იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი.ბ. სტალინის სახელობის სახლ-მუზეუმის ხედი

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი - ისტორიული ძეგლი სტალინის პრ. 13. კომპლექსში შედის: სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა ი. ბ.ჯუღაშვილმა (სტალინმა), ამ სახლის დამცველი პავილიონი და მუზეუმის შენობა. ი. ბ. სტალინის სახლი აღდგა და გაიხსნა 1937 წ. 19 ნოემბერს ამავე წელს აიგო დამცველი პავილიონიც.

სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია აგურითა და ალიზით, შესასვლელი ქუჩიდან, დასავლეთიდან იყო (გაუქმებულია). ამჟამად სახლში მნახველები სამხრეთიდან ხვდებიან, ქვის სამსაფეხურიანი კიბე ადის ვიწრო რიკულებიან ხის აივანზე, რომელზეც გამოდის სახლის ორივე ოთახის კარები. პირველ ოთახს სამი სარკმელი აქვს, ორი – დასავლეთით, ერთი – სამხრეთით, აივნის მხარეს. აივანზე გამოდის მეორე ოთახის სარკმელიც. დანარჩენი კედლები ყრუა. შედარებით მოზრდილ დასაველთის ოთახში გამოფენილია მემორიალური ნივთები, ხოლო მეორე ოთახში ფოტოსტენდებია. დასავლეთის ფასადის კედელზე მიმაგრებულია მემორიალური დაფა წარწერით: „აქ 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა ი. ბ. სტალინი, აქვე გაატარა თავისი ბავშვობა 1883 წლამდე“. სახლის ნახევარსარდაფში, სადაც ჩადის აგურის კიბე, ბ. ჯუღაშვილის სახელოსნო იყო გამართული. სახლს შემოუყვება რიყის ქვის ქვაფენილი.

დამცველი პავილიონი

დამცველი პავილიონი (არქიტ. მ. ნეპრინცევი) გეგმით კვადრატულია. პილონები შემოსილია ბოლნისის ქვით. რუხი მარმარილოთი მოპირკეთებული, ირიბად დაყენებული კვადრატული კვეთის კოლონები (დასავლეთით და აღმისავლეთით ექვს-ექვსი, სამხრეთით და ჩრდილოეთით ოთხ-ოთხი) დასრულებულია დეკორატიული კაპიტელებით. პავილიონი გადახურულია მინით შევსებული დეკორატიული ცხაურით.

მუზეუმის შენობა

1939 წ. სტალინის სახლის აღმოსავლეთით, მის მახლობლად, ერთსართულიან შენობაში (ორ დარბაზში) გაიხსნა ი. ბ. სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი (ექვემდებარებოდა ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალს).

1957 წ. ი. ბ. სტალინის სახლის ჩრდილოეთით აიგო მუზეუმის ორსართულიანი შენობა (არქიტ. ა. ქურდიანი), მუზეუმის ექვს დარბაზში გამოფენილია ი. ბ. სტალინის (1879-1953 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. (1985 წ. მუზეუმის ეზოში დადგეს ვაგონი, რომელიც ემსახურებოდა ი. ბ. სტალინს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები