დოლმიანი სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კადამა სახლი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dolmiani saxli.JPG

დოლმიანი სახლი — დოლმიანი სახლი (ტოლმიანი სახლი) ჩარჩო-კარკასიან სახლთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. მას ზოგჯერ „კადამა სახლის” სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ. სიტყვა „ტოლმიანი” (დოლმიანი) „შეფუთვის” მნიშვნელობასთან უნდა იყოს და კავშირებული. მაგალითად, ტოლმიანი ფხალი გამოთქმაში − „დღეს ტოლმიანი ფხალი უნდა გავაკეთო”. ტოლმიანი სახლის სახელწოდებაც ქვების შეფუთვას გულისხმბობს.

სახლის კედელი უჯრედებად იყო ქცეული. კირხსნართან ერთად კედელში ჩასმულ ხის სხვადასხვა ფორმის ჩარჩოებში ქვებს აწყობდნენ. ფაქტობრივად ქვები ოთკუთხა უჯრედებით იყო შეფუთული და, შესაბამისად, მას ტოლმიანს უწოდებდნენ. კარკასიან-სარტყლებიან ამდაგვარ სახლებს არამხოლოდ აჭარაში, არამედ, ზოგადად, ჭოროხის ხეობის სხვადასხვა ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეში ხშირად შეხვდებოდით. კონსტრუქციულად იგი ხის ჰორიზონტალური და შვეული, აგრეთვე, ირიბად განლაგებული ძელების სისტემით შექმნილი კარკასი იყო, რომელშიც ღია ადგილები ქვით, აგურითა და სხვა მასალით ივსებოდა. ეს იგივე ფახვერქის კედელი იყო.

კლარჯეთში ისე, როგორც კლარჯეთიდან თურქეთის - შავი და მარმარილოს ზღვის აუზის პროვინციებში მიგრირებულ მოსახლეობაში, მუჰაჯირთა შთამომავლებში მსგავსი სახლები „კადამა სახლის” სახელწოდებით იყო ცნობილი. ჭოროხის აუზშიც ეს ტერმინი არაერთგან გვხვდებოდა. მარადიდში, კიკიეთის დასახლებაში – დოდიოღლებში გათლილი ქვებით ნაშენი ძველი სახლი დღესაც შემონახულია, რომელსაც კადამა სახლი ქვია.

კადამა სახლები მდინარის ქვებით შენდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასალაში ხე არ მონაწილეობდა, პირიქით, იგი ქვისა და ხის კობინაციებით იყო ნაგები. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტიპის კადამა სახლს „ფიცრის სახლსაც” ეძახდნენ იმის გამო, რომ საცხოვრებლის შიდა ოთახები ფიცრებით იყო ნაკეთები. სხვათაშორის, კადამა სახლი კლარჯეთში იგივე დოლმიანი სახლი იყო და იგი ნაირსახეობებით ხასიათდებოდა. მისი რამდენიმე ვარიანტიც გამოიყოფოდა. დოლმიანი (კადამა) სახლის დამახასიათებელი ნიშან-თვისება კარკასი – წაბლის ხის სალტეები გახლდათ, რომლებშიც სხვადასხვა მდინარიდან მოტანილი ე. წ. „გარეთა ქვები” იყო ჩაწყობილი. ჭოროხის აუზის მოსახლეობაში ადრე, როგორც ჩანს, ამდაგვარი სახლების ასაშენებლად ქვა და თიხაც გამოიყენებოდა, რომელიც შემდეგ კირ-ხსნარმა და კიდევ უფრო გვიან – აგურმა შეცვალა. სხვათაშორის, დღესაც გვხვდება ამდაგვარი, როგორც ერთსართულიანი, ისე ორსართულიანი სახლები. საბოლოოდ შედარებით დიდი ზომის ჩარჩო-კარკასიანი სახლები მივიღეთ, რომლებიც ძირითადად აგურით იყო ნაშენი. სრულიად შესაძლებელია, ისინი დოლმიანი სახლების შემდგომი განვითარების შედეგს წარმოადგენდნენ, როცა სამშენებლო ტექნოლოგიებში თანდათანობით აგური დამკვიდრდა. სწორი უნდა იყოს აზრი იმის შესახებ, რომ თუ რიყის ქვა აგურმა შეცვალა, მაშინ კედელი „ფახვერკის კედლის” მსგავსი უნდა ყოფილიყო, რამაც თანდათანობით სამეცნიერო მიმოქცევაში ისეთი ტერმინი შემოიტანა, როგორიცაა „ფახვერქიანი სახლი”. „ფახვერქი” გერმანული სიტყვაა – Fachwerk, რომელიც ინგლისურ half-fimbered-ს შეესაბამება, რაც ქართულად „ნახევრად ხის სახლს” ნიშნავს.

ფახვერკული ნაგებობები ფართოდ იყო გავრცელებული სამხრეთ საქართველოში, ჭოროხის ხეობის, შავი, მარმარილოსა და ეგეოსიის ზღვების აუზთა ქართულ მოსახლეობაში, ასევე, იგი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის არქიტექტურის თვალსაჩინოებასაც წარმოადგენდა. ფახვერკიანი სახლების გავრცელების გეოგრაფიის განსაზღვრის თვალსაზრისით საინტერესოა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთის საცხოვრებელი სახლი. იგი ორსართულიანია. სახლის გვერდითი და საცხოვრებელი სართულების შიდა კედლებისთვისაც ფახვერკიანი კონსტრუქციებია გამოყენებული. სოფელ ასურეთის სახლის მშენებლობა XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ გერმანელებს მიეწერება. ეს გარემოება, ფახვერკიანი სახლების გავრცელების ტრაექტორიისა და სხვა კულტურულ-ისტორიული საკითხების კვლევის პროცესში მართლაც გასათვალისწინებელია. ფახვერკის სისტემით ნაგები სახლები არამარტო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, არამედ, როგორც აღინიშნა, ჭოროხის აუზის მოსახლეობის დასახლებათა სისტემაში ტიპურ მოვლენას წარმოადგენდა და შავიზღვისპირეთიდან, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვების მიმართულებით ევროპისკენ ფართოდ ვრცელდებოდა.

თანამედროვე აჭარის ტერიტორიაზე ისინი როგორც მთის, ისე მთისწინა ზოლშიც გვხვდებოდა. ამგვარად ნაგები სახლების უმეტესობა, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით დაწინაურებულ ფენას ეკუთვნოდა. დოლმიანი კედლის ორი სახესხვაობა იყო ცნობილი. ერთი როცა ჩარჩო-კარკასი კვადრატული ანდა ოთხკუთხოვანი იყო და მეორე, როცა იგივე ჩარჩო-კარკასი დიაგონალურადაც იყოფოდა. ხის კვადრატებში ჩასმული ქვებით დოლმიანი, იგივე, დოლმიანი სახლი აჭარაში ისეთი საცხოვრებელი ნაგებობა იყო, რომლის გვერდები ორმაგი კედლებით იყო წარმოდგენილი. პირველი − გარე კედელი გამძლე მასალისაგან, მუხისაგან ანდა წაბლისაგან შენდებოდა. მთელი კედლის კვადრატებად ქცეულ ღიობების სიცარიელეებში ქვები ეწყობოდა და ამით გარე ფასადები მხატვრულ-დეკორატიულ იერსახეს ღებულობდა. ამასთან, ასეთ კედელს თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან იგი ფაქტიურად ტყვიაგაუმტარი იყო.



ლიტერატურა

  • მგელაძე, შოშიტაშვილი... 2009;
  • მგელაძე, ტუნაძე... 2016:330-332.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები