კავკასიის ქალაქი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიის ქალაქი - თბილისში გამომავალი ორკვირეული გამოცემა, რომელიც მიმოიხილავდა მუნიციპალურ საკითხებს. გამოდიოდა 1918-1919 წლებში. შეიქმნა, როგორც რუსეთის ქალაქთა კავშირის კავკასიის სამხარეო ორგანიზაციის ჟურნალი, შემდეგ გადაკეთდა საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის ორგანოდ. გამოვიდა 1918 წლის 15 მარტს რუსულ ენაზე. სულ გამოვიდა 18 ნომერი (1918. №1/2 , 3/4, 5/6, 7/8, 9/10, 11/12, 13/14, 15/16; 1919. №1, №2 , №3, №4, №5/6, №7/8, №9/10, №11/12, №13/15, №17/16, №18/19). საქართველოს ქალაქთა კავშირის გადაწყვეტილებით, ჟურნალს ხელმძღვანელობდა რედკოლეგია (პირველ ეტაპზე რედკოლეგიაში იყვნენ: ი. ჟორდანია, ა. კალიუჟნი, გ. იაგჯიანი; მოგვიანებით - ს. რობაქიძე, ა. ბრიტნევა და მ. სმირნოვი. 1919 წლის აპრილიდან კი - ა. ბრიტნევა, ა. ჯაჯანაშვილი და ნ. ელიავა).

1918 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე გადაწყდა, რომ რუსულენოვან ჟურნალ „კავკასიის ქალაქს“ ამიერიდან ექნებოდა ორი განყოფილება - ქართულ და რუსულ ენაზე. ჟურნალში იბეჭდებოდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით სტატიები, ბოლოში კი ქართულ და რუსულ ნაწილებს ერთოდა მიმდინარე მოვლენების ქრონიკა.

1919 წლის ოქტომბერში ქალაქთა და ერობათა კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჟურნალ „კავკასიის ქალაქს“ სახელი უნდა შეცვლოდა და დარქმეოდა „თვითმართველობა“, თუმცა 1919 წლის მიწურულს ჟურნალი გამოვიდა განსხვავებული დასახელებით - „ერობა და ქალაქი.“ 1920 წელს ერობათა კავშირმა უარი განაცხადა ერთობლივ ჟურნალის გამოცემაზე და საქართველოს ქალაქთა კავშირმა 1920 წლის ივლისიდან დაიწყო მთავარი კომიტეტის ყოველთვიური ორგანოს „ჩვენი ქალაქის“ ბეჭდვა.

ჯაბა სამუშია


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები