კავკასიის ალბანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიის ალბანეთი - (ქართ. – რანი; სომხ. – ალუანქ; სირ. – არან; არაბ.-სპარს. – არ-რანი) ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო კავკასიაში, რომლის ტერიტორია დაახლოებით ემთხვევა ახლანდელ აზერბაიჯანისა და დაღესტნის რესპუბლიკის (რფ) სამხრეთ ნაწილს.

ანტიკური ეპოქის ავტორები (სტრაბონი) ალბანელების განსახლების არეალად წარმოადგენენ კავკასიონის ქედსა და მტკვრის ქვემო დინებას შორის კასპიის ზღვის სანაპიროზე მოქცეულ ტერიტორიას, შემდგომ საუკუნეებში წყაროები არ იძლევიან საშუალებას, ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს კავკასიის ალბანეთის საზღვრები, რადგანაც მათი განსახლების არეალი მნიშვნელოვნად შეიცვალა ისტორიულ ალბანეთში მასქუთების (მასაგეტების) ჩასახლების შემდეგ (ახ.წ. I-II სს.). ძვ. წ. II ს. ალბანეთის 26 ტომის გაერთიანებით წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო.

I-II სს. ალბანეთის ძირითად ნაწილში ჩასახლებულმა მასქუთებმა ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო ქ. ჩოლი (ჩორი). მათი დასახლების სიღრმე კასპიის ზღვიდან მტკვარ-არაქსის შესართავამდე აღწევდა. ამ ადგილამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან ჰერეთის, ხოლო მარჯვენა სანაპიროს მხრიდან რანის ოლქის საზღვრებია.

პლინიუს მცირის მიერ ნახსენები ალბანელების მასქუთებამდელი დედაქალაქი – კაპალაკი – კასპიის ზღვასთან ახლოს მდებარეობდა (ეს არ უნდა მივიჩნიოთ ამჟამინდელ ქ. ყაბალად, რომელიც ისტორორიული ჰერეთის ოლქში მდებარეობს). ძვ.წ. I ს. ქართლის სამეფომ ალბანეთისგან დაიბრუნა ჰერეთი.

მასქუთების ჩასახლების შემდეგ ალბანელების კულტ-პოლიტიკურმა ცენტრებმა მათი განსახლების ძირითადი რეგიონიდან (კასპიისპირეთიდან) უფრო ჩრდილო-დასავლეთით, რანისა და ჰერეთის მიმართულებით გადაინაცვლა. ალბანთა ტომები დასუსტდნენ, მათი საცხოვრისის უმთავრეს კერად საქართველოს საზღვრებთან მდებარე შემდეგდროინდელი რანი იქცა. ამის შემდეგ ალბანეთად, ძირითადად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორია იწოდებოდა, რომელსაც ქართველები რანს უწოდებდნენ. სავარაუდოდ, კასპიისზღვისპირეთიდან მიგრირებული ალბანელების ჩასახლებამდე რანის ოლქი, მსგავსად ჰერეთისა, ქართულენოვანი ტომებით იყო დასახლებული. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს მოვსეს ხორენაცისა და მის მიერ დამოწმებული აგათანგელოზის ცნობები იმის თაობაზე, რომ ნმ. ნინომ იქადაგა ქართველთა შორის „ვიდრე მასქუთებამდე“: „სანატრელი ნუნე წავიდა იქედან, რათა თავისი ადვილგასაგები საუბრით ქართველთა ქვეყნის სხვა კუთხეებიც დაემოძღვრა... მან იქადაგა სახარება კლარჯეთიდან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარამდე, მასქუთთა საზღვრამდე, როგორც ამას აგათანგელოზი გაუწყებს შენ“, მასქუთებამდე, ანუ მტკვარარაქსის შესართავამდე კი რანისა და ჰერეთის ოლქები მდებარეობდა. შესაბამისად, ხორენაცისა და აგათანგელოზის ცნობებით, ისინი ქართველებით ყოფილა დასახლებული ჯერ კიდევ IV ს. წმ. ნინოს ქადაგების დროს.

სომხური წყაროებით, ალბანეთად უკვე მასქუთებით დასახლებული მტკვრის მარცხენა სანაპიროს ქვეყანა მიიჩნევა, კასპიისპირეთიდან კავკასიის მთებამდე. შემდეგდროინდელი ალბანეთის საკათოლიკოსოს იურისდიქცია მთელ აღნიშნულ, მასქუთებითა და ასევე ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ, მიწა-წყალს მოიცავდა ჩოლის, კასპიისპირეთისა და რანის რეგიონების ჩათვლით.

ეთნოდემოგრაფიული სურათი, როგორც აღინიშნა, შეცვალა ალბანეთის უმთავრეს ნაწილში, ანუ კასპიისპირეთში, მასქუთების ჩასახლებამ. ალბანური მოსახლეობა ორად გაიყო: ძირითადი ნაწილი რანის ოლქში აღმოჩნდა დასახლებული, მცირე კი – ჩოლის რეგიონში, კავკასიის მთებისაკენ. მათ ლფინებს, ჭილბებსა და სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ.

ქრისტიანობის გავრცელებამ ხელი შეუწყო აღნიშნული მიწა-წყლის მრავალეთნიკური მოსახლეობის კონსოლიდაციას. ამავე დროს, ეს პოლიეთნიკურობა იქცა იმის მთავარ მიზეზად, რომ ვერ ჩამოყალიბდა და ვერც გავრცელდა ყველასთვის ერთი საერთო ალბანური ენა და კულტურა.

ალბანეთის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი იყო კავკასიაში. ტრადიციით, ქრისტიანობა აქ მოციქულთა მოწაფემ, ელისემ (ელიშემ) იქადაგა. მის შესახებ არსებობს ორი გადმოცემა: პირველი გადმოცემის თანახმად, ალბანეთში ქრისტიანობა შევიდა უშუალოდ იერუსალიმიდან (სომხეთის გვერდის ავლით) განმანათლებელ ელისესგან, რომელიც იყო უფლის ძმის, იაკობის მოწაფე. ეს ვერსია მიუღებელი გახდა VII ს., მას შემდეგ, რაც ა-ის ეკლესიამ თავისთავადობა დაკარგა და სომხ. ეკლესიის ნაწილად იქცა. მეორე, ახალი ვერსიით, ელისე იყო სომხეთის განმანათლებელ წმ. მოციქულ თადეოზის მოწაფე და მხოლოდ შემდეგ შეხვდა ის მოციქულ იაკობს; კერძოდ, სომხეთში წმ. მოციქულ თადეოზის ქადაგებათა შემდეგ მისი მოწაფე ელისე იერუსალიმში დაბრუნებულა, მიუღია კურთხევა ეპისკოპოს იაკობისგან, უფლის ძმისაგან და დაბრუნებულა უკან ალბანეთში, სადაც ჩორის ციხესიმაგრესთან ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგება დაუწყია „მასქუთების მხარეში“, მოციქული ელისე, რომელიც წამებით აღსრულებულა, იქცა ალბანთა ქრისტიანობის სიმბოლოდ. ორივე ვერსიას გადმოგვცემს მოვსეს კალანკატუაცის (VII ან X ს.)„ალვანთა ქვეყნის ისტორია“.

III ს. ალბანეთი ირანის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა. მას მართავდა ირანის შაჰებს დამორჩილებული ადგილობრივი დინასტია. IV ს. ალბანეთის მეფე ურნაირი განუდგა სპარსელებს, ჩავიდა სომხეთში და საკუთარ დიდებულებთან ერთად მოინათლა. ქრისტიანობა მის სამეფოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ პერიოდში, სომხური წყაროებით, ისტორიული ალბანეთის დიდ ნაწილში მტკვარ-არაქსის შესართავიდან (შემდეგდროინდელ შამახიდან) კასპიის ზღვამდე, მასქუთების მხარეში ქრისტიანობა გრიგოლ განმანათლებლის შვილიშვილს, გრიგორისს, უქადაგია და მასქუთთა ხელით მოწამებრივად აღსრულებულა. წყაროებში ეს გრიგორისი მოიხსენიება ივერიისა და ალბანეთის ეპისკოპოსად.

აღსანიშნავია, რომ იმჟამად მასქუთების ქვეყნის მოსაზღვრე ჰერეთი და რანი ჯერ კიდევ მიიჩნეოდა იბერიის (ივერიის) ერთ-ერთ ნაწილად და ამიტომ ისიც იბერიად იწოდებოდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ შემდეგდროინდელი ჰერეთის დედოფალი დინარი რუსულ წყაროებში ივერიის დედოფლად მოიხსენიება (როგორც ჰერეთის დედოფალ დინარს, ასევე მტკვარ-არაქსის შესართავამდე მდებარე ჰერეთში მქადაგებელ გრიგორისს იბერიასთან აკავშირებდნენ). V ს. 10-იან წწ. ალბანეთის დედაქალაქი იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქალაქი ფაიტაკარან-ბაილაკანი, სადაც მცხოვრებ გარგარელთა ენა მიღებულ იქნა ალბანურ სალიტერატურო ენად (ზ. ალექსიძე). შემდეგში, V ს. შუა წლებში, ალბანეთის სახელმწიფოს აღდგენისთანავე, ალბანეთის მეფეებმა, კერძოდ, მეფე ვაჩე II-მ (444-463), ახალი დედაქალაქი პარტავი (ბარდავი-ბარდა) მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ააგო. ეს ქალაქი იქცა ალბანეთის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად, ამის გამო შეიცვალა საეკლესიო-სალიტერატურო ენაც. იქაური (ე.ი. არანული) ენა იქცა ალბანელთა სალიტერატურო ენად (ზ. ალექსიძე)

სპარსეთი ცდილობდა, კავკასიელ ქრისტიანებში ზოროასტრიზმი დაენერგა. ამ მხრივ სპარსული პოლიტიკა განსაკუთრებით გააქტიურდა შაჰ იეზდიგერდ II-ის დროს, რასაც მოჰყვა კავკასიელ ხალხთა მძლავრი ანტიირანული აჯანყება (450-451). აჯანყების მეორე ეტაპზე ალბანელებმა შეძლეს ჩოლის (ჩორის) გადასასვლელის დაჭერა კასპიისპირზე, მაგრამ მალე სპარსელებმა დაქირავებული ჰუნ-ონოგურების დახმარებით მოახერხეს ალბანელთა წინააღმდეგობის გატეხა და მათი დამარცხება. 462 წ. მათ გააუქმეს ალბანეთის სამეფო და შექმნეს სამარზაპანო, რომელშიც შევიდა ალბანეთის კასპიისპირა პროვინციები, ასევე არცახი, უტიკი და უტიკის ჩრდილოეთით მდებარე ქართული მიწა-წყლის ერთი ნაწილი თბილისის მიმართულებით ჰერეთთან (ყაბალის რეგიონი) ერთად.

ალბანეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სპარსი მარზაპანებიც 30 წლის განმავლობაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ისხდნენ. არაბობამდელ ეპოქაშიც ა-ის ძირითადი ნაწილი მოიცავდა მტკვრის მარჯ. სანაპიროს. უსაფუძვლოა ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცება, რომლებიც ალბანეთს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ალაზნის ხეობაშიც კი ათავსებენ.

ვაჩე II–ის ნათესავმა, ვაჩაგან III-მ (487-510), აღადგინა მტკვრის მარჯენა სანაპიროზე მდებარე ალბანთა სამეფო. 551 წ. ალბანეთის ეკლესიის მეთაურმა მიიღო კათოლიკოსის ტიტული. პირველი კათოლიკოსი იყო აბასი, რომლის კათედრა პარტავში მდებარეობდა. „ეპისტოლეთა წიგნის“ მიხედვით, ალბანეთში იყო შემდეგი საეპისკოპოსოები: პარტავის, ჩოლის, კაპალაკის, ამარასის, ხაშუს, ტალაძანკის, შაქისა და სალიანის. ვაჩაგან III-ის გარდაცვალების შემდეგ ირანელებმა ისევ სამარზაპანო შექმნეს, რომელშიც ჰერეთიც შედიოდა. სამარზაპანოში ჰერეთის შეყვანის გამო VI საუკუნიდან ქართლიუ წყაროები მთელ ალბანეთს ჰერეთად მოიხსენიებს. VI ს. ალბანეთი ქართლსა და სომხეთთან ერთად სპარსეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, VII ს. ბოლოსათვის კი – არაბების.

VII ს. ალბანეთში პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვა უტიკის (გარდმანის) ოლქმა. მისი მმართველი ჯუანშერი (640-680) ისევე, როგორც მისი მემკვიდრე ვარაზ-თრდატი, მართლმადიდებლები იყვნენ, ამის გამო 705 წ. ვარაზ-თრდატი ქრისტიანობის მდევნელმა ქვეყნის მპყრობელმა არაბებმა თანამდებობიდან გადააყენეს და არანი (ანუ ალბანეთი) უშუალოდ ხალიფატის შემადგენლობაში შეიყვანეს, კერძოდ, სახალიფოს იმ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც არმენია ერქვა და რომლის ცენტრი იყო ქ. დვინი. დვინის სომხური საკათოლიკოსო გაძლიერდა და ახლა ალბანეთის ეკლესიასაც აკონტროლებდა, როგორც არმენიაში შემავალი ერთერთი ოლქის ეკლესიას. არმენიის შემადგენლობაში ალბანეთი (არანი) თითქმის IX ს. ბოლომდე დარჩა. არაბებმა, რომლებიც ბიზანტ. საპირისპიროდ, სომხეთში მონოფიზიტობას მფარველობდნენ, აიძულეს ალბანელები, სომხური აღმსარებლობა გაეზიარებინათ. VII ს. ბოლოს, როგორც მოვსეს კალანკატუაცის შრომიდან ჩანს, არაბულმა ხელისუფლებამ ალბანური ეკლესია სასტიკად დასაჯა პრობიზანტიური ანუ ქალკედონური მიმართულებისათვის და ის სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიას დაუმორჩილა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა ალბანეთის მოსახლეობის არმენიზაცია, რასაც მოსახლეობის ნაწილის ისლამიზაცია ერთვოდა.

მოვსეს კალანკატუაცის მიხედვით, „ალბანეთის საკათალიკოსო ტახტზე ავიდა ქალკედონიტი ნერსესი გარდმანის (უტიკის) ეპისკოპოსი. მას მხარს უჭერდა ალბანეთის ქალკედონიტი დედოფალი სპარამი, ვარაზ-თრდატის მეუღლე. სომხეთის კათოლიკოსმა ელიამ ამ ამბის შეტყობისთანავე ნერსესს არაბებთან უჩივლა. არაბ ხელისუფალს სომეხთა კათოლიკოსმა მისწერა: სომხეთი ღმერთის ნებით არაბებს ემორჩილება და ემსახურება, ალბანელები და სომხები ქრისტიანები არიან, მაგრამ ალბანელთა კათოლიკოსი, რომელიც პარტავში ზის, შეუთანხმდა ბერძენთა იმპერატორს, იხსენიებს მას ლოცვებში და ალბანელთა ქვეყანას აიძულებს, მიიღოს ბიზანტიური სარწმუნოება. სომეხთა კათოლიკოსმა მოუწოდა ამირას, რომ ალბანელი ქალკედონები დაესაჯა, რაც ამირამ სიამოვნებით აღასრულა და სომეხთა კათოლიკოსს შეატყობინა, რომ ალბანეთში გაგზავნა დიდძალი ჯარი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ქალკედონი ალბანელები სომხურ სარწმუნოებაზე მოექცია – ამ მეომრებმა „...ჩვენი ხელისუფლებისაგან გამდგარი ალვანელები თქვენი სჯულის მიხედვით სიმართლეზე უნდა მოაქციონ“. იმავე წერილში არაბი ამირა სწერს სომეხთა კათოლიკოსს: „ჩვენი მსახური შენ წინაშე პარტავში სისრულეში მოიყვანს სასჯელს, ნერსესსა და მის თანამოაზრე ქალს რკინის ჯაჭვით გადააბამენ და შერცხვენილებს სამეფო კარზე მოიყვანენ, რათა ყველამ იხილოს მეამბოხეთა შეურაცხყოფა“.

სომეხთა კათოლიკოსი საგანგებოდ ჩავიდა ალბანეთში, ქ. პარტავში, დაჯდა მთავარ ტაძარში და ბრძანა მისთვის დასასჯელად მიეგვარათ ალბანთა კათოლიკოსი ნერსესი. შეშინებული კათოლიკოსი დაიმალა, მაგრამ შეიპყრეს და მიიყვანეს სომეხთა კათოლიკოსის წინაშე. „მრავალრიცხოვან შეკრებილთა შორის ელიას წინაშე უპასუხოდ იდგა უბედური. მეფის ბრძანებით მას მძიმე სასჯელი გამოუტანეს: გადააბეს ფეხით ფეხზე იმ ქალთან (უტიკის დედოფალ სპარამთან) და შორეულ ქვეყანაში გასაგზავნად მოამზადეს, მაგრამ ვერ აიტანა ეს ტანჯვა და რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა“. სომეხმა მღვდლებმა არაბებთან ერთად ალბანთა კათოლიკოს ნერსესის ქალკედონური ალბანური წიგნები, რომლებითაც სავსე იყო ზანდუკი, წყალში ჩაყარეს. დევნის ამ ეპოქაში გადარჩა მხოლოდ ის ალბანური წიგნები და ხელნაწერები, რომლებიც ლტოლვილმა ალბანელმა ბერებმა ქართულ მონასტრებში მიიტანეს. სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში ქართულ ხელნაწერთა შორის აღმოჩენილი ალბანური ხელნაწერები მიუთითებს არა ალბანელი ბერების „ქართიზაცია-გაქართველებას“, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, არამედ გამოხატავს იმ პროცესს, რომლის შედეგადაც ალბანეთიდან ლტოლვილი ალბანელი ქალკედონი ბერები თავიანთი ალბანური ხელნაწერებით თავს აფარებდნენ ქართულ მონასტრებს, როგორც მართლმადიდებლურ კერებს. მათ ამით სიცოცხლე გადაირჩინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბანელთა კათოლიკოს ნერსესის მსგავსად მკაცრად დაისჯებოდნენ.

ამ მოვლენების შემდეგ ალბანელთა საეკლესიო კრების მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ ალბანეთის კათოლიკოსის კურთხევა მოხდებოდა მხოლოდ სომეხთა კათოლიკოსის მიერ. „ალბანთა კათალიკოსის კურთხევა უნდა მოხდეს სომხეთში წმიდა გრიგორის ტახტზე, თუ ალბანეთის კათალიკოსი გაბედავს და არ ეკურთხება სომხეთში, ის კათალიკოსად არ ჩაითვლება“, – აღნიშნულია მ. კალანკატუაცისთან. ეს პირობა დაიდო პარტავის კრებაზე, რომელსაც სომეხთა კათოლიკოსი ელია თავმჯდომარეობდა სომხური წელთაღრიცხვით 148 წ. (699) (სხვა ცნობებით, პარტავის კრება გაიმართა 706 წ.).

მოვსეს კალანკატუაცი ჩამოთვლის ალბანეთის ეკლესიის მამამთავრებს. ამ და სხვა წყაროებით დგინდება ალბანეთის კათოლიკოსთა ქრონოლოგიური რიგი სომხეთის საკათოლიკოსოს დაქვემდებარებაში შესვლამდე: აბასი (551–595), ვირო (595–629), ზაქარია (629-644), იოანე (644-671), უხტანესი (671–683), ელიაზარი (683–689), ნერსესი (689-706).

ალბანეთის საკათოლიკოსომ, როგორც სომხური ეკლესიის ადმინისტრაციულ-სტრუქტურულმა ერთეულმა, იარსება 1815 წლამდე. XIV ს. ბოლოდან კათოლიკოსების რეზიდენცია იმყოფებოდა არცახში არსებულ განძასარის მონასტერში. ე.წ. ალბანეთის „ივერიის“, ანუ ჰერეთის, მოსახლეობა ქართული ეკლესიის წიაღში გაერთიანდა. კახეთისა და ჰერეთის საზღვარი გადიოდა თანამედროვე ქ. ყაბალისა და ვარდაშენის შუა ქედზე, რომელსაც დღესაც „ქართველთა მთა“ (გურჯი დაღი) ეწოდება.

მიტრ. ანანია (ჯაფარიძე)

ლიტერატურა

  • ანანია (ჯაფარიძე) მიტრ, საეპისკოპოსოები ლაზიკაში, თბ., 2011;
  • ალექსიძე ზ., ალბანური მწერლობის ძეგლები სინას მთაზე, თბ., 1998;
  • კეკელიძე კ. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1941;
  • მარჯანიშვილი გ., ჰერეთი, თბ., 2005;
  • ჯავახიშვილი ივ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1998, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 11).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები