ბჟალავა იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოსებ ბჟალავა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ბჟალავა

ბჟალავა იოსებ - Bjalava Josef, Бжалава Иосиф 1904-1972

ქართველი ფსიქოლოგი და ექიმი, ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი. პათოფსიქოლოგიის, ზოგადი ფსიქოლოგიის, ნეიროფსიქოლოგიის, სომატური ფსიქოლოგიის, ფსიქოფიზიოლოგიისა და კლინიკური ფსიქიატრიის სპეციალისტი. საქართველოში პათოფსიქოლოგიის დარგის ფუძემდებელი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი; საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (1928) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1937). 1930 წელს დაინიშნა ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. აქ მისი ინიციატივით შეიქმნა დედათა და ბავშვთა დაცვის სექცია, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ინსტიტუტი. 1933 1940 წლებში იყო თბილისის ფუნქციონალურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე. მის ბაზაზე 1941 წელს, დ. უზნაძის მიერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაარსებისთანავე, შეიქმნა პათოლოგიური ფსიქოლოგიის განყოფილება, რომელსაც ი. ბჟალავა გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი სათავეში ედგა ნევროლოგიურ განყოფილებას თბილისის სამხედრო-საევაკუაციო ჰოსპიტალში. მრავალი თავში დაჭრილი ჯარისკაცის მკურნალობამ ი. ბჟალავას უდიდესი ცოდნა-გამოცდილება შესძინა თავის ტვინის მუშაობის შესახებ, რაც შემდგომში ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა განწყობის თეორიისთვის.

სამედიცინო და ფსიქოლოგიურმა განათლებამ ი. ბჟალავას საშუალება მისცა, მეცნიერული მოღვაწეობა ძირითადად სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულებით წარემართა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გზა საქართველოში სამედიცინო ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების გზაა. ამ დარგში კვლევა-ძიებას ი. ბჟალავამ საფუძვლად დ. უზნაძისეული განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია დაუდო. ი. ბჟალავას მიერ გარკვეულია ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპის თავისებურებანი სხვადასხვა ფსიქოზისა და თავის ტვინის ტრავმის დროს {განწყობის ფსიქოპათოლოგია}. ამ თავისებურებათა საფუძველზე განხილულია პიროვნების პათოლოგიისა და ფსიქოზურ განცდათა ურთიერთობის საკითხები. მოცემულია ამ განცდათა სრულფასოვანი ფენომენოლოგიური ანალიზი. აღნიშნული გამოკვლევების შედეგად ფიქსირებული განწყობის მეთოდი ფართოდ დაინერგა ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის კლინიკებში. ი. ბჟალავას გამოკვლევები ეპილეფსიითა და შიზოფრენიით დაავადებულთა ფიქსირებული განწყობის თაობაზე გამოქვეყნებულია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, უნგრულ ენებზე.

ი. ბჟალავა ინტენსიურად შეისწავლიდა თავის ტვინის დაზიანებათა ფსიქოლოგიას. მისი მრავალი ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევებიდან აღსანიშნავია აკადემიკოს ა. ლურიასთან ერთად შესრულებული ნაშრომი – „ფიქსირებული განწყობა ტვინის ქერქის ლოკალური დაზიანებების დროს” (რუსულად, მოსკოვი, 1949). აღსანიშნავია აგრეთვე ი. ბჟალავას კვლევა-ძიება განწყობის ფიზიოლოგიური საფუძვლების გარკვევის მიმართულებით. ასეთად მიჩნეულ იქნა თავის ტვინის ნახევარსფეროთა ინტეგრირებული მუშაობა, მასში მიმდინარე ნერვული პროცესების ფუნქციონალურად გაერთიანებული დინამიკური სისტემა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ი. ბჟალავას კვლევები განწყობის ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით, კერძოდ აღქმისა და განწყობის ურთიერთობის საკითხის შესწავლას {განწყობისა და აღქმის პარადოქსი}. ამისთვის ავტორმა უაღრესად რთული და საინტერესო კვლევა განახორციელა თანმიმდევარი ხატების შესწავლის მიმართულებით {თანმიმდევარი ხატების მეთოდი}. ემპირიულად დასაბუთდა, რომ პოზიტიური თანმიმდევარი კვალი იმგვარადვე ორგანიზდება და იმავე კანონზომიერებას ემორჩილება, რომელიც დადასტურებულია ფიქსირებული განწყობის კლასიკურ ექსპერიმენტებში. აქვე ი. ბჟალავამ აღწერა მანამდე უცნობი ფსიქიკური ფენომენები: მათ მკვლევარი განიხილავს, როგორც აღქმისა და წარმოდგენის ხატებს შორის გარდამავალ საფეხურს. საინტერესოა ი. ბჟალავას ემპირიული კვლევა ფიქსირებული განწყობის კონტრასტული ილუზიის წარმოქმნის შესახებ. მის ექსპერიმენტებში ხელის კუნთის მიოგრამის მონაცემმა აჩვენა, რომ განწყობის ფიქსაციის კრიტიკულ ცდაში, შეგრძნება/განცდა ასიმილაციურია, ხოლო აღქმა − კონტრასტული {განწყობის მოქმედების ზოგადი კანონზომიერება}.

დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა ი. ბჟალავას მიერ ფსიქოლოგიისა და კიბერნეტიკის მოსაზღვრე პრობლემატიკის კვლევამ იმ ხანაში, როცა კიბერნეტიკის და ფსიქოლოგიის გადაკვეთაზე უცხოეთში იქმნებოდა კოგნიტივისტური მიდგომა ფსიქოლოგიაში. ი. ბჟალავამ არამარტო ალღო აუღო დროის მოთხოვნებს, არამედ გამოავლინა აგრეთვე განწყობის კიბერნეტიკული მოდელირების სრულიად ახალი ასპექტები. ამ კვლევამ ნათლად აჩვენა განწყობის ცნების გამოყენების მნიშვნელოვნება მეცნიერების ისეთი დარგებისთვის, რომლებიც მართვის საკითხებს უკავშირდება. ი. ბჟალავა იყო ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ღირსეული წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის ამ მიმართულების ერთერთი ყველაზე შუპოვარი დამცველი და პროპაგანდისტი {საჯარო დისკუსიები განწყობის ფსიქოლოგიის ირგვლივ}.

მთავარი ნაშრომები

  • შიზოფრენიის ფსიქოპათოლოგიისათვის. თბილისი: „საქ. სსრ მეც. აკად. გამომცემლობა”, 1958;
  • ეპილეფსია (კლინიკურ-ფსიქოლოგიური ნარკვევი). თბილისი: „საბჭოთა საქართველო”, 1959;
  • აღქმა და განწყობა. თბილისი: „საქ. სსრ მეც. აკად. გამომცემლობა”, 1960;
  • Nature contrast illusion of set. Ed. O’Connor, US, 1961;
  • Психология установки и кибернетика. M.: „Наука”, 1966;
  • ფსიქოზურ განცდათა ფენომენოლოგია, თბილისი: „მეცნიერება”, 1968;
  • Мозг и установка. M.: „Знание”, 1971;
  • ცნობიერებისა და არაცნობიერი ფსიქიკურის პრობლემა განწყობის ფსიქოლოგიაში. თბილისი: „მეცნიერება”, 1976.

იხილე აგრეთვე

იოსებ ბჟალავა

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები