იობი (მითოლოგიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იობი – იყო კაცი ვინმე იობი, ღვთის ნათლული, ცოლიც ღვთისმოსავი ჰყავდა, ოქროსთმიანი. ჰყავდათ შვიდი ვაჟი და სამი ასული, სამივენი მზის სწორნი იყვნენ. ცხოვრობდა ბედნიერად იობი და ხარობდა თავის მონაგარში. უსტუმროდ პურს არ ჭამდა, სუფრა აუღებელი იყო მის სახლში, მაგრამ ეწვია უბედურება: ყველანი – ათივე შვილი ერთ დღეს დაეხოცა. და მაინც იობმა არ თქვა ღმერთზე ძვირი, მაინც ღმერთს ჰმადლობდა და მის დიდებას უგალობდა: ჭეშმარიტად, ჩემი ბედი არ არის ღირსი ღვთის ნებისა! მან მომცა და მანვე წაიღო. უბედურება უბედურებაზე დაერთო იობს. მაცნედ მოდის დაწყევლილი ეშმაკი და ახარებს: იობ, სახლი გადაგწვია, შენი სასახლე დაცემულა, სულ ერთიანად გაგწყდომია ჯორ-აქლემები, ალმასის ნალებით რომ იყვნენ დაჭედილნი; შენს საძოვრებს ცეცხლი მოკიდებია და იწვის მთელი შენი ფარა და ნახირი! წარბიც არ შეხარა ამ ამბავზე იობმა, არ დაუგმია ღმერთი, არც კი დაუჩივლია. მხოლოდ ეს თქვა იობმა: რაკი ცხვრის ფარა დამეხოცა, უფლისთვის საღვთო გადამიხდიაო, და კვლავინდებურად უგალობა უფლის დიდებას.

ერთ დროს მდიდარი და სტუმარმრავალი იობი ისე გაღატაკდა, რომ გარეთაც აღარ გადიოდა. ფერად-ფერადი მატლები დაეხვია, ზოგნი ძვლებს უხრავდა, ზოგნიც ხორცს უჭამდნენ. ცვიოდნენ მის მუხლებზე გამაძღარი მატლები. აიღებდა იობი, ისევ დაისვამდა და ეტყოდა: აქ არის შენი სარჩოო. რბილი ჭამე, ძვალი გამოხარი, სიკვდილის ნუ გეშინიაო.

ცოლი სამათხოვროდ დადიოდა და ხალხში კრეფდა თითო ლუკმას და მით ასაზრდოებდა იობს. ერთხელაც, პური რომ აღარ მისცეს, თავისი ოქროს თმის ღერით იყიდა პური. გზად ეშმაკი დაუხვდა და თავისი ეშმაკობით პური შეუცვალა. როცა იობს მოუტანა ცოლმა პური, იობი იმწამსვე, უგემებლად მიხვდა, რომ პური ეშმაკისა იყო. ეს პური რომ შევჭამოთ, ეშმაკთან წილნაყარი გავხდებიო და ძაღლს გადაუგდო. შეჭამა ძაღლმა და მყისვე გასკდა.

კიდევ მოდის იობთან ეშმაკი და მუხლებთან დაუჯდება, ცდილობს დააცდენინოს უფლის აუგი: იობ, რით აამე უფალს, რომ მდიდარი და ბედნიერი გაგხადა? ან რა აწყენინე, რომ ყველაფერი წაგართვაო? იობმა კვლავ უგალობა უფლის დიდებას და მადლი შესწირა: ამაზე უარესიც რომ დამმართოს, ღვთის ძვირს მაინც ვერ მათქმევინებო, თქუა თუ არა, გაწბილებული ეშმაკი სულ ნაცრად იქცა.

მაშინ ოთხმა ანგელოზმა ხორცი შეინახა და იობს მუხლებთან დაუჯდა. იობ, არ გვეგონა, თუ უფლის აუგს არ იტყოდიო. შენ გაიმარჯვეო. რა გიჯობს – ძველი მკვდრები გაგიცოცხლოთ, თუ სხვანი, მზისა დარნი, მოგცეთო? არაო, იობმა, ძველი მკვდრების გაცოცხლება არ იქნებაო... ეს თქვა და შვიდი ვაჟი და სამი ასული მისცა უფალმა, სამოთხის კარი აჩვენა და კლიტენი ჩააბარა. იობი და მისი ცოლ-შვილი დღესაც სამოთხეში არიან, მათ ეკითხებათ წაწყმედა და ცხონება.

არის თქმულება, რომ იობის სხეულიდან გამოსული მატლი მადლად გადაიქცა: მისი მატლი ის ჭიაა, რომელიც აბრეშუმის ქსოვს.

სხვა თქმულებით, იობმა ეშმაკის პურის ნაცვლად მანანის ფოთოლი შეჭამა, რომ ფოთოლი აბრეშუმად ექცია და ქვეყანაზე სამახსოვროდ დარჩენილიყო. მართლაც ფოთლის მჭამელი იობი პარკში მოექცა. ეს რომ ღმერთმა გაიგო, იობი პეპელად აქცია, პეპელა გაფრინდა, აბრეშუმის ჭუპრი კი ხალხს დარჩა, აბრეშუმი იობის მოთმინების ნაყოფია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები