შარლემანი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოსებ შარლემანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ შარლემანი

შარლემანი იოსებ ადოლფის ძე - (06.IV.1880, პეტერბურგი - 31.XII.1957, თბილისი) - ფრანგი ეროვნების მოდერნისტი მხატვარი.

სარჩევი

ბიოგრაფია

მისი წინაპარი, მოქანდაკე და დეკორატორი ჟან-ბატისტ შარლემან-ბოდე, საფრანგეთიდან რუსეთში ჩადის ეკატერინე II-ის კარზე სამუშაოდ. რუსეთში სათავეს უდებს შარლემანების დიდ სახელოვნებო დინასტიას: ი. შარლემანის ბაბუა, არქიტექტორი იოსებ-ჟან შარლემანი; ბიძა - იოსებ-მარია შარლემანი, ასევე არქიტექტორი, აკვარელის დიდი ოსტატი; მამა - ადოლფი, აკადემიკოსი, ისტორიული და ბატალური სცენების მხატვარი. ი. შარლემანი აგრძელებს ოჯახის ტრადიციას და სწავლას იწყებს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, მალე ტოვებს აკადემიას და დედასთან, ელისაბედთან, ერთად, „პერედვიჟნიკების“ წრესთან დაახლოებულ ასევე მხატვართან, პორტრეტისტთან, მიემგზავრება ევროპაში. პარიზში ყოფნისას ეცნობა XIX საუკუნის წიგნებს და მუშაობას იწყებს წიგნის გრაფიკის პრობლემებზე. პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრ ბენუას და თეატრის მოღვაწის, შემდგომში პარიზში ცნობილი „რუსული სეზონების“ ორგანიზატორის, სერგეი დიაგილევის მიერ დაარსებულ ჯგუფ „მირ ისკუსტვასთან“ („ხელოვნების სამყარო“), ასოცირდება (რომლის წევრები იყვნენ ასევე ალექსანდრე შერვაშიძე და ევგენი ლანსერე). მონაწილეობს ჯგუფის მიერ მოწყობილ გამოფენებში, თანამშრომლობს მის ამავე სახელწოდების ჟურნალთან. თანამშრომლობს სიმბოლისტების და აკმეისტების ჟურნალთან „აპოლონი“ (1909-1917); სატირულ, ე. წ. შავოსნების (черносотенцы) წინააღმდეგ მიმართულ და ანტიბოლშვიკურ ჟურნალთან „სატირიკონი“ (1908-1914), ხოლო მისი გამოცემის შეჩერების შემდეგ, ჟურნალთან „ლუკომორიე“ (1914-1916). 1913 კოტე მარჯანიშვილის მიერ მოსკოვში დაარსებული „თავისუფალი თეატრისთვის“ ქმნის ფარდას.

1917 წლიდან კავკასიაშია, 1918 უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, თბილისში, სადაც სამუდამოდ სახლდება. კავკასიაში ჩამოდის ბროკჰაუს-ეფრონის გამომცემლობის დაკვეთით ლევ ტოლსტოის მოთხრობის „კაზაკების“ დასურათებისთვის მასალის შესაგროვებლად. მოგზაურობს ყუბანსა და თერგის ოლქში. ბოლშევიკური გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის გამო ის რუსეთში აღარ ბრუნდება და დარიალის ხეობით მოემგზავრება საქართველოში. ამ მოგზაურობას შემდგომ „საქართველოს უვერტიურას“ დაარქმევს. მოგვიანებით ცოლად მოჰყავს მარიამ მუსხელიშვილი. სწრაფად ხდება თბილისური მოდერნისტული სახელოვნებო პროცესის თანამონაწილე. მჭიდრო კავშირში იყო იმ წლების მომუშავე ქართველ და რუსეთიდან დროებით ჩამოსულ მოდერნისტ და ავანგარდისტ მხატვრებთან და მწერლებთან. 1918 წელს იყო ჟურნალის „ARS“, ჟურ. „ფენიქსი” („Фениксъ“; 1918-1919) და ჟურ. „კურანტები“ („Куранты“, 1918-1919) რედკოლეგიების წევრი. 1919 წელს გამოცემული ლიტერატურულ-სახელოვნებო ჟურნალ „ორიონის“ („Орiон“) ყდა და შრიფტი ი. შარლემანის მიერაა შესრულებული. შექმნა ქართული სათამაშო კარტი, გამოიყენა რა ქართული ეროვნული სამოსი, რომელიც პირველიც აღმოჩნდა და უკანასკნელიც, რამდენადაც ის საბჭოთა ცენზურამ აკრძალა. 1918 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო გერბის შექმნის კონკურსი, ი. შარლემანმა გაიმარჯვა.

1921 წელს მხატვარ ევგენი ლანსერესთან ერთად ქმნის გასაბჭოებული საქართველოს ახალ გერბს. 1922 წელს მონაწილეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებაში და აყალიბებს გრაფიკის განყოფილებას. 1923 წელს მოგზაურობს სვანეთში და ქმნის სვანური ჩანახატების მთელ სერიას. 1927 წელს გიორგი ჩუბინაშვილის რედაქციით გამოსულ რამდენიმე ალბომისთვის ქართულ ხელოვნებაზე გრაფიკულ ნახატებს ასრულებს. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილებისათვის ქმნის ორ ფერწერულ ნამუშევარს. მუშაობს ბატალურ ჟანრში და ამ მხრივაც აგრძელებს რა ოჯახის ტრადიციას, ქმნის სურათს, რომელზეც გამოსახულია საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლის, სახელგანთქმული რუსი გენერლის, გმირის, პეტრე ბაგრატიონის დაჭრის სცენა ბოროდინოს ველზე. საბჭოთა ცენზურის პირობებში ეს მისი ერთადერთი სურათი იყო, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, მისივე დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში ხელმისაწვდომი იყო აკადემიის სტუდენტებისათვის და ხელოვნების მოყვარულებისათვის.

გასაბჭოების შემდეგ განაგრძობს მუშაობას წიგნის გრაფიკაში, სცენოგრაფიაში, ფერწერაში. 1958 გამოდის 1920-იანი წლების ფუტურისტის, ბენო გორდეზიანის, მონოგრაფია ი. შარლემანზე. ბუნებრივია, 1930-იან წლებში, სოციალისტური რეალიზმის ოფიციალურ მეთოდად გამოცხადების შემდეგ, მისი მუშაობის მეთოდიც წნეხის ქვეშ ექცევა და იცვლება. ამიტომ მას, მოდერნისტ მხატვარს, საბჭოთა ტრადიციისამებრ ე. წ. კლასიკოს მხატვრად მოიხსენიებენ ხოლმე. გაიზიარა რა საქართველოს მოდერნისტების ბედი, მისი შემოქმედება დღემდე შეუსწავლელია, ნამუშევრების მოძიება კი თითქმის შეუძლებელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • В. Беридзе, Н. Езерская, Искусство Советской Грузии, 1921-1970, Мос., 1975;
  • Б. Гордезиани, И. А. Шарлемань,Тб., 1958.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები