იფქლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იფქლი

იფქლი - ხორბლის ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელწოდებაა, რომელიც წერილობით ძეგლებში აღნიშნულია V ს.-ში. იფქლი იხსენიება „დაბადებისა“ და სახარებათა ნათარგმნ ტექსტებში, აგრეთვე გიორგი მერჩულეს თხზულებაში (ბრეგაძე, 1979; 1980). XII-XIII სს.-ში სხვა ხორბლეულთა შორის აღნიშნულია იფქლიც (დეკაპრელევიჩი, 1938).

დასავლეთ საქართველოში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებული 60-იანი წლების ჩათვლით, იფქლის ნათესები აღწერილია რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში.

დღემდე შემორჩა იფქლის დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საშემოდგომო ფორმათა ადგილობრივი სახელწოდებები: „ჩვენებური პური“, „შინაური პური“, „ძველი პური“, „შემოდგომის პური“ და სხვ. (ბრეგაძე, 2004).

ლ. დეკაპრლევიჩი (1938) შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - აღნიშნავდა, რომ იფქლის ის ფორმები, რომლებიც დღევანდლამდეა შემორჩენილი დასავლეთ საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმი), გავრცელების ვიწრო არეალით ხასიათდება;

იფქლი გამოირჩევა ფართოფოთლიანობით, ძლიერი შეფოთვლით, მაღალი ზრდით, დიდი, არაუხეში თავთავებით, მარცვალთა დიდი რაოდენობით თავთუნში და გვიან მომწიფებით, ტენის მოყვარულობით. იფქლის მარცვალი იძლევა უმაღლესი ხარისხის ფქვილს, რომელიც ხასიათდება კარგი ცხობისუნარიანობით და გემოთი.

სამეგრელოში მცხოვრები უხუცესების გადმოცემით: „...ძველად იფქლის კარგად გამომშრალ მარცვლებს დაფქვავდნენ, დაუმატებდნენ რძეს, ცოტა მარილს, მოამზადებდნენ ფაფას“. ასეთი ფაფა დიეტურ საკვებად ითვლებოდა (მაისაია, 2009).

იფქლი დიდად ფასობს, როგორც მაღალმოსავლიანი და სოკოვანი დაავადებების მიმართ იმუნიტეტის მქონე ხორბალი.

გ. ბოჭორიძის (1993) გამოკვლევებით, „...იფქლი, ანუ „იფქილი“ მოჰყავდათ მთელ თუშეთში, გარდა პირიქითისა და ზემო გომეწრისა. ითესება აპრილში, იმკება ენკენისთვის 1-ლიდან. ზოგ ადგილას მწიფდება, ზოგან ყინვა მოუსწრებს და ვეღარ შემოდის. თუ შესაფერისი ამინდი, ზომიერი წვიმა და ზომიერი სითბო დაუდგა, მაშინ კარგი პური გამოდის, გემოთიც და ფერითაც. ფქვილის ფერი მოწითალოა.

იფქლის ყანას მკიან მიწის პირად „ცელით“ (ნამგლით). ყანა თუ ძალიან დაბალია, მაშინ ხელითაც გლეჯავენ. ერთი ცელის მოსმა არის „ძნა“ ძნას „ულოთი“ ჰკრავენ. მომკილ ძნას აქა-იქ დააგროვებენ ნაწილ-ნაწილ. შემდეგ „ჩადლებად“ ააგებენ სარებზე. „ჩადლის“ ჩადგმა ასე იციან: ჯერ სარს ჩაარჭობენ, შემდეგ გარშემო შემოურიგებენ იმდენ ძნას, რამდენიც მოთავსდება და დაეტევა. რაც უნდა ცუდი ამინდი იყოს, „ჩადალს“ წყალი არ ჩაუვა. როცა მკა გათავდება, „ძნას“ მარხილებით კალოზე მიიტანენ და ზვინებად სდგამენ. ზვინად ძნას სდგამენ კალოს ნაპირას. დადგმისას „თავთავს“ შიგნით უქცევენ, „ბოლოს“-გარეთ. ძნის გალეწვას შეუდგებიან ღვინობისთვის მეორე ნახევრიდან, თუ ამინდმა შეაფერხა, გიორგობისთვის 1-ლიდან. კალო ილეწება ხარის ფეხით; შეაბამენ ხარებს მოკლე უღლით, შერეკავენ კალოში. ხარის ფეხი მარტო თავთავს სჭყლეტავს და ბურდო რჩება. ხარებს შუაზე უდგას კაცი ან ქალი, უფრო კი ბავშვები დაატრიალებენ ხარებს მრგვალად. ეს საერთო წესია მთელ თუშეთში. მერმე, როცა ჩალას თავთავი აღარ ექნება, კალოდან ჩალას გადაბერტყამენ; მიიტანენ თავის ადგილას და აგებენ ზვინებად. ისევ კალოს უბრუნდებიან და ხვავს სწმენდავენ. მსხვილ ბზეს ცალკე ააცლიან. ეს მსხვილი ბზე არის „ხიბრა“. მას თითო-ოროლა მარცვალიც ურევია. იმას ცალკე აგროვებენ. გაწმენდილ ხვავს სახვავეში მიიტანენ და იქ ინახავენ. როცა კალოობა გათავდება, მაშინ განიავებას შეუდგებიან „რიჭით“. განიავებულ მარცვალს ცხრილით - ცხავით „გასცხრინავენ“ და კიდევ მეორედ გაანიავებენ რიჭით; ამას ეძახიან „ხვავის გადაწურვას“ (ხვავი ერთად დაგროვილი მარცვალია). ხვავს აიღებენ „ხაკებით“ (საცალოებით), მიიტანენ სახლში და კიდობანში შეინახავენ. უწინ კი ორმოში ინახავდნენ მტრების შიშით. ორმოს სჭრიდნენ მრგვალად თიხიან და მშრალ ადგილებში. ძირს უგებდნენ „ჩხლაკვს“ (არყის ქერქს). გვერდებზედაც ჩხლაკვსავე მიაკრავდნენ ჩხირებით. ჩაყრიდნენ შიგ იფქლს; ზევიდან დაფარავდნენ სიპებს და მიაყრიდნენ მიწას. როცა დასჭირდებოდათ, ამოიღებდნენ და წისქვილში წასაღებად გაამზადებდნენ. სანამ წისქვილში წაიღებდნენ, ხალიჩებით გაფენავდნენ მზეზე გასახმობად. გაფენილ სულადს „სრავალი“ ჰქვიან. იფქლი, როცა გახმება, კიდევ უკანასკნელად „დარიჭნამენ“ - რიჭით გაასუფთავებენ, ჩაჰყრიან ხაკებში და წისქვილში წაიღებენ ვირებით და ცხენებით, ფქვავენ წმინდად“.


წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები