იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი

იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ (1859, გატჩინა - 1935, მოსკოვი) - კომპოზიტორი, დირიჟორი. პედაგოგი. ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შემკრები. კონსერვატორიის რექტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1872-1875 წლებში პეტერბურგში პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო. კომპოზიციის შესწავლა პეტერბურგის კონსერვატორიაში, კომპოზიტორ რიმსკი-კორსაკოვის კლასში განაგრძო. აღნიშნული სასწავლებელი 1882 წელს დაამთავრა. მისი პირველი ნაწარმოებები რუსული ხალხური სიმღერების თემებს დაეფუძნა და 1883 წარმატებით შესრულდა პეტერბურგში. 1883 თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის გაცნობამ დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. თბილისში ყოფნისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში, ხელმძღვანელობდა რუსული მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილებას და თბილისის მუსიკალურ სასწავლებელს, სადაც მუსიკის თეორიასა და ისტორიას ასწავლიდა. მისი მოსწავლეები იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. იწერდა და აგროვებდა ქართულ და, ზოგადად, კავკასიურ ხალხურ სიმღერებს. 1884-1893 წლებში იყო თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი. სიმფონიური მუსიკის კონცერტებს აწყობდა და დირიჟორობდა. ეკუთვნის ნაშრომი „ქართული ხალხური სიმღერა და მისი სადღეისო მდგომარეობა“ (1895). აქტიურად მონაწილეობდა ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანაში. 1893 რუსეთში წავიდა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი და რექტორი გახდა. იყო სრულიად რუსეთის მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1894 დაწერა საორკესტრო სიუიტა „კავკასიური ესკიზები“.

დამოუკიდებელ საქართველოში, 1920 წლის 19 სექტემბერს დაიდგა მისი ოპერა „ღალატი“, რომელიც ქართულ ენაზე კ. ფოცხვერაშვილმა თარგმნა. „ღალატი“ დაწერილია სუმბათაშვილ-იუჟინის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით, რომლის შინაარსიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ასახავს. ოპერა დადგა ა. წუწუნავამ, დირიჟორი- სამუელ სტოლერმანი. როლებს ასრულებდნენ: ალეშენკო (ზეინაბი), ბურგაცეხანოვსკაია (რუქაია), ვ. სარაჯიშვილი (ერეკლე), ნ.ელიოზიშვილი (ოთარ-ბეგი), საბინინი (სულეიმანი), კურბატოვი (ბესო), დემიანენკო (ანანია), ეზროვი (საბა) და სხვ.

1924 წელს ჩერეპნინის თხოვნით თბილისში ჩამოდის და 1924-1925 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. 1925 კვლავ რუსეთში მიდის, საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის დირიჟორის თანამდებობას იკავებს და რუსული ოპერების პოპულარიზაციას ეწევა. 1935 გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • შ. კაშმაძე, „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“, თბ., 1950;
  • მიხაილ იპოლიტოვ ივანოვი (ივანოვი), „100 ღირსსახსოვარი სახელი“, საქ. მეც. ერ. აკადემია, თბ., 2014;
  • დ. მჭედლიძე, „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“, თბ., 1968; რ. მიქაუტაძე, „მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი“, გაზ. „კომუნარი“,1959, №135.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები