა ღმრთისმშობელზე: „აი, დედა შენი!“ მართლაც საკუთარი დედა–შვილივით ცხოვრობდნენ იოანეს ღარიბულ სახლში წმიდა მოციქული იოანე და ღმრთისმშობელი წმიდა მარიამი, მის მიძინებამდე.

სულთმოფენობის შემდეგ წმიდა იოანე წმიდა პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იერუსალიმში, ყოვლადწმიდა მარიამის მიძინების შემდეგ კი – სამარიასა და მცირე აზიაში. მოციქულობის საქმიანობის ცენტრად აირჩია ეფესო. იგი ისეთი გატაცებით და ღრმა შინაგანი რწმენით ქადაგებდა სახარებას, რომ მას ხალხმა ღმრთისმეტყველი დაარქვა და სთხოვეს, მასაც დაეწერა ყველაფერი ის, რასაც ქრისტე ქადაგებდა. წმიდა იოანემ შეასრულა ხალხის თხოვნა და თავისი სახარებით შეავსო წინა სამი სახარება. მან ყურადღება გაამახვილია არა იმდენად ქრისტეს მიწიერ საქმიანობაზე, რამდენადაც მის ზეციურ წარმომავლობასა და ზეციურ დანიშნულებაზე.

წმ. იოანე იყო ერთადერთი 12 მოწაფეთაგანი, ვინც მშვიდად მიიცვალა 110 წ. 26 სექტემბერს. როგორც ამბობენ, როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, თვითონ გააჭრევინა საფლავი ჯვრისებურად, ჩაწვა შიგ და აიძულა მოწაფეები ცოცხლად მიეყარათ მისთვის მიწა. სამი დღე არ მოსცილებიან მის საფლავს მოწაფეები. მესამე დღის ბოლოს საფლავიდან საოცრად სურნელოვანი ცისფერი ბოლი ამოვიდა. გათხარეს საფლავი და წმიდა იოანე იქ აღარ აღმოჩნდა. ე. ი . ღმერთმა წმიდა იოანე ხორციელად აღამაღლა. წმ. იოანე მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენს არწივი, რადგანაც წმიდა იოანე აზრის სიმაღლითა და შორსმჭვრეტელური წინასწამეტყველებებით არწივს ემსგავსება, რომელიც სულ უფრო მაღლა მიისწრავის და ძალიან შორს ხედავს.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები