კაბისტონი შავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაბისტონი შავი – ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიში

შავი კაბისტონი – ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ხშირად ნარევის სახით ჯიშ ალექსანდროულის ვენახებში, ცალკე ნარგავები იშვიათად გვხვდება. მისგან ამზადებენ ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.

ადგილობრივ მევენახეთა შორის რაჭის ზოგიერთ სოფლებში შავი კაბისტონი ცნობილია აგრეთვე: კაბიშტონის, ძველი შავი კაბისტონის, რგვალი კაბისტონის სახელწოდებით, ხოლო თეთრი კაპისტონი, გაღმოური კაბისტონი და წიწილიანი კაბისტონი შავი კაბისტონისაგან განსხვავებული ცალკე ჯიშებია.

მევენახეობამეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (ქ. თელავი) 1933 წელს რაჭიდან ჩამოტანილი შავი კაბისტონი ორი სხვადასხვა ჯიშისაგან შემდგარი აღმოჩნდა - ერთი ძლიერ თხელი აბლაბუდისებრ შებუსვილფოთლიანი, პინო ფრანის მსგავსი, მოკლემტევანა, ხოლო მეორე სქელი აბლაბუდისებრ შებუსვილფოთლიანი, საშუალო ზომის მტევნიანი – ნამდვილი შავი კაბისტონი.

შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ვაზის ჯიშია. იგი წარმოქმნილია ადგილობრივი კლტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი არ განსხვავდება ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან და მათთან ერთად მიეკუთვნება პროლ. prol. pontica Negrul.-ის (16) ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.

ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზზე დაყრდნობით აკად. ივ. ჯავახიშვილს (6) ჯიშის სახელწოდება „კაბისტონი“ სოფლის სახელწოდებად გამოყავს, აღნიშნულის შესახებ იგი წერს: „პროფ. არნ. ჩიქობავას ცნობით, აფხაზეთში ეშერას თემში სოფელ ფშალთელუღში გადმოსახლებული ლაზების სიტყვით კაბისტონა არქაბეს სანახებში მდებარე სოფელი ყოფილა. „კაბისტონელი“ ჭანურად „ვაპისტონარი“ იქნება და სწორედ ამის ბოლო მოკვეცილ ფორმას წარმოადგენს ყურძნის ჯიშის სახელი კაბისტონიც, მაშასადამე, ის ჭანური ჯიში ყოფილა.

შემდეგ ამისა აკად. ივ. ჯავახიშვილს (6) მოჰყავს შავი კაბისტონის მოკლე დახასიათება ვლ. ფოფხაძის და ს. თომაძისა, რომელთა მიხედვით შავმა კაბისტონმა „მრგვალი ბიბილო იცისო“, ხოლო ბიბილო ანუ ბიმბილი რაჭაში ყურძნის მარცვალსა ნიშნავსო, ეს ჯიში ღვინოდაც კარგია და ყურძნადაც, მაგრამ მის მოშენებას არ მისდევენო“.

აღნიშნულ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი საკმაოდ ცნობილი ჯიში ყოფილა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში, რაც მის საკმაო ხნიერებას მოწმობს. შავი კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში, მცირე რაოდენობით იგი გვხვდება აგრეთვე ზემო იმერეთში, ქართლსა და სამხრეთ ოსეთში. მთელი მისი ფართობი საქართველოში არ აღემატება 71 ჰექტარს, რომლიდანაც 70,30 ჰექტარი რაჭა-ლეჩხუმზე მოდის. ვენახების 1947 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით მისი გავრცელების ფართობი საქართველოს ცალკეულ რაიონებს შორის შემდეგნაირადაა განაწილებული (იხ. ცხრ. 1).


ცხრილი 1

შავი კაბისტონის ვენახების ფრთობი 1948 წლის 1 იანვრისათვის
მევენახეობის რაიონი ფართობი
ჰექტარობით
მევენახეობის რაიონი ფართობი
ჰექტარობით
ამბროლაურის 40,0 საგარეჯოს 0,05
ონის 28,08 ქართლი და სამხრეთ
ოსეთის ა. ოლქი
0,31
ცაგერის 2,12 იმერეთი 0,17
სულ 70,30 სულ 0,53
სულ საქართველოში 70,83

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონის რაიონში კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად ნარევის სახით, იშვიათად იგი გვხვდება აგრეთვეწმინდა ნარგავების სახითაც. ამბროლაურის რაიონში უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში მუჯურეთულთან ერთად ნარევის სახით.

მცირე რაოდენობით შავი კაბისტონი გვხვდება აგრეთვე ზემო იმერეთში, ძირითადად საჩხერისა და ჭიათურის რაიონში, ერთეული ძირების სახით. ზემო იმერეთში შავი კაბისტონი რაჭიდან უნდა იყოს შემოტანილი. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (სოფ. დიღომი), აგრეთვე თელავისა და საქარის ზონალურ საცდელ სადგურებზე და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის დასაყრდენ პუნქტებზე შავი კაბისტონი რამდენიმე ათეული ძირია.


სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯიში პირველად ბოტანიკურად აღწერილია ვენახების ექსპედიციური გამოკვლევის დროს 1933 წელს სოფ. ღარში, კოლმეურნეობის ვენახში. შემდეგ იგი უფრო დეტალურად შესწავლილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში სოფ. კურდღელაურში, რომელიც მდებარეობს თელავიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე, 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარმავთულზეა გამართული, გასხლულია ორმხრიანი შპალერის წესით, ორი საკავებლის და ორი ნეკის დატოვებით. კვების არე 3,0 კვ. მ უდრის. ვენახი გაშენებულია 1934 წელს, ვაზები დამყნობილია რუპესტრის დულოზე.

ახალგაზრდა ყლორტი

მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია საკმაო სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით და შეფერილია თეთრად, ფოთოლაკების ქვედა მხარე უფრო ინტენსიურადაა შებუსვილი. გვირგვინსა და ფოთოლაკებს ირგვლივ ღია ვარდისფერი გადაჰკრავს. მეორე იარუსის (3-5) ფოთლის შებუსვა ზედა მხრიდან კლებულობს, რის გამო ფოთლები მომწვანო-ყვითელი ხდება, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს ქეჩისებრ შებუსვას და მოვერცხლისფრო თეთრ ფერს.

ერთწლიანი ნაზარდი

კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყავისფრო ყვითელია. მუხლთშორისების სიგრძე 4-დან 9 სმ-მდე მერყეობს. ხოლო მათი საშუალო სიგრძე 6-7 სმ უდრის. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების გასწვრივ შესამჩნევია ვიწრო, მორუხო ფერის ზოლები.

ფოთოლი

შუა იარუსის ზრდადამთავრებული ფოთლები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე საშუალოდ 16-დან 19 სმ-მდე მერყეობს, ხოლო განი 16-დან 19,5 სმ-მდე, ფოთოლი მრგვალი მოხაზულობისაა ან ოდნავ განიერ ოვალურია. ფოთლის ფირფიტა მუქი მწვანე ფერისაა და უფრო ხშირად სამნაკვეთიანია, იშვიათად გვხვდება ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ფოთლის შუა ნაკვთის კუთხე უფრო ხშირად ბლაგვია, იშვიათად გვხვდება სწორკუთხიანებიც. ფოთლის ზედაპირი სწორია ან ოდნავ ბადისებრ დანაოჭებული, მისი ფირფიტა უწესოდ მიხრილ-მოხრილია, ხშირად ქვედა ნაკვთების ზევით ამოწევის გამო ფოთოლი ძაბრისებურ ფორმას იღებს.

ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, რომელთა ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს. უფრო ხშირად ამონაკვეთები დახურულია, განიერ ელიფსური ან მომრგვალო თვლიანია. ამონაკვეთების ფუძე, ბრტყელი ან მომრგვალო, იშვიათად ცალკბილიანია. გვხვდება აგრეთვე ღია, ოდნავ შესამჩნევი ან ვიწრო ყელიანი ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთებიც.

ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურებია, ხანდახან ისინი სულ არ ვითარდება. ამონაკვთების ფორმა ხშირად ღიაა, იგი პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ან შეჭრილი კუთხისებრია, იშვიათად ნაპრალისებრი ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება.

ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია, ფორმით ვიწრო ელიფსურთვლიანია ან თვალი კვერცხისმგავარი ფორმისაა. იშვიათად ყუნწის ამონაკვეთი დეზიანია, კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ფორმის მრგვალფუძიანი ამონაკვეთები.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრი კბილებით, ხოლო გვერდითი ძარღვები ცალგვერდგამოწეულ სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი აბლაბუდით, რომლის ქვეშ მოფენილია სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსი. ორივე ერთად ქმნის სქელ შებუსვას.

ყუნწის სიგრძე უდრის ან ოდნავ მოკლეა ფოთლის შუა ძარღვზე, იგი ღია მწვანეა და შებუსვილია სუსტად ფიფქისებრი აბლაბუდით.

ყვავილი

ყვავილი ნორმალური აგებულების, ორსქესიანია. ყვავილში 5-6 მტვრიანაა. მტვრიანების ძაფების შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25-1,75მ-დე მერყეობს, უფრო ხშიარდ ეს შეფარდება 1,50 უდრის. ბუტკო ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა, კარგად გამოსახული სვეტით (ყელით) და ხშირად ორად გაყოფილი დინგით.

მტევანი

მტევნები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე 10-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 5-დან 8 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე უდრის 16X6 სმ. მტევნების ფორმა ვიწრო კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, ხშირად მტევნები მხრიანია, მხარის სიგრძე ზოგჯერ ძირითად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. დიდ მტევანში 140-160 მარცვალია, საშუალოში კი 60-80. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად იგი მეჩხერია (თხელი). ჯიშს მტევნის წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქის ფერი. ყუნწის სიგრძე მერყეობს 4,5-5,5 სმ-მდე, – საშუალოდ იგი 4,0-4,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 5-6 მმ. ყუნწის ბალიში განიერი ან იშვიათად ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა. მარცვლის ყუნწი და ბალიში დაფარულია ხორკლებით. მარცვლების მიმაგრება ყუნწზე დამაკმაყოფილებელია, მარცვალი ადვილად არ წყდება ყუნწს.

მარცვალი

მარცვალი საშუალო ზომისაა. მარცვლების სიგრძე 1,4-დან 1,7 სმ-მდე, ხოლო განი 1,3-დან 1,6 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,5X1,4 სმ უდრის,. მარცვალი მომრგვალოა, იშვიათად გვხვდება ოდნავ ოვალურიც. მარცვალი შუაში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვლის შეფერვა მუქი წითელია, სრულ სიმწიფეში იგი თითქმის შავია. მტევანში მარცვლები არათანაბრადაა შეფერილი – მუქ წითელ მარცვლებთან ერთად შავი და ღია ვარსდიფერი მარცვლებიც გვხვდება. მარცვლის კანი დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს, იგი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია, რბილობი წვნიანი ოდნავ მკვირივი. წიპწები ადვილად არ ეცლება რბილობს. წვენი უფერული, სასიამოვნო ტკბილი. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად აქვს გამოსახული. კახეთში მისი მარცვალი ადვილად ჩამიჩდება.

წიპწა

მარცვალში უფრო ხშირად 2 ან 3 წიპწაა, იშვიათად ერთი და ოთხი. საშუალოდ მარცვალზე 2,8 წიპწა მოდის. წიპწის მომრგვალო-ოვალური სხეული მიხაკისფერია, მუცლის მხარეზე ღარების ფუძე და ნისკარტი მომწვანო-ყვითელია. წიპწის სიგრძე 6-7 მმ, ხოლო განი – 4-5 მმ უდრის,. ნისკარტისა კი 1,0-1,5 მმ-მდე აღწევს. ქალაძა სხეულის შუა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა, მისი ზედაპირი ბრტყელი ან ოდნავ ჩაზნექილია. ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ მიმავალი ღარი მკვეთრად, ხოლო ნისკარტისაკენ სუსტად არის გამოსახული, მუცლის მხარის ღარები საკმაოდ ღრმაა და ერთი-მეორის პარალელურადაა განწყობილი. ნაწიბური დაბალია, იგი კარგად ემჩნევა წიპწას მთელ სიგრძეზე. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა, წვერი ოდნავ გეზად აქვს წაკვეთილი.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა

დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ სადგურებზე თელავისა და ზესტაფონის საკოლექციო ვენახში. კახეთში რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების დიდი უმრავლესობა კახურ ვაზის ჯიშებთან ერთად მწიფდება, მაშინ როდესაც იმერეთის ვაზის ჯიშები 10-15 დღით უფრო გვიან მწიფდება, ხოლო ზოგიერთ წლებში სრულ დამწიფებას ვერ ასწრებს. რაჭა-ლეჩხუმი ჰავის პირობებით უფრო ახლოა კახეთთან, ვიდრე შუა იმერეთთან.

კახეთის ჰავის პირობებში (თელავის რ-ნი), წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით შავი კაბისტონის სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდებოდა.

შავი კაბისტონის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში და საქარის საცდელ სადგურზე წარმოებული დაკვირვების შედეგები (იხ. ცხრ. 2).

შავი კაბისტონის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა მევენახეობის სხვადასხვა რაიონებში
ცხრილი 2.

როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, შავი კაბისტონი კახეთის და იმერეთის ჰავის პირობებში სექტემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მერყეობს 133-დან 156 დღემდე და საშუალოდ 146-150 დღეს შეადგენს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ამ ხნის მანძილზე 2950ºუდრის. ამ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ჯიშებს მიეკუთვნება და იგი თავისუფლად შეიძლება რეკომენდებული იქნეს ფართო გამოცდისათვის რაჭა-ლეჩხუმზე უფრო გრილ ჰავიან რაიონებში.

კაბისტონის ერთწლიანი ნაზარდი (რქები) თავისუფლად ასწრებს შემოსვლას ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის და კარგად გახევებული და მომწიფებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

მოსავლიანობა

შავი კაბისტონი ადრე იწყებს მოსავლიანობას. მისი ერთწლიანი ნამყენი დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა. შავი კაბისტონი რაჭაში საშუალოზე მეტი მოსავლიანობით ხასიათდება. მისი მოსავლიანობის კოეფიციენტი 2,0 უდრის ანუ რქაზე საშუალოდ 2 მტევანს ისხამს. ძირის მოსავლიანობა შეადგენს 2-2,5 კგ, ანუ ჰექტარზე გადაყვანით მისი მოსავალი 80-100 ცენტნერს აღწევს. ონის რაიონში მისი მოსავლიანობა 2,0-2,25 მ კვების არეზე ქართული წესით ფორმირების დროს ძირზე 1,5 კგ, ხოლო უდიდესი 2,0-2,5 კგ შეადგენს. ჰექტარზე გადაყვანით მისი მოსავლიანობა საშუალოდ 60-80 ც, ხოლო ნოყიერ ნიადაგებზე 80-100 ცენტნერს აღწევს, საშუალო მტევნის წონა 120 გ, ხოლო მსხვილი მტევნისა 200-250 გ უდრის. შავი კაბისტონი კახეთის პირობებშიაც კარგი მოსავლიანობით ხასიათდება. ასე მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში 1949 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით მისი მოსავალი საშუალოდ ძირზე 1830 გ უდრიდა, ხოლო ცალკეული ძირების მოსავლიანობა 3-4 კგ აღწევდა. მსხმოიარობის კოეფიცენტი 1,52, ხოლო მტევნის საშუალო წონა 123 გ უდრის,. 1950 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით ცალკეული ძირების მოსავლიანობა მერყეობდა 1,5-5,2 კგ-მდე. ძირის საშუალო მოსავალი 3,1 კგ, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,64 და მტევნის საშუალოდ წონა 152 გ უდრიდა. თელავის პირობებში ჯიში კარგი მოსავლიანობითა და პროდუქციის ღირსებით ხასიათდება.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა

რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით შავი კაბისტონის შედარებითი გამძლეობა, როგორც მილდიუმის, ისე ნაცრის მიმართ შეფასებულია საშუალოდ. იმერეთში, ზესტაფონის რაიონში (ს. საქარა) წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით (თ. კვარაცხელია, 15, ა. მიროტაძე, 12) შავი კაბისტონის გამძლეობა მილდიუმის მიმართ სუსტია. სხვა ავადმყოფობისაგან ჯიშის სამეურნეო მნიშვნელობის დაზიანება აღნიშნული არ არის. ზამთრის ყინვების მიმართ ჯიში შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება.


ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნის მექანიკური შედგენილობა

მტევნის გარეგნული შეხედულება მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთთან შეფარდება და წვენის ქიმიური შედგენილობა მიგვითითებს შავი კაბისტონის ყურძნის უდავოდ საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მოცემულია შავი კაბისტონის მტევნის მექანიკური და ყურძნის წვენის ქიმიური ანალიზის მაჩვენებლები. ყურძნის ანალიზი შესრულებულია საქარის საცდელ სადგურის მეცნ. თანამშრო. ვ, დემეტრაძის (1) მიერ 1940 წელს (იხ. ცხრ. 3).

შავი კაბისტონის ყურძნის მექანიკური ანალიზის მონაცემები
ცხრილი 3.

როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს ლაბორატორიულ პირობებში შავი კაბისტონის ყურძნის წვენი საკმაოდ მაღალი (77,4%) გამოსავლიანობით ხასიათდება. წარმოების პირობებში ჭაჭის გამოსავლიანობა მეტია და უდრის 24-26%, ხოლო ტკბილისა 74-76%.

წვენის ქიმიური შედგენილობა

შავი კაბისტონი საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. ამიტომ მას უფრო ხშირად მუჯურეთულთან და ალექსანდროულთან ერთად კრეფენ ადგილობრივი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის „ხვანჭკარას“ დასაყენებლად. შაქრის დაგროვების დიდ უნარს ჯიში კარგად ინარჩუნებს კახეთის პირობებშიაც. ამბროლაურის რაიონში შავი კაბისტონის შაქრიანობა 20-22% აღწევს, ასეთივე მაღალი შაქრიანობით ხასიათდება იგი კახეთშიაც (თელავში). შაქრიანობა-მჟავიანობის დაგროვების უნარის დასახასიათებლად ქვემოთ მოგვყავს ყურძნის წვენის ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 4).


ცხრილი 4

შავი კაბისტონის ყურძნის წვენის შაქრიანობა-მჟავიანობის მაჩვენებლები
ანალიზის წარმოების
ადგილი
მოსავლის
წელი
ანალიზის
შესრულების
თარიღი
შაქარი
%-ით
სიმჟავე
‰-ით
სოფ. ტოლა
(ამბროლაურის რ-ნი)
1936 10.X 22,1 10,3
სოფ. ღარი 1951 6.X 20,0 6,2
სოფ. ღარი 1952 11.X 17,3 7,0
სოფ. ღარი 1953 14.X 17,2 8,4
სოფ. სორი 1953 16.X 19,1 6,1
ქ. თელავი,
მევენახეობის ინსტიტუტი
საკოლექციო ვენახი
1945
1946
1947
22.IX
19.IX
8.IX
16,0
21,3
19,5
10,5
7,14
7,4
ქ. თელავი, მევენახეობის
ინსტიტუტი საკოლექციო
ვენახი
1948
1949
1950
5.X
8.X
14.IX
16,1
19,5
22,2
6,75
8,6
8,0

ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი

უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ნარგავებში ჯიშ მუჯურეთულთან ერთად მინარევის სახით და მათთან ერთად იწურება ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის „ხვანჭკარას“ დასამზადებლად. უფრო იშვიათად შავი კაბისტონი გვხვდება აგრეთვე წმინდა ნარგავების სახით, ძირითადად კოლმეურნეობის წევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. ამ შემთხვევაში იგი იწურება ცალკე, ადგილობრივი ტიპის სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. შავი კაბისტონის ღვინო საშუალო ღირსებისაა, ზოგიერთ წლებში იგი ხარისხოვან, კარგად შეფერილ ზომიერ სხეულიან, ენერგიულ და ჰარმონიულ ღვინოს იძლევა. შავი კაბისტონიდან საცდელად დამზადებული ღვინის ნიმუშები კარგი გემური თვისებებით ხასიათდებოდა: ღვინო უფრო ხშირად ლამაზი წითელი ფერის ან მუქი ვარდისფერია, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი. ზოგი მეურნე უკეთეს შედეგს აღწევს შავი კაბისტონის ალექსანდროულის ჭაჭაზე დაყენებით. ამ შემთხვევაში უმჯობესდება, როგორც ღვინის ფერი, ისე მდიდრდება იგი სხეულით და უმჯობესდება მისი გემური თვისებები. ყველა ამის გამო უფრო ხშირად ამჯობინებენ შავი კაბისტონის მიმატებას ალექსანდროულთან „ხვანჭკარას“ ტიპის ღვინის დასამზადებლად. გლეხურ მეურნეობებში კაბისტონის ყურძნის გადამუშავება ხდება ხორგოში ანუ საწნეხელში ყურძნის საჭყლეტი მანქანების გამოყენებით. წვენი ჭაჭასთან ერთად რჩება ხორგოში სადუღრად. დუღილის პერიოდში ჭაჭიან ტკბილს ხორგოში დღეში ორჯერ ან სამჯერ დაურევენ „ქუდის“ ჩაზელვით. მძაფრი დუღილის დამთავრებისას, დაწურვიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ, ღვინოს ასხამენ სუფთა ქვევრში, ახურავენ სარქველს და მჭიდროდ გლესავენ თიხით. დარჩენილ ჭაჭას გამოწურავენ, რომლის შემდეგ მას ჩაყრიან ცალკე ქვევრში, მაგრად გაძეკავენ და ინახავენ არყის გამოსახდელად.

შავი კაბისტონისაგან საქარის საცდელ სადგურზე დამზადებული საცდელი ღვინოები სადეგუსტაციო კომისიის მიერ დაჭაშნიკებული და დახასიათებულია შემდეგნაირად: „1931 წლის მოსავლის კარგად დაწმენდილი, ლამაზი წითელი ფერის, გამოსახული არომატით, საკმაო ენერგიული, ოდნავ უხეში გემოს ღვინო“. შავი კაბისტონის ღვინის ნიმუშების ქიმიური ბუნების დასახასიათებლად ქვემოთ მოგვყავს საქარის საცდელ სადგურზე ჩატარებული ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 5).

შავი კაბისტონის ღვინის ქიმიური ანალიზის მონაცემები
ცხრილი 5.

როგორც მე-5 ცხრილიდან ჩანს შავი კაბისტონის ღვინის ნიმუშები საკმაო მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება. მაღალ ალკოჰოლიანობასთან ერთად ექსტრაქტსაც დიდი რაოდენობით შეიცავს.

შავი კაბისტონი გამოცდილია ძირითადად სუფრის წითელი ღვინისა და ალექსანდროულთან ერთად „ხვანჭკარას“ ტიპის ღვინის დასამზადებლად. სხვა მიმართულებით ჯიში შესწავლილი და გამოცდილი არაა. ყურძნის წვენისა და სუფრის ღვინის ქიმიური ანალიზების მონაცემების მიხედვით ჯიში შეიძლება პერსპექტიულად მივიჩნიოთ აგრეთვე ყურძნის უალკოჰოლო წვენისა და ხარისხოვანი საკონიაკე ღვინომასალის დასამზადებლად. ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნად ჯიში ნაკლებად გამოსადეგია, როგორც გარეგნული შეხედულებით ისე გემური თვისებებითაც.


საერთო შეფასება და რაიონირება

შავი კაბისტონი ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია. მისი ვენახების ფართობი მოქცეულია ამბროლაურისა და ონის რაიონებში. უფრო ხშირად ჯიში გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში ნარევის სახით, იშვიათად წმინდა ნარგავების სახითაც, ძირითადად კოლწევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. ჯიშის მოსავალი ალექსანდროულთან და მუჯურეთულთან ერთად იწურება „ხვანჭკარას“ დასამზადებლად, იშვიათად ცალკეული ნაკვეთებიდან მისგან სუფრის წითელ ღვინოსაც ამზადებენ.

კაბისტონისაგან დამზადებული სუფრის ღვინო კარგი შეფერვით, ენერგიით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი ხასიათდება. ზოგიერთ წლებში მისგან საკმაოდ ხარისხოვანი ღვინო დგება. ჯიშის დადებითი თვისებებს მიეკუთვნება შედარებით მაღალი მოსავლიანობა და ადრე მწიფობა, პროდუქციის კარგი ხარისხი და ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინისათვის. უარყოფით თვისებებს წარმოადგენს მილდიუმის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა, მარცვლების არათანაბარი მომწიფება და ღვინის არაინტენსიური შეფერვა. საქარვთელოს ვაზის ჯიშების სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში ჯიში შავი კაბისტონი შეტანილი არ არის.

ჯიში პერსპექტიულია, იგი თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ამბროლაურის რაიონში ჯიშ ალექსანდროულთან და მუჯურეთულთან ერთად ძირითადად „ხვანჭკარას“ ტიპის ღვინის დასამზადებლად, ხოლო ონისა და ცაგერის რაიონებში სუფრის წითელი ღვინისათვის.

ჯიში სასურველია გამოიცადოს ფართო მასშტაბით უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხოვანი კონიაკების ღვინომასალების დასამზადებლად, როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე ზემო იმერეთსა და შიგნი კახეთში (ალაზნის მარცხენა მხარე). შავი კაბისტონი როგორც შედარებით საადრეო ჯიში შეიძლება რეკომენდებული იქნეს გამოსაცდელად საბჭოთა კავშირის სამხრეთ რაიონებში, ძირითადად სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.


ლიტერატურა

1. დემეტრაძე ვ. მასალები დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარაიონებისა და სპეციალიზაციისათვის, ქუთაისი, 1936.
2. მიროტაძე ა. რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, თბილისი, 1939.
3. მოდებაძე კ. მეღვინეობის წიგნი. თბილისი, 1948.
4. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
5. ტაბიძე დ. მევენახეობის განვითარება საქართველოში. თბილისი. 1950.
6. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია. ტ. II, თბილისი, 1934.
7. ჯორჯაძე ლ. მევენახეობა, ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. თბილისი, 1876.
8. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობა, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 1939.
9. Бахтадзе И. Экономический бытгосударственных крестьян Шорапанского уезда Кутаисской губернии, Т. V, часть II, Тифлис, 1887
10. Вацадзе Е. Г. Виноделие в Имеретии. Сборник сведений по виноград. и винод. на Кавказе. вып. III. 1896.
11. Гораев К.Н. Анализы вин Кутаиской губ. скраткими характеристиками районов и почв. Труды лабор. при Сакарском пит. амер. лоз. вын. 7, 1914.
12. Гораев К.Н. К вопросу о хозайств. ценности важнейших имеретинскихи некоторых привозных сортов винограда в условиях Кутайской губ. Труды лабор. при Сакарском пит. америк. лоз. выпуст7, 1914.
13. Герасимов М.А. Виноделие, Москва, 1938.
14. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, М. 1938.
15. Кварацхелия Ф.К. Западно-грузинские сорта винограда. Кутаиси, 1936.
16. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. Доклады АН СССР, том XVIII, №8, Москва 1938.
17. Пиралов. Кризис виноделия в Имеретии. Кавказское хоз-во. №20. 1910.
18. Старосельский А.В. Материалы по ампелографий Кавказа. вып. I. Тифлис, 1893.
19. Фролов-Багреев. О желательности восстановления типа Цимлянскихвин. Сборник Докл. энохим. лабор. за 1931 год.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები