კავკასიის ომები 1817-64

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიის ომები 1817-64 - რუსეთ -მთიელთა ომები, გამოწვეული რუსეთის იმპერიის აგრესიით ჩეჩნეთ-დაღესტნისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ხალხების წინააღმდეგ.

სისტემატური შეტაკებები რუსეთის ჯარებსა და კავკასიელ მთიელებს (ჩეჩნებს, ყაბარდოელებს, დაღესტნელებს) შორის დაიწყო XVIII საუკუნის 70–80-იან წლებში, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელში გადავიდა საქართველო (1801-10) და თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია (1803-13), კავკასიის მთიელთა დამორჩილება, რომლებიც რუსეთისაგან გამოყოფდნენ სამხრეთ კავკასიის მიწებს, იმპერიის მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა გახდა.

მთიელთა წინააღმდეგობამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო ჩეჩნეთსა და დაღესტანში სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს – იმამატის - ჩამოყალიბების შემდეგ (1820-იანი წლების დასასრული), როდესაც საბოლოოდ გაფორმდა რუსეთთან ბრძოლის იდეოლოგია ღაზავათის (საღვთო ომის) ლოზუნგით.

1834-59 წლებში იმამატის სათავეში იდგა შამილი, რომლის მაქსიმალური წარმატებების ხანა 1840-იანი წლებია. ამ დროს შამილის მთავარი ძალების რაოდენობა 15–20 ათას მეომარს აღწევდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის სარდლობამ იმამატის წინააღმდეგ 200 ათასიანი არმია გამოიყვანა, მოხერხდა მისი განადგურება და შამილის დატყვევება (1859). დასავლეთ კავკასიის მთიელებთან (ჩერქეზები, უბიხები, აფხაზთა ცალკეული ტომები) ბრძოლა, რომელთა წინააღმდეგ რუსებმა თავისი (კავკასიის) არმიის მთავარი ძალები დაძრეს, კიდევ 5 წელი გრძელდებოდა.

1864 წლის 21 მაისს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს მთიელთა უკანასკნელი საყრდენი პუნქტი – გბაადა (ახლანდელი „კრასნაია პოლიანა”). ეს დღე ითვლება კავკასიის ომების დასრულებისა და რუსეთის მიერ კავკასიის დამორჩილების თარიღად.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები