ისრაელის სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისრაელის სამეფო - (დაახლ. ძვ.წ; 928-722) – ძველი სახელმწიფო ჩრდილოეთ პალესტინაში. წარმოიშვა ერთიანი ისრაელ-იუდეის სამეფოს დაშლის შედეგად. დამაარსებლად ითვლება იერობოამი, რომელიც ისრაელის სამეფოს პირველი მეფე გახდა (ძვ.წ. 928-907). ისრაელის სამეფოში შედიოდა ებრაელთა ათი ტომი, ამიტომ ის თავიდან იუდეაზე ძლიერი იყო. ამას გარდა ისრაელის სამეფოს ბევრად უფრო დიდი ტერიტორია ეკავა და უფრო ნაყოფიერი მიწები ჰქონდა, ვიდრე სამხრეთით მდებარე იუდეას.

ისრაელის დედაქალაქი თავიდან ბექემი იყო (თანამედროვე ნაბლუსი). ქვეყანაში განვითარებული იყო მიწათმოქმედება და ვაჭრობა (ისრაელისა და იუდეის სამეფოების ტერიტორიაზე მსოფლიო სავაჭრო გზები გადიოდა). ვაჭრობის განვითარება სახელმწიფოს სიმდიდრესაც უზრუნველყოფდა. ისრაელის სამეფოში უამრავი მონა იყო, რომელთაც მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ. სასტიკი ექსპლატატორების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ბიბლიური წინასწარმეტყველები ილია, ამოსი, ოსია და ა.შ.

ისრაელის სამეფოს გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა ფინიკიასთან, ეგვიპტესთან და სხვა ახლო აღმოსავლურ ქვეყნებთან. ამას გარდა ისრაელს ბევრი მტერიც ჰყავდა. მუდმივად ებრძოდა იუდეის სამეფოს და არამელთა სახელმწიფოებს, რომლის მეფეთაგან ორმა, ბენადიდ I-მა და ხაზაელმა ანუ აზაილმა დაამარცხეს ისრაელი, ააოხრეს მისი მიწები და გაიტანეს ბევრი სიმდიდრე. ამ ომებმა დაასუსტეს და გამოფიტეს ქვეყანა. სახელმწიფოში მუდამ შფოთი და სამეფო დინასტიების სწრაფი ცვლა მიმდინარეობდა. ხშირად მეფის შთამომავლებს მისი სარდლები კლავდნენ და ძალაუფლებას ხელთ იგდებდნენ. ასეთი არეულობით კი გარეშე მტრები დიდ სარგებელს პოულობდნენ, ისინი ნელ-ნელა ძირს უთხრიდნენ ისრაელს.

ისრაელის სამეფოს დიდების ხანად შეიძლება ჩაითვალოს იერობოამ II-ის 41 წლიანი მმართველობა. მეფემ დაამარცხა მტრები და ისე გაზარდა სახელმწიფოს საზღვრები, როგორც გაერთიანებული ისრაელ-იუდეის სამეფოს დროს იყო. იერობოამ II-ის შემდეგ ისრაელი ძალიან დასუსტდა და ასურეთის მოხარკედ იქცა. ძვ.წ. 722 წელს ასურეთის მეფე სარგონ II-მ აიღო და დაანგრია ისრაელის დედაქალაქი სამარია. ასურელებმა ებრაელების დიდი ნაწილი გადაასახლეს იმპერიის სხვა პროვინციებში. ასე დასრულდა ერთ დროს ძლიერი ისრაელის სამეფოს ისტორია. იუდეის სამეფომ კი კიდევ რამდენიმე ასწლეული იარსება.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები