იშთარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იშთარი. რელიეფი. პარიზი, ლუვრი

იშთარი(შუამდ.) კერძოდ, ბაბილონური წარმოშობის ნაყოფიერებისა და ხორციელი სიყვარულის ქალღმერთი. ზოგიერთ მითოლოგიურ გადმოცემაში იშთარი ანუს, ცის ღმერთის ცოლია, თუმცა ზოგან მის ასულადაც იწოდება. იშთარის ორი ასპექტი (შუმერული ინანას ანალოგიურად) გადმოცემულია ჰიმნში შემდეგნაირად:

იშთარი, ქალღმერთი მწუხრისა, ეს მე ვარ!
იშთარი, ქალღმერთი დღისსა, ეს მე ვარ!

დილის იშთარი მეომარია, რომელსაც ვხედავთ ბარელიეფზე გამოსახულს მისი რჩეულის გამმარჯვებელის როლში. მწუხრის იშთარი სიყვარულის ქალღმერთია და ამ ასპექტითაც არის თაყვანისცემული ურუქში, სადაც მისი კულტი შეერწყა ინანას კულტს, ისე რომ მითოლოგიურ ტექსტებში მათ ერთი და იგივე თავგადასავალი მიეწერება (მაგ., ქვესკნელში ჩასვლა). იშთარის ეს ორბუნებოვნება სხვაგვარადაც არის გამოხატული: დილის ანუ მეომარი იშთარი წვეროსანია ანუ მამრი, ხოლო მწუხრის იშთარი დედრია. საღამოს ვარსკვლავის სახით წარმოდგენილი იშთარი სიყვარულის დედრი ღვთაება, ურუქის იშთარია, იმ ქალაქისა, სადაც დგას მისი მთავარი ტაძარი და რომლის გარშემოც შემოკრებილნი არიან მისი კულტის მსახური საღვთო როსკიპები (ერთ-ერთი მათგანი, სახელად შამხათი, აზიარებს ველურ ენქიდუს „დიაცურ ხელოვნებას“). ეს იშთარი, ვითარცა ომის ქალღმერთი, ქალაქ აქადთან არის დაკავშირებული: ერთი აქადური ლეგენდის თანახმად, აქადის დინასტიის დამაარსებელი სარგონი მისი აღზევებულია სრულიად შუამდინარეთის სამეფო ტახტზე. „ოდეს მებაღე ვიყავ, იშთარმა შემიყვარა. ორმოცდათხუთმეტი წელი მეფობას ვიქმოდი“, – ამბობს სარგონი ლეგენდაში.

იშთარის მითოსური სატრფო, სიყვარულის ქმარი, თამუზია, თუმცა აქადურ ენაზე არ არის შემონახული მათი სასიყვარულო ამბის შემცველი სიუჟეტები. იშთარი თამუზის ამოსაყვანად ჩადის ქვესკნელში და ვიდრე ნაყოფიერების ქალღმერთი სამზეოზე არ იმყოფება, „ხარ-ფურნი აღარ ხურაობენ, ქალწულს ყრმაწული აღარ ეუღლება. სძინავს ყრმაწულს თვისად საწოლში, სძინავს ქალწულს თვისად საქალებოში“. განსხვავებით ინანასაგან, იშთარი თითქოს არ ღუპავს თავის სატრფოს, თამუზს, მაგრამ გილგამეშის ეპოსში, როგორც ჩანს, ფოლკლორული ტრადიციით, იშთარს ბრალი ედება თამუზის უდროოდ დაღუპვაში.

იშთარის წმინდა ცხოველებია: ფური, ძუ ლომი, მტრედი; საკრალური რიცხვი 12.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები