ისტერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტერია - (hysteria), სინდრომი, რომელიც ხასიათდება ამნეზიით, ფუგით, ფსევდოკრუნჩხვებით, ფსევდო-დამბლებით, მგრძნობელობის ცრუ დაკარგვით, სულით შეპყრობილობის განცდით, სტუპორით და/ან ტრანსით; ცნობილია კლასიკური საბერძნეთის დროიდან, როდესაც მიაჩნდათ, რომ მისი მიზეზი არის საშო (hyster), ვინაიდან ეს მდგომარეობა გვხვდებოდა მხოლოდ ქალებში. ამ აშლილობების სიხშირე შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა კულტურაში, ან იცვლებოდეს ერთი კულტურის ფარგლებში დროთა განმავლობაში. აღნიშნული აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ისტერიის მოკლე ისტორია

ისტერიის აღწერა ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ სამედიცინო ტექსტებში გვხვდება. იმ დროს ითვლებოდა, რომ ისტერია საშვილოსნოს მდებარეობის ან ფუნქციის პათოლოგიით იყო გამოწვეული. ამგვარი შეხედულება მეჩვიდმეტე საუკუნემდე იყო გაბატონებული. შემდგომში, თანდათანობით, დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ისტერია თავის ტვინის დარღვევას წარმოადგენდა. მეცხრამეტე საუკუნეში დაადგინეს, რომ ტვინის ამ დარღვევის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს

პრედისპოზიციური, კონსტიტუციური და ორგანული ფაქტორები. გარდა ამისა, ისტერიის მაპროვოცირებელ მიზეზად ძლიერი ემოცია იქნა მიჩნეული.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ფრანგი ნევროლოგის, შარკოს ნაშრომები ისტერიის შესახებ. შარკო პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში (Salpêtrière Hospital) მუშაობდა. თავდაპირველად ის დარწმუნებული იყო, რომ ისტერიის სიმპტომები გამოწვეული იყო თავის ტვინის დისფუნქციით და რომ ასეთი დარღვევები პაციენტს ჰიპნოზისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდიდა.

შარკო თვლიდა, რომ მომატებული მგრძნობელობის გამო პაციენტთან სუგესტიის მეშვეობით შესაძლებელი იყო ახალი სიმპტომების გამოწვევა და არსებული სიმპტომების მოდიფიცირება. მოგვიანებით, შარკო დაინტერესდა თავისი ყოფილი მოსწავლის, პიერ ჟანეს იდეით იმის თაობაზე, რომ ისტერიის დროს, ძირითად დარღვევას წარმოადგენს არა სუგესტიურობა, არამედ მიდრეკილება დისოციაციისაკენ. კერძოდ, ჟანე იმას გულისხმობდა, რომ ისტერიის დროს დარღვეულია ფსიქიკურ ფუნქციებს შორის ნორმალური ინტეგრაცია. იგი მიიჩნევდა, რომ ასეთი დისოციაცია იწვევს ფსიქიკური ფუნქციონირების გარკვეული ასპექტების გაცნობიერების უუნარობას. გარკვეული პერიოდის მანძილზე ჟანეს იდეები ძალზე პოპულარული იყო, თუმცა ისინი არასოდეს ყოფილა ისეთი გავლენიანი, როგორც ფროიდის იდეები. ისტერიის შესახებ ჟანეს იდეების მიმოხილვა მოცემულია შემდეგ წყაროში: van der Kolk and van der Hart (1989).

1895-96 წლის ზამთარში ფროიდმა შარკო მოინახულა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პაციენტების სუგესტიურობამ ჰიპნოზის მიმართ (იხ. Sulloway, 1979). ვენაში დაბრუნების შემდეგ, ფროიდმა და მისმა კოლეგამ ბრუერმა (Breuer) შეისწავლეს ისტერიული პაციენტები და თავიანთი კვლევის შედეგები პირველად გამოაქვეყნეს ფუნდამენტურ ნაშრომში „ისტერიის ფენომენების ფსიქიკური მექანიზმების შესახებ“) (On the psychical mechanisms of hysterical phenomena, 1893), ხოლო მოგვიანებით მონოგრაფიაში გამოკვლევები ისტერიის შესახებ (Studies on Hysteria, 1893-5). ისინი თვლიდნენ, რომ ისტერია გამოწვეულია ემოციურად დატვირთული (ჩვეულებრივ, სექსუალური ხასიათის) იდეებით, რომლებიც გარკვეული სახის წარსული გამოცდილების გამო ცნობიერებიდან რეპრესიის მეშვეობით არაცნობიერშია განდევნილი. ფროიდმა ტერმინი „კონვერსია“ გამოიყენა იმ ჰიპოთეტური პროცესის აღსანიშნად, რომლის მეშვეობითაც ასეთი ფარული, გამოუმჟღავნებელი ემოცია ფიზიკურ სიმპტომებად გარდაიქმნება. ბრუერმა და ფროიდმა ეს იდეა შემდეგი ფრაზით გამოხატეს: „ისტერიული ადამიანები, ძირითადად, მოგონებებით იტანჯებიან”.

მომდევნო წლებში ფროიდი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს თავდაპირველი ფორმულირება არ იყო სწორი და სუგესტიური პაციენტების მიერ გამოგონილ, ყალბ მონათხრობს ეფუძნებოდა. ამის შემდეგ მას ისტერიის შესახებ არაფერი დაუწერია. სხვა მეცნიერები ისტერიის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ და ამის გამო ამ ფენომენის დაზუსტებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა მიღწეული. განვითარებულ ქვეყენებში ისტერია სერიოზულ პრობლემად არ ითვლებოდა. არსებობდა მოსაზრება, რომ ბევრი აშკარად გამოხატული შემთხვევა, სინამდვილეში, დაუდგენელ ორგანულ დაავადებას წარმოადგენდა. ამ შეხედულებას განსაკუთრებით უჭერდა მხარს სლეიტერი (Slater, 1965), რომელიც ისტერიის დიაგნოზის მქონე 85 პაციენტს შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგად 30 პაციენტს ორგანული დაავადება დაუდგინდა, ხოლო 34-ს - ისტერიისაგან განსხვავებული ფსიქიკური აშლილობა. მოგვიანებით, ისტერიის შესახებ არსებულმა შეხედულებამ ცვლილებები განიცადა, (ისტერიის ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ Shorter (1992), ხოლო კონვერსიის ცნების ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად - Mace (2001). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები