იშხანი (მონასტერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

იშხანი − (ინგლ. Ishkhani), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო და საეპისკოპოსო ცენტრი. მდებარეობს ისტორიულ ამიერტაოში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ იშხანში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, მცირე ეკლესია.

იშხანი

თავდაპირველი ეკლესია (ბანას ტაძრის ტიპის წრიულ გარშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ტაოელი სომეხი ეპისკოპოს-ქალკედონიკის ნერსეს მიერ იყო აშენებული („ტაიქის“ სახელით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ძველი სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა). IX საუკუნის დასაწყისში, არაბების შემოსევის შედეგად, როგორც ჩანს საფუძვლიანად დანგრეული და მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებზე, გრიგოლ ხანძთელის ნათესავმა და მოწაფემ საბა იშხნელმა ახალი ტაძარი ააგო, თვით საბა კი გახდა ამ ტაძრის პირველი ქართველი ეპისკოპოსი. კათედრალმა დასრულებული სახე XI საუკუნეში, 1032 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს მიიღო. განახლებისა და „განსრულების“ მოთავე ანტონ მთავარეპისკოპოსი იყო, ხოლო ხუროთმოძღვარი ივანე მორჩაისძე. საეპისკოპოსო კათედრამ იშხანში XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.

იშხანი

ახლანდელი ტაძარი წარგძელებული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იკითხება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები მართკუთხაა. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს მართკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული სამსაფეხურიანი პილასტრებით. ჩრდილოეთით მას გრძელი, უაფსიდო სადგომი ეკვრის. სფერული გუმბათი ეყრდნობა მასიურ 4 სვეტს, რომელთაც არქიტექტურულად დახვეწილი ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის სვეტები მრავალწახნაგაა, დასავლეთის კი რთული ფორმის ჯვრისებრი დამატებული ლილვებით. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე აფრების მეშვეობით ხდება. გუმბათის თექვსმეტწახნაგა ყელზე, მონაცვლეობით, რვა გრძელი და რვა მრგვალი მდიდრულად ორნამენტირებული სარკმელია. ყელი შიგნიდან და გარედან გრეხილ ლილვებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული. მეტად ორიგინალურია გუმბათის ყელის ზედა ნაწილის მორთვა. კარნიზის კბილანა ორნამენტი მის ქვედა ხაზზე კედელს მოწყვეტილია, ჰაერშია (ასეთი დაკიდებული ფოთლები არის კაცხში და მანგლისში და სხვა ქართულ ეკლესიებშიც). ამ კარნიზს ქვემოთ ფრიზად გაჰყვება ფერადი წრეები. კარნიზი სამკუთხა დაკიდებული ფოთლების მწკრივისგან შედგება, რომლის ქვეშ წითელი საღებავით დაფარულ ფონზე დისკოების ფრიზია. თაღებისა და სარკმლების დეკორაციული შემკულობის გარდა გუმბათის ყელს ძირშიც წვრილი დისკოებისა და გრეხილისგან შემდგარი სარტყელი შემოუყვება.

გუმბათის ყელი

ტაძარი მდიდარია უნიკალური ქართული ჩუქურთმებითა და ხვეულებით, რომლებიც იშხანის ტაძარს საოცარ ხიბლს მატებენ. ტაძრის ინტერიერსა და გუმბათის ყელში პირვანდელი, XI საუკუნის, მხატვრობა და ფრესკებია შემორჩენილი. ტაძარში უამრავი მხედრული წარწერაა, რომლებშიც მრავალი ქართველი მეფე და მთავარია მოხსენიებული. 2017 დასრულებული რესტავრაციის დროს აღმოჩენილი იქნა მდიდრულად გაფორმებული მოზაიკური იატაკი.

მცირე ზომის დარბაზული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ჩრდილოეთი შესასვლელის ტიმპანზე მოთავსებული კიდურწერტილოვანი წარწერის თანახმად, 994-1008 წლებში აუშენებია მეფეთ-მეფეს გურგენს (საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის მამა). ეკლესია ამჟამად აღდგენილია. იგი შედგება დარბაზის და აფსიდისგან. დარბაზი გადახურული იყო კოლოფა (მრავალცენტრიანი) კამარით. ეკლესიის ინტერიერის კედლებზე შემორჩენილია ფრესკების ნაშთები. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, შესასვლელი კი ერთი აქვს – ჩრდილოეთიდან, რაც იშვიათობაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ფასადები და ღიობები მორთული იყო ორნამენტული საპირეებით. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია წნულებისგან შემდგარი გეომეტრიული ორნამენტები.

იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. აქვე 973 წელს, ეპისკოპოს ილარიონის შეკვეთით, შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები