იუვენილური დელიქვენტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუვენილური დელიქვენტობა - იუვენილური დელიქვენტი არის ახალგაზრდა პირი, რომელიც სცნეს დამნაშავედ ისეთ ქმედებაში, რაც მოზრდილ ასაკში კრიმინალურ ქმედებად ფასდება. ბევრ ქვეყანაში ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ იმ ახალგაზრდა პირის მიმართ, რომელმაც მიაღწია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს (დიდ ბრიტანეთში - 10 წელია, ხოლო სხვა ქვეყნებში - მნიშვნელოვნად მერყეობს). დელიქვენტობა არ არის ფსიქიატრიული დიაგნოზი, არამედ იურიდიული კატეგორიაა. თუმცა, იუვენილური დელიქვენტობა, შეიძლება ფსიქიკურ, განსაკუთრებით კი, ქცევით აშლილობებთან იყოს დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ამ აშლილობების განხილვისას იუვენილური დელიქვენტობაც მიმოვიხილოთ.

მოზარდი ბიჭების უმრავლესობა, როდესაც მათ სთხოვენ თავიანთი საქციელის აღწერას, აღიარებს კანონის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს, ხოლო, ყოველი მეხუთე ერთხელ მაინც დაკავებულია ამის გამო. ძირითადი სამართალდარღვევები საკუთრების წინააღმდეგაა მიმართული. გოგონები ბიჭებზე ბევრად ნაკლებად ჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ეს შეფარდება 11:1-დან 4:1-მდე შემცირდა. მსგავსი შედეგები სხვა ქვეყნებშიც მიიღეს (D.J.Smith, 1995). მსჯავრდებული ბიჭების ნახევარი განმეორებით ჩადის დანაშაულს, იუვენილური დელიქვენტების მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს კრიმინალურ ქცევას მოზრდილ ასაკში. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ იუვენილური დელიქვენტების სამი მეოთხედი, რომლებმაც იუვენილურ ასაკში სამი ან მეტი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს, მოზრდილ ასაკშიც მოხვდა ციხეში (Farrington, 2002). ამ მონაცემებს თუ მივყვებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრიმინალურმა სტატისტიკამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. თუმცა, როგორც ვხედავთ, გამოკითხული და მსჯავრდებული დამნაშავეების მონაცემებს შორის გარკვეული მსგავსება არსებობს (West and Farrington, 1973).

დელიქვენტობა ხშირად ქცევითი აშლილობების ეკვივალენტად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი კატეგორია გარკვეული თვალსაზრისით ფარავს ერთმანეთს, მათი გათანაბრება არასწორია. ბევრ დელიქვენტს არ აღენიშნება ქცევის ან სხვა ფსიქიკური აშლილობა. ასევე, ქცევითი აშლილობების მქონე პირები, ყოველთვის არ არღვევენ კანონს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში, პერსისტენტულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს თან ახლავს ქცევის ანომალია, სკოლის განზრახ გაცდენა, აგრესიულობა, ყურადღების მიპყრობის სურვილი და კონცენტრაციის დაქვეითება.

სარჩევი

მიზეზები

იუვენილური დელიქვენტობის მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს ქცევითი აშლილობების გამომწვევ მიზეზებსაც.

სოციალური ფაქტორები

დელიქვენტობა დაკავშირებულია დაბალ სოციალურ ფენასთან, ცუდ საცხოვრებელ პირობებთან და განათლების დაბალ დონესთან. დელიქვენტობის სიხშირე, ჩამოთვლილი მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა რაიონებში თვალსაჩინოდ განსხვავდება. დელიქვენტობის მაჩვენებელი ასევე განსხვავებულია სხვადასხვა სკოლებში. კრიმინალური ბუნების გასაგებად ბევრი სოციალური თეორიაა გამოყენებული, თუმცა ვერც ერთით ვერ ხერხდება მისი სრულფასოვანი, ადეკვატური ახსნა.

ოჯახის ფაქტორი

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ სამართალდარღვევები ოჯახურ ხასიათს ატარებს (Farrington et al., 1996). მაგ., კრიმინალური ისტორიის მქონე მამების ვაჟების ნახევარი, არაკრიმინალი მამების ვაჟების მხოლოდ მეხუთედთან შედარებით, თავადაც ნასამართლევია (West and Farrington, 1977). ამის მიზეზი არ არის ბოლომდე ახსნილი, თუმცა, ეს შეიძლება მშობლების არასაკმარისი ზრუნვითა და კანონის მიმართ ოჯახის დამოკიდებულებით იყოს განპირობებული.

ყველაზე ხშირად ციტირებულ კვლევაში (Bowlby, 1944), რომლის მაშვეობითაც სწავლობდნენ „არასრულწლოვანი ქურდების“ მახასიათებლებს, მითითებულია, რომ მათი პრობლემების ძირითადი მიზეზი ბავშვობის ასაკში დედასთან ხანგრძლივი განშორება იყო. უფრო თანამედროვე კვლევებმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა. დელიქვენტი ბავშვების უმრავლესობა არასრული ოჯახებიდანაა, რაც, როგორც ჩანს, ასახავს ოჯახური უთანხმოებების არსებობას ბავშვობისა და მოგვიანებით ასაკში (Rutter and Madge, 1976). სხვა ოჯახური ფაქტორები, რომლებიც დელიქვენტობასთანაა დაკავშირებული, ესაა მრავალრიცხოვანი ოჯახი და აღზრდის თავისებურებები, მაგ., არათანმიმდევრული, ქაოტური, ან ზედმეტად მკაცრი, ან გულგრილი დამოკიდებულება.

ბავშვის ფაქტორები

გენეტიკური ფაქტორები, როგორც ჩანს, ნაკლებად მნიშვნელოვანია დელიქვენტობის გამომწვევ მიზეზებს შორის, ვიდრე ეს არის მოზრდილ ასაკში ჩადენილი სერიოზული კრიმინალური ქმედებების დროს. არსებობს თვალსაჩინო კავშირი დელიქვენტობასა და საშუალოზე დაბალ IQ მაჩვენებელს, დასწავლისა და კითხვის პრობლემებს შორის (Rutter et al., 1976a). ამას, სულ ცოტა, ორი ახსნა აქვს. ხასიათობრივი თავისებურებები და სოციალური ფაქტორები განაპირობებს წინაგანწყობას როგორც დელიქვენტობის, ასევე კითხვის დარღვევების მიმართ. ასევე, კითხვის დარღვევები შეიძლება გახდეს იმედგაცრუებისა და თვითშეფასების დაქვეითების მიზეზი, რაც ანტისოციალური ქცევისკენ უბიძგებს ბავშვს. ფიზიკური არასრულფასოვნება, სავარაუდოდ, უმნიშვნელო როლს ასრულებს დელიქვენტობის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ტვინის დაზიანება და ეპილეფსია შეიძლება ქცევითი აშლილობებისადმი წინაგანწყობის მიზეზი იყოს.

ძალადობა მოზარდებში

მოზარდებში აღინიშნება ძალადობრივი კრიმინალური ქმედებების ზრდის რისკი. ახალგაზრდებში ძალადობის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მოძალადე დამნაშავეები უმეტესწილად იმეორებენ დანაშაულს. დიდ ბრიტანეთში 50 შემთხვევის შესწავლამ (Bailey and Aulich, 1997), რომელთა დროსაც არასრულწლოვანთა მიერ უმძიმესი დანაშაული - მკვლელობა იყო ჩადენილი, აჩვენა, რომ დანაშაულის ჩადენამდე უმრავლესობას ემოციური დარღვევები, ასევე, ოჯახური და ეკონომიური სირთულეები აღენიშნებოდა. მცირე ნაწილს დასწავლის პრობლემები ჰქონდა. თუმცა, შესწავლილი76 მახასიათებლიდან არც ერთი არ განასხვავებდა ამ ახალგაზრდებს სხვა დამნაშავეებისგან. იგივე მონაცემები მიიღეს აშშ-ში ჩატარებული კვლევებით.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები