იუნგი კარლ გუსტავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ გუსტავ იუნგი

იუნგი კარლ გუსტავ - Jung Carl Gustav, Юнг Карл Густав, 1875-1961

შვეიცარელი ფსიქოლოგი, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ბაზელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ციურიხში დაიწყო, ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელსაც გამოჩენილი ფსიქიატრი ე. ბლოილერი ხელმძღვანელობდა. ამ თანამშრომლობის დროს შეიმუშავეს მათ ასოციაციათა ექსპერიმენტის მეთოდი, რომელიც ამჟამადაც ფართოდ გამოიყენება. 1907 წლიდან დაიწყო იუნგისა და ზ. ფროიდის დაახლოება და თანამშრომლობა. იუნგი ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო საზოგადობის პირველი პრეზიდენტი და ფსიქოანალიზის ჟურნალის პირველი რედაქტორი გახდა. ფროიდი მას თავის მემკვიდრედაც მიიჩნევდა. მაგრამ მალე თავი იჩინა არსებითმა განსხვავებამ იუნგისა და ფროიდის თეორიულ პოზიციებში, უპირველესად ფსიქოანალიზის პანსექსუალიზმთან დაკავშირებით. 1914 წელს მათ შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდა. იუნგმა საკუთარი თეორიის შემუშავება დაიწყო, რომელიც შემდგომში ფართოდ გავრცელდა. იუნგი უაღრესად პოპულარული პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი იყო. 1933 წელს იგი ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. 1948 წელს, იუნგის ერთერთი მდიდარი პაციენტის თანადგომით, ციურიხში იუნგის ინსტიტუტი დაფუძნდა. ამ ინსტიტუტში ანალიზური ფსიქოლოგიის ტრენინგები და კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა (ეს ინსტიტუტი ამჟამადაც არსებობს). 1921 წელს გამოიცა იუნგის წიგნი „ფსიქოლოგიური ტიპები”, რომელიც მისი ერთერთი მთავარი ნაშრომია. ამ წიგნს ახლავს უაღრესად მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დანართი და ფსიქოლოგიის ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი.

იუნგი სიღრმისეული ფსიქოლოგიისა და დინამიკური ფსიქოლოგიის ერთერთი მესვეური იყო. ხშირად იყენებდა აგრეთვე ლ. ლევი-ბრიულის ნაშრომებს. ამ პოზიციებიდან გააკრიტიკა მან ფროიდიზმი და მის გადახალისებას მოითხოვდა. კერძოდ: პანსექსუალიზმის, რედუქციონიზმისა და რაციონალიზმის უკუგდებას („შეუძლებელია სამყაროს გააზრება მხოლოდ ინტელექტით. ინტელექტუალური მსჯელობა სამყაროს მხოლოდ ნაწილია.“); სანაცვლოდ _ ფენომენოლოგიის დამკვიდრებას, თუმცა − ემპირიული კვლევების პარალელურად (კლინიკური ემპირიული მასალის ანალიზი, მრავალრიცხოვანი საველე ინტერვიუების ანალიზი, აგრეთვე ასოციაციათა ექსპერიმენტი, რომელიც ფიზიოლოგიასაც კი იყენებს და სხვა); მოითხოვდა აგრეთვე: ჰოლისტურ მიდგომას; რეტროსპექციული ანალიზის შევსებას პროსპექციული ანალიზით; კაუზალობა-მიზეზშედეგობრიობის შევსებას ტელეოლოგიურობა-მიზანსაშუალებრიობით (ანუ მხოლოდ „წარსულში ქექვის” ნაცვლად მომავლისკენ გახედვასაც, ადამიანის მიზნებისა და მისწრაფებათა ანალიზსაც); ლიბიდოს ცნების გაფართოებას ვიწრო სქესობრივი ლტოლვიდან ზოგად სასიცოცხლო მისწრაფებამდე, სიცოცხლის ძალამდე, რომელიც სუბიექტურად ლტოლვად და წადილად განიცდება (ადამიანის მოტივაციები ერთი-ორ მისწრაფებაზე არ დაიყვანება, ისინი უაღრესად მრავალფეროვანია და ცხოვრების სხვადასხვა ხანაში სხვადასხვაგვარად იჩენს თავს); შესაბამისად, აუცილებელია ღია თეორიის დამკვიდრება {ღია თეორია / დახურული თეორია}.

კ.გ. იუნგი, დ. უზნაძე და სხვა ჰუმანისტები ფროიდის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევენ ფსიქოლოგიური არაცნობიერის აღმოჩენასა და შესწავლას; მაგრამ უარყოფენ იმას, რომ არაცნობიერის წარმოქმნის ერთადერთი გზაა ფსიქოლოგიური ცენზურა და ცნობიერებიდან განდევნაა. მცდარია არაცნობიერის შემოფარგვლა მხოლოდ ქვეცნობიერით, ანუ არაცნობიერის განმარტება ასე: „ცნობიერება მინუს ნიშნით”. სინამდვილეში არაცნობიერი გაცილებით უფრო ფართო და ღრმაა {კოლექტიური არაცნობიერი}. უფრო მეტიც, თუკი არაცნობიერი სხვა არაფერია, თუ არა ყოფილი ცნობიერი და პოტენციურად გაცნობიერებადი (თუნდაც ფსიქოანალიზით), ანუ თუკი ის მეორეულია ცნობიერებასთან შედარებით, მაშინ არაცნობიერის ცნება ვეღარ გამოდგება ცნობიერების მოვლენების ამხსნელად. არაცნობიერის ცნებას რაღაც დადებითი და პირველადი შინაარსი უნდა ჰქონდეს − იმის გარდა, რომ ის არაა ცნობიერი; ეს შინაარსი ცნობიერების ცნების შინაარსისგან არსებითად განსხვავებული უნდა იყოს, და არა ცნობიერების ცნების მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილება, და არა თვისებრივ-რომელობითი.

საინტერესოა, რომ ფროიდის თეორიის დ. უზნაძისეული დაფასება, შეფასება და კრიტიკა ამ შეფასებათა დიდ ნაწილს ემთხვევა.

ამის გარდა, მცდარია არაცნობიერისა და ცნობიერების თითქმის განუწყვეტელი დაპირისპირებულობა, როგორც ესაა ფროიდის თეორიაში. იუნგი, პირიქით, მათ ურთიერთშემავსებლობას იღებს პოსტულატად: ის ხშირად წერდა, რომ არაცნობიერი და ცნობიერება ერთმანეთის მიმართ კომპენსატორულ ურთიერთ დამოკიდებულებაშია {კომპენსაცია}; უზნაძის თეორიაშიც ასეა, რისი კონკრეტული ფსიქოლოგიური საფუძველია ობიექტივაცია და ნებელობა. „იყავი ჯანმრთელი და ენდე საკუთარ ბუნებას!” {ა. მასლოუ}.

იუნგის ფილოსოფიური შეხედულებები ი. კანტის თეორიასა და სიცოცხლის ფილოსოფიას (ფ. ნიშცე, ა. ბერგსონი, ვ. დილთაი) ემყარება. თანაც იუნგი ძალიან ახლოს იყო შუალობის პოსტულატის გაცნობიერებისგან: „სამყარო არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ მისი ერთგვარი ხატი. < > იმდენად, რამდენადაც სამყარო არ იღებს ფსიქიკური სახის ფორმას, ის, არსებითად, არ არსებობს. < > აღიქმება არა ჰაერის რხევა, არამედ ბგერა, არა სინათლის ტალღები, არამედ ფერები; ყოველი არსებული ისეთია, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ და გვესმის. არის კიდევ აურაცხელი საგნები, რომლებიც სულ სხვადასხვა სახით შეიძლება დაინახო, შეიგრძნო და გაიგო. სრულიად უბრალო, პირადი წინასწარი ჩაგონების გამო სული ახდენს გარე ფაქტების ასიმილირებას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წესით. < ... > დასავლურმა აზროვნებამ, თავისი თითქმის უსაზღვრო სუბიექტურობისა და ინფანტილურ-არქაული უგუნური პროექციებისა და ილუზიებისკენ მიდრეკილებით, ფაქტების თაყვანისცემის დოგმატი დაამკვიდრა.” ამიტომ მატერიალიზმი, არსებითად, მეტაფიზიკის ნაირსახეობაა − „ნეგატიური მეტაფიზიკა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ”, რომელიც თავს იტყუებს და კაცობრიობასაც ატყუებს, რომ ვითომ მეცნიერულ-ლოგიკურ საფუძველზეა. სინამდვილეში კი ისევე ემყარება სუბიექტურ ფაქტორებს, არაცნობიერ დისპოზიციებს, როგორც ყველა რელიგია. თავისმოტყუება ფსიქოლოგიურად რაციონალიზაციაა: „გონება, უმთავრესად, ხელსაყრელი „იზმების” გამოგონების დროს გამოიყენება − რათა დაფარონ ნამდვილი მოტივები ან მიიღონ უფრო მეტი ნაძარცვი.”

იუნგისეული ფსიქოთერაპიის ძირითადი მიზანი მთლიანობის მიღწევაა (რაც შემდეგ ჰუმანისტურ ფსიქოთერაპიაში და გეშტალტთერაპიაში განვითარდა), ადამიანის სულის ცნობიერ და არაცნობიერ ნაწილებს შორის ურთიერთშემავსებლობითი კავშირ-ურთიერთობის დამყარება. „ისწრაფოდე არა სრულყოფილებისაკენ, არამედ მთლიანობისაკენ!” თერაპია ფსიქოთერაპევტისა და პაციენტის ძალისხმევათა გაერთიანებაა. მკურნალობის პროცესი ორ სტადიად იყოფა: ანალიზური და სინთეზური. ანალიზური სტადია, თავის მხრივ, ორ ეტაპს გაივლის. პირველ ეტაპზე (ე.წ. „აღსარება”) ხდება მასალის შეგროვება. ფსიქოთერაპევტის დახმარებით პაციენტი საუბრობს თავის ცხოვრებაზე, პრობლემებზე, განცდებზე, სიზმრებზე და სხვა. ამ დროისთვის პაციენტი უკვე თერაპევტზე დამოკიდებული ხდება. მეორე ეტაპზე (ე.წ. „განმარტება”) მიმდინარეობს აღსარების მასალის ინტერპრეტაცია. აქ ყურადღების ძირითადი მასალაა სიზმრები და სიმბოლოები. პაციენტს საკუთარი თავისა და გარესამყაროს ახლებური გაგება უყალიბდება და, ამავე დროს, კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება თერაპევტზე. მკურნალობის სინთეზის სტადიის ეტაპებია: „დასწავლა” და „ტრანსფორმაცია”. ანალიზურ სტადიაზე მიღწეული გაგებისა და განმარტების შემდგომი, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა დასწავლა. ამ ეტაპზე პაციენტს ახალი ჩვევები, ქცევისა და რეაგირების ახალი ნიმუშები (დისპოზიციები) უყალიბდება. მკურნალობის ბოლო ეტაპი ეძღვნება ტრანსფორმაციას − პაციენტის თერაპევტზე დამოკიდებულობის შეძლებისამებრ შესუსტებას. პასუხისმგებლობა თვით პაციენტზე გადადის, მის თვითგანათლებაზე, თვითაღზრდაზე, თვითსრულყოფაზე, განვითარებაზე.

იუნგს ძალიან აინტერესებდა ოკულტისტურ-ექსტრასენსური, პარაფსიქოლოგიური მოვლენები. მის ინსტიტუტში ხშირად იმყოფებოდნენ ოკულტისტები და შამანები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგრამ იუნგი მეცნიერულ კეთილსინდისიერებას არ ღალატობდა. ამიტომ მან ვერც უარყო და ვერც დაადასტურა ოკულტისტური მოვლენების არსებობა. მაგ., სიტყვის ტელეპატიური გადაცემის ექსპერიმენტებში მართებული ამოცნობის საშუალო სიხშირე 15 %-ის ირგვლივ მერყეობდა. ეს აშკარად მეტი იყო, ვიდრე შემთხვევითი ალბათობით მოსალოდნელი 10 %, თუმცა არც იმდენად მეტი, რომ მეტობა სტატისტიკურად სანდო ყოფილიყო. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ექსპერიმენტულ-სტატისტიკური მიდგომით ვერც ხელოვნების შედევრის შექმნის შესაძლებლობას დავამტკიცებდით...

იუნგის თეორიიდან წარმოიშვა XX საუკუნის ფსიქოლოგიის მრავალი თეორია, მრავალი ფსიქოთერაპიული სკოლა და მთლიანად ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ამ მიმდინარეობის ყველა ძირითადი პოსტულატი, მეთოდოლოგიური დებულება თუ ზოგადი მიზნები პირდაპირ ჰქონდა ჩამოყალიბებული იუნგს (რასაც ვერ/არ აცნობიერებდა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ზოგი წარმომადგენელი, სხვა სიტყვებით აყალიბებდა იუნგის აზრებს და ეს სიახლედ მიაჩნდა). დიდია იუნგის გავლენა გეშტალტთერაპიაზე და არტთერაპიაზე.

იუნგის ნააზრევი მოიცავს ფსიქოლოგიას, მითოლოგიას, რელიგიის ისტორიას, თეოლოგიას, კულტურის ისტორიას, ეთნოლოგიას, სოციოლოგიას, ფილოსოფიას. თვითეულ ამ დარგში იუნგი ღრმად ჩახედული იყო, მაგ., წაკითხული და გაანალიზებული ჰქონდა შუა საუკუნეთა ევროპელი წმიდა მამებისა თუ ალქიმიკოსების ნაშრომები, აგრეთვე ძველი ინდური და ჩინური წიგნები. ამის გამო იუნგს „მისტიკოსობაში” სდებენ ბრალს (ზ. ფროიდიდან მოყოლებული). მაგრამ ეს მისი ნაშრომების მიკერძოებული და ზერელე წაკითხვის შედეგია. სინამდვილეში იუნგისეული აზროვნება არამარტო ღრმა და საკვირველად ფართოა, არამედ აგრეთვე თანმიმდევრულად ლოგიკური და მკაფიოა − მიუხედავად ურთულეს და ბუნდოვან საკითხებზე მსჯელობისა (ამის ოდნავ მსგავსსაც კი არ ეკარებოდნენ ფროიდი და აკადემიური ფსიქოლოგები). იუნგი გარკვევით ამბობდა, რომ ის არაა ფილოსოფოსი, რადგან ემპირიულ ნიადაგს არასდროს დატოვებს. მან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიის საფუძველი ძალიან ნათლად და ლოგიკურად ჩამოაყალიბა: „ასოციაციების ჩემეული კვლევები გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ძალიან რთული გარემოებებიც კი მისაწვდომია აღრიცხვა-გაზომვის მეთოდიკისთვის. მაგრამ ვინც ღრმად ჩასწვდა ფსიქოლოგიის არსებას და მას მაღალ მოთხოვნებს უყენებს (რომ ფსიქოლოგია არ დაკმაყოფილდეს საბუნებისმეტყველო მეთოდიკით შემოფარგლული უბადრუკი არსებობით) − ის დარწმუნდებოდა, რომ საბუნებისმეტყველო მეთოდიკას არ ძალუძს საკმარისად მართებულად მიუახლოვდეს ადამიანის სულის არსს, ან თუნდაც დაახლოებით მართებული სურათი აღწეროს სულის რთული მოვლენებისა. მაგრამ როგორც კი ჩვენ დავტოვებთ აღრიცხვა-გაზომვისთვის მისაწვდომი ფაქტების არეს, მაშინვე უნდა დავიწყოთ ისეთი ცნებების გამოყენება, რომლებიც ზომასა და რიცხვს შეცვლის. ის გარკვეულობა, რომელსაც ზომა და რიცხვი ანიჭებს დაკვირვებად ფაქტს, მხოლოდ ცნების გარკვეულობით შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ფსიქოლოგიური ცნებები უაღრესად გაურკვეველი და მრავალმნიშვნელოვანია, იმდენად, რომ ურთიერთგაგებაც კი თითქმის შეუძლებელი ხდება. ამის მაგალითია თუნდაც ცნება „გრძნობა”. ეს ცნება რაღაც ისეთ სახასიათოს გამოხატავს, რაც აღრიცხვა-გაზომვისთვის მიუწვდომელია, მაგრამ მაინც მოხელთებადი არსებობა აქვს. დაუშვებელია მისი დაშლა და დაყვანა გაზომვად ელემენტარულ ფაქტებზე − ამით ფსიქოლოგიას ერთერთი მთავარი ნაწილი დაეკარგება. მაშასადამე, ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ გარკვეული და მყარი ცნებები გამოვიყენოთ” {გაბინდული ცნება}. სამწუხაროდ, ფსიქოლოგია საპირისპირო გზას დაადგა: აღრიცხვა-გაზომვის კულტს და ლოგიკის უგულებელყოფას {კომპიუტერული მეტაფორა; რობოტომორფიზმი}.

იუნგის უმნიშვნელოვანესი შედეგებია: ასოციაციათა ექსპერიმენტი; ადამიანის ორიგინალური ტიპოლოგია {ფსიქოლოგიური ტიპები იუნგის მიხედვით}; არქეტიპების თეორია და მისი მრავალმხრივი გამოყენებები; თვითობისა და ინდივიდუაციის ცნებები; სიცოცხლისუნარიანი და ნაყოფიერი ფსიქოთერაპიული მეთოდი (რომელიც ამჟამადაც ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რ. კორინთელისა და ზ. ვახანიას მიერ); ანალიზური ფენომენოლოგიის მეთოდი: შეძლებისამებრ დაწვრილებით შეისწავლება გამოსაკვლევი საგნის განვითარება (გენეზისი, განსაკუთრებით − კულტურგენეზისი), ლინგვისტური და მითოლოგიური მონაცემები, აღიწერება მისი გამოვლინებანი, მათ შორის − ფილოსოფიაში, ხელოვნებაში და კლინიკურ მასალაში (სიზმრები, ბოდვები, საუბრები და სხვა); შემდეგ ამ გამოვლინებათა სიჭრელეში გამოიკვეთება და განზოგადდება საერთო კანონზომიერება.

იუნგი უაღრესად ფართო ინტერესებისა და ღრმა აზროვნების მქონე მეცნიერი იყო. ის ხანგრძლივად თანამშრომლობდა ეთნოლოგებთან, კულტუროლოგებთან (დაწერილი აქვს წიგნები, მაგ., გამოჩენილ კულტუროლოგთან, მ. ელიადესთან და ეთნოლოგ პ. კერენისთან თანაავტორობით), ხელოვანებთან, ინდოეთისა თუ ჩინეთის კულტურის მკვლევრებთან, ოკულტისტებთან და ფიზიკოსებთანაც კი. იუნგის ნააზრევმა დიდი გავლენა მოახდინა არამარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ აგრეთვე კულტუროლოგიაზე, ეთნოლოგიაზე, მითოლოგიაზე, ფოლკლორისტიკაზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, მრავალი მწერლის, მხატვრისა თუ რეჟისორის შემოქმედებაზე (მაგ., ჰ. ჰესსეს რომანში „ტრამალის მგელი” არქეტიპების მხატვრული ილუსტრაციაა). იუნგი ყველა ხანის ფსიქოლოგთა შორის ყველაზე ხშირად ციტირებად და ყველაზე პოპულარულ ავტორთა ათეულშია.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები