ისრაელ-არაბების ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისრაელ-არაბების ომები 1948-49, 1956, 1967, 1973გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით (1947), პალესტინაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყო, უნდა შექმნილიყო ორი სახელმწიფო – ებრაული და არაბული. ამან არაბების პროტესტი გამოიწვია, მით უმეტეს, რომ ამ გადაწყვეტილებით, პალესტინის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უნდა შესულიყო ებრაული სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამიტომ გამოცხადდა თუ არა ებრაული სახელმწიფოს, ისრაელის, შექმნა (1948 წლის მაისი), მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს არაბულმა ქვეყნებმა: ეგვიპტემ, ტრანსიორდანიამ, ერაყმა, სირიამ, ლიბანმა და სხვა.


სარჩევი

I ომი არაბების წინააღმდეგ (1948-49)

იგი დასრულდა ებრაელთა გამარჯვებით, რომლებმაც ხელთ იგდეს პალესტინის ტერიტორიის 75%.


II სუეცის ომი (1956 წლის ოქტომბერი)

1956 წლის ოქტომბერში ისრაელი, ინგლისთან და საფრანგეთთან ერთად თავს დაესხა ეგვიპტეს. ისრაელის ჯარებმა ხელთ იგდეს სინას ნახევარკუნძული და მიუახლოვდნენ სუეცის არხს. ეგვიპტის ტერიტორია ინტერვენტებმა რამდენიმე თვის შემდეგ დატოვეს გაეროს მოთხოვნისა და სსრ კავშირის მხრიდან სამხედრო მუქარის გამო. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, 1967 წლამდე გაეროს ჯარები იცავდნენ მათ შორის მშვიდობას.


III ექვსდღიანი ომი (1967 წლის ივნისი)

ეგვიპტე, სირია და იორდანია რევანშისთვის მოემზადნენ. მათი ჯარები ისრაელისას აღემატებოდნენ: ცოცხალი ძალით – თითქმის 2-ჯერ, არტილერიით – 2,5-ჯერ, ტანკებითა და თვითმფრინავებით – დაახლოებით 1,5-ჯერ. არაბული მხარის მოთხოვნით, კონფლიქტის ზონიდან გაყვანილ იქნა გაეროს სამშვიდობო ნაწილები, ამავე დროს ეგვიპტელებმა ბლოკადაში მოაქციეს ისრაელის ნავსადგური აილათი. პასუხად ისრაელის არმიამ ომის გამოუცხადებლად მოულოდნელი დარტყმები მიაყენა ეგვიპტეს, სირიასა და იორდანიას, დაამარცხა მათი ჯარები და ხელთ იგდო ღაზის სექტორი, სინას ნახევარკუნძული, გოლანის მაღლობები და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი. მთავარი მიზეზები, რამაც განაპირობა ისრაელის არმიის სწრაფი და შთამბეჭდავი გამარჯვება რიცხობრივად ძლიერ მოწინააღმდეგეზე, იყო:

  1. არაბთა ჯარების დაბალი საბრძოლო მომზადება და მორალური სულისკვეთება;
  2. ისრაელის მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდება და პირველი დარტყმის მიყენება.

IV იომ-ქიფურის ომი (1973 წლის ოქტომბერი)

რადგანაც ებრაელებმა ამჯერად აღარ დატოვეს ოკუპირებული ტერიტორიები, ეგვიპტისა და სირიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიიჩნია, რომ მხოლოდ ახალი ომით შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება. სსრ კავშირის დახმარებით მათ აღიდგინეს სამხედრო პოტენციალი და 1973 წლის 6 ოქტომბერს, იუდეველთა დღესასწაულის იომ-ქიფურის დროს მოულოდნელად შეუტიეს ებრაელთა პოზიციებს სინას ნახევარკუნძულსა და გოლანის მაღლობებზე. პირველ დღეებში არაბებმა ორივე ფრონტზე შეძლეს რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა, მაგრამ ისრაელის ჯარებმა მალე მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება და ინიციატივის ხელში ჩაგდება. ეგვიპტის ჯარები ბლოკირებული აღმოჩნდნენ სუეცის არხის აღმოსავლეთ ნაპირზე, უკუაგდეს სირიელებიც. ეს უკვე ნამდვილი გარდატეხა იყო ომის მსვლელობაში.

22 ოქტომბერს გაეროს ჩარევით ცეცხლი შეწყდა. ამრიგად, ისრაელმა მოახერხა მეზობელი არაბული სახელმწიფოების სამხედრო შეტევების მოგერიება, მაგრამ პალესტინელი არაბების პარტიზანული მოძრაობის ჩახშობა შეუძლებელი აღმოჩნდა.

1978 წელს აშშ-ის შუამდგომლობით დაიდო შეთანხმება ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, რასაც მოყვა 1979 წლის საზავო ხელშეკრულება, რომლის შედეგად ისრაელმა დაცალა სინას ნახევარკუნძული.

1993 წელს ისრაელი დათანხმდა პალესტინის არაბული ავტონომიის შექმნაზე.

2003 წელს აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთისა და გაეროს მონაწილეობით შემუშავდა “საგზაო რუკა”, რომელიც გულისხმობს პალესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნას. მიუხედავად ამისა, პალესტინაში ებრაელებსა და არაბებს შორის საბოლოო მშვიდობა ჯერ არ დამყარებულა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები