ისრაელის სამეფო (ერთიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისრაელის სამეფო (ერთიანი) – ძველი ებრაული სახელმწიფო. ბიბლიის თანახმად, დაარსდა ძვ.წ. XI საუკუნეში მეფე საულის მიერ.

სახელწოდება ისრაელი მოდის ბიბლიური ამბიდან, რომელიც მოგვითხრობს იაკობისა და უფლის შეჭიდების შესახებ (ღმერთმა ანგელოზის სახე მიიღო), რომლის დროსაც იაკობი დაკოჭლდა. ჭიდაობის შემდეგ უფალმა იაკობს ახალი სახელი უწოდა, ისრაელი, რაც ღმერთთან მოჭიდავეს ნიშნავს (არის სხვა ვერსიებიც: უფლის პრინცი, ძალაუფლების მფლობელი და ა.შ). იაკობის შემდეგ მთელი ებრაელ ხალხს ეწოდა ისრაელის შვილები, ისრაელის ხალხი, ისრაელიანები.

სიტყვა ისტორიულ დოკუმენტებში პირველად ეგვიპტეში ჩნდება, ფარაონ მერნეპტახის სახელზე აშენებულ კედელზე (ძვ.წ. XIII საუკუნის მეორე ნახევარი) და წერია, როგორც ხალხის და არა სახელმწიფოს სახელი.

ისრაელის სამეფოს პირველი მეფე, საული ბიბლიის მიხედვით უფალმა აირჩია ბენიამინის ტომიდან. საული ებრაელთა უკანასკნელმა მსაჯულმა, სამუელმა აკურთხა მეფედ. საულმა მეფობა კარგად დაიწყო და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფილისტიმელებზე, ამალეკებზე და სხვა მეზობელ ხალხებზე. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა ბიბლიის მიხედვით საული რამდენჯერმე მოიქცა უფლის ნების საწინააღმდეგოდ და ამიტომ დაისაჯა. მისი მეფობა მალე დასრულდა სრული კრახით, რადგან მეფე ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპა თავის ვაჟებთან ერთად გილბოას მთაზე (გილბოაყის) (გილბოას ბრძოლა).

ისრაელის მეორე მეფე დავით იესეს ძე გახდა იუდას ტომიდან (თუ არ ჩავთვლით საულის ერთ-ერთი ვაჟის, იშბოშეთის და მისი სარდლის, აბნერის დროებით ხელმწიფობას ისრაელის სამეფოს ნაწილზე). საული სდევნიდა დავითს, რადგან იცოდა, რომ უფლის ნებით ის იყო ახალი მეფე, მაგრამ, როდესაც საული გარდაიცვალა, დავით იესეს ძის გამეფებას ვერაფერმა ვეღარ შეუშალა ხელი. დავითი საულზე უფრო ღირსეული მონარქი გამოდგა, მან დაიპყრო იერუსალიმი, რომელიც იებუსეველებს ეკუთვნოდათ და თავის დედაქალაქად აქცია (იშბოშეთის მეფობისას დავითი იუდეას მართავდა ქალაქ ხებრონიდან). მეფის წყალობით იერუსალიმი სწრაფად გაიზარდა, დამშვენდა, ხალხით აივსო და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა. დავითმა რამდენიმე ომიც გადაიხადა და ტერიტორიები დაიპყრო. გაძლიერებული ისრაელი უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთან ერთად. (დავითმა სისხლისმღვრელი ომი გადაიხადა მოაბელებთან და იდუმელებთან და გამარჯვებით დაასრულა.

დავითის შემდეგ გამეფდა მისი ძე სოლომონი, რომელსაც ბრძენი ეწოდა. ბიბლიური ლეგენდის თანახმად მან ღმერთს სთხოვა სიბრძნის მოცემა და მიიღო კიდეც. სოლომონის მმართველობისას ისრაელის სამეფომ ოქროს ხანის პერიოდი გაატარა. მეფემ ცოლად შეირთო ეგვიპტის ფარაონის ასული, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის სიძლიერეზე, რადგან ეგვიპტელი ფარაონები უკიდურესი შემთხვევების გარდა არასოდეს ათხოვებდნენ თავიანთ ქალიშვილებს უცხოტომელებზე. ფარაონის ასულის გარდა სოლომონს სხვა უცხოელი ცოლებიც ჰყავდა.

სოლომონის მეფობისას აიგო იერუსალიმში უფლის ტაძარი, რომელმაც შეცვალა მოსეს დროინდელი მოძრავი კარავი. ტაძრის აგებისას მეფემ დახარჯა უამრავი ოქრო-ვერცხლი და სამშენებლო მასალა, მას ეხმარებოდა ტიროსის ძლიერი მეფე, რომელიც ხე-ტყეს და ხელოსნებს აწვდიდა ბრძენ ხელმწიფეს. სწორედ ტაძრის აგება ითვლება სოლომონის მეფობის უმთავრეს მოვლენად. მთელი ისრაელი ამაყობდა უფლის სახლით და ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ამ მშვენიერი შენობის სანახავად.

სოლომონის მეფობის ბოლო წლები არც ისე წარმატებული გამოდგა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მძიმე გადასახადები, რომელიც მეფემ ხალხს დაადო. ისრაელში გამოჩნდნენ სოლომონის მოწინააღმდეგეებიც. უამრავი უცხოელი ქალის მეუღლე, მეფე სოლომონი იძულებული იყო სახელმწიფოში ნება დაერთო წარმართებისთვის თავიანთ რელიგიაზე ელოცათ. მალე ისრაელის სამეფო უფრო დასუსტდა და სოლომონის სიკვდილის შემდეგ საერთოდ ორ ნაწილად გაიყო, იუდვად და ისრაელად.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები