იტალიური ვენგერკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალიური ვენგერკა

იტალიური ვენგერკა - (Fellenberg); სინონიმებია: ფელენბერგი, ფრანგული შავი ქლიავი. ქლიავის ჯიში იტალიური ვენგერკა, წარმოშობილია იტალიაში. გერმანიაში ეს ჯიში შემოტანილი იყო ფელენბერგის მიერ 1823 წელს და ამ სახელწოდებით გავრცელდა ფართოდ. ინგლისში ეს ჯიში უკვე ცნობილი იყო 1831 წელს.

აქედან იტალიური ვენგერკა გადადის ამერიკაში, სადაც სტანდარტულ ასორტიმენტშია შესული 1862 წლიდან. სოჭაში საცდელი სადგურის დირექტორის გარბეს მიერ იქნა პირველად იტალიური ვენგერკა შეტანილი 1886 წლიდან; აქ ფართოდ გავრცელდა და სამრეწველო ხასიათის კულტურად გადაიქცა.

სოჭიდან ის გავრცელდა გაგრისა და სოხუმის რაიონებში. იტალიურმა ვენგერკამ შავი ზღვის სანაპირო რაიონებში საუკეთესო ბუნებრივი პირობები ჰპოვა თავისი ზრდა–განვითარებისა და საუკეთესო ხარისხის ნაყოფის განვითარებისათვის.

სხვა რაიონებში იტალიური ვენგერკა გვხვდება ცალკეულ ხეებად და ეს ცალკე ხეები გვიჩვენებენ, რომ სხვა რაიონებშიაც (გორის, დუშეთის, თბილისის, კასპის) იტალიურ ვენგერკას შეუძლია მოგვცეს ისეთივე კარგი პროდუქტი.

იტალიური ვენგერკა დიდ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს.

იტალიური ვენგერკის ყვავილი

ის კარგად ვითარდება მხოლოდ ღრმა, ნოყიერ თიხნარ ნიადაგებზე. მისი მოსავლიანობა დიდად მერყეობს აგროტექნიკურ ღონისძიებათა მიხედვით.

იტალიური ვენგერკის მოსავალს ძლიერ ამცირებს სოკოვანი დაავადებები და მავნებლები.

ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტს. იტალიური ვენგერკისაგან უმთავრესად მზადდება ჩირი, „შავი ქლიავი“, რომელიც შეიცავს 5% შაქარს და საუკეთესო ხარისხის გამოდის; იგი სჯობნის საზღვარგარეთ ცნობილ ფრანგულ და კალიფორნიის შავ ქლიავს.

ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ რიცხვებში (აფხაზეთი), გადასამუშავებლად იკრიფება გადამწიფებული ნაყოფი, ამის გამო მოსავლის მასობრივი დაკრეფა სექტემბრის ოც რიცხვებში ხდება.

ხე ზომიერი ზრდისაა, ინვითარებს უსწორმასწორო მომრგვალო ვარჯს. იტალიური ვენგერკის შტამი ხშირად იგრიხება.

ფოთოლი მოგრძო ოვალური ფორმისაა.

ფოთლის ფირფიტის ზედაპირი მუქ მწვანეა, ბრჭყვიალა.

ჯიში თვითფერტილია.

ნაყოფი ოვალური ფორმისაა, ღარი არ არის ღრმა, მსხვილია (4,3X3,6X3,7 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა უდრის 41,3 გრამს. ნაყოფის კანი სქელია, მოშავო ლურჯი ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფის ხორცი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ტკბილი. კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს. კურკა ნაყოფის წონის 3%–ს შეადგენს.

იტალიური ვენგერკიდან ჩირი მზადდება კურკით, ჩირის გამოსავალი ნედლი პროდუქციის დაახლოებით 24–25%–ს შეადეგენს.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები