კათოლიკობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კათოლიკობა - რომის პაპსა და კონსტანტინეპოლის პატრიარქს შორის 1055 წელს განხეთქილების შედეგად წარმოქმნილი ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის მეთაურია რომის პაპი.

დიდი სქიზმის შემდეგ რომის ეკლესიის მრწამსი და პრაქტიკა, აღმოსავლეთის ეკლესიათა მრწამსსა და ტრადიციასთან მიმართებით, ცალკე კონფესიად იქნა გააზრებული. ამიტომ ამ ეკლესიის ტერიტორიული საზღვრები მოიშალა და 1054 წლიდან იგი ყველგან არსებობს, სადაც კი მისი მრწამსისა და ტრადიციის მიმდევრები სახლობენ. აღნიშნული ეპოქიდან (XI-XIII სს.) კათოლიკობის დედამიწის ნებისმიერ მხარეში გასავრცელებლად მისიონერობა დაიწყო.

სახელწოდება შინაარსს ამ შემთხვევაში ზუსტად გადმოსცემს, - რომაულ ეკლესიას კათოლიკეობის მძაფრი განცდა ახასიათებს. იგი მონოლითური და ცენტრალიზებული ეკლესიაა, როგორც კანონიკური წყობის, ისე დოქტრინალური თვალსაზრისით.

კათოლიკების საერთო რიცხვმა 2000 წელს მილიარდს გადააჭარბა. მათ ღვთისმსახურების სხვადასხვა წესი ანუ ტიპიკონი (რიტი, რიტუალი) აქვთ. ძირითადია ლათინური წესი. ამ წესის მიმდევრებს ბევრ ქვეყანაში ფრანგებს ეძახიან. არსებობენ აგრეთვე ბიზანტიური (ბერძნული), სომხური, ქალდეურ-ასირიული და კიდევ სხვა წესის კათოლიკები. პრაქტიკის სხვადასხვაობა მათი რწმენის ერთიანობას ხელს არ უშლის. კათოლიკური ეკლესიის ცენტრი დღეს ვატიკანია, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობს.

კათოლიკური აღმსარებლობა თავის სივრცეში მთლიანად მოიცავს მართლმადიდებლურ რწმენათა და ტრადიციათა სისტემას. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმ მამებისა და იმ კრებების მოძღვრება-მემკვიდრეობას, რომლის მადლმოსილებას მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, კათოლიკური ეკლესიაც აღიარებს; ის ლოცვები, საგალობლები და საკითხავები, რომელთა კანონიკურობაში მართლმადიდებლებს ეჭვი არ ეპარებათ, არც კათოლიკებს ეპარებათ ეჭვი. კანონიკური ლიტერატურა პატრისტიკის ხანაში, ეკლესიათა ერთიანობის დროს, შეიქმნა და ეს ლიტერატურა (ვთქვათ, იოანე ოქროპირის ლიტურგია) კათოლიკებისთვისაც ისეთივე ავტორიტეტია, როგორც მართლმადიდებლებისთვის. ამ ორ კონფესიას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ძველ საეკლესიო წიგნებში გადმოცემულ საღვთისმეტყველო მოძღვრებას ანუ დოგმატიკას კათოლიკები ახალ ფორმულებს ანუ დოგმატებს უმატებენ.

სარჩევი

კათოლიკური ეკლესიის ოთხი დოგმატი

დღემდე კათოლიკურმა ეკლესიამ ოთხი სპეციფიკური დოგმატი გამოიმუშავა.

ფილიოკვე

I. ფილიოკვე. ესაა ლათინური სიტყვა და ნიშნავს „ძისაგანაც“, „და ძისაგანაც“, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს მე-8 მუხლში. ამდენად ფილიოკვე ამ მუხლის ინტერპოლაციაა. გამოთქმა „სული გამოდის მამისაგან და ძისაგან“ პირველად ტერტულიანესთან გვხვდება (II-III სს.), შემდეგ - ბევრ სხვა მამასთანაც - როგორც ლათინურენოვან (მაგ. ნეტარი ავგუსტინე), ისე ბერძნულენოვანებთან (წმ. ათანასე ალექსანდრიელთან, გრიგოლ ნოსელთან, კირილე ალექსანდრიელთან, მაქსიმე აღმსარებელთან და სხვ.). იგი თავს იჩენს 589 წლის ტოლედოს მესამე კრების აქტში და თანდათან მკვიდრდება ესპანეთისა და საფრანგეთის ეკლესიათა ლიტურგიებში როგორც არიანელთა სუბორდინაციული ტრიადოლოგიის (სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობის) გასაბათილებელი ფორმულა. 1000 წელს გერმანიის იმპერატორის თხოვნით ფილიოკვე რომის პაპმა თავის ლიტურგიაშიც ჩართო და ამის შემდეგ დასავლეთის ეკლესიაში მისმა წარმოთქმამ საყოველთაო ხასიათი მიიღო.

ფილიოკვეს ბიბლიურ საფუძვლად კათოლიკე ღვთისმეტყველები იოანეს სახარების იმ ადგილს ასახელებენ, სადაც იესო ნუგეშინისმცემლის ანუ სულიწმიდის მოვლინებას გვპირდება, - იგი „ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“ 16:14-15). ფილიოკვეს აპოლოგეტები ამტკიცებენ, რომ ტრინიტარულ ურთიერთობაში (სამებაში) ერთი პირი მეორისაგან ვერაფერს მიიღებს, თუ მისგან არ არის გამოსული. ქრისტე რომ წუთისოფელს მოევლინა, მამის ნაცვლად მოევლინა. მან რომ ჩვენ სული მოგვცეს, თვითონ უნდა გაიღოს. მათი თქმით, წმ. სულს ახალ აღთქმაში ამის გამო ეწოდება „ქრისტეს სული“ (გალ. 8:9; ფილიპ. 1:19) და ,,ძის სული“ (გალ. 4:6). ამ და ზოგი სხვა გამონათქვამის საფუძველზე მოგვიანებით, ყველაზე მკვეთრად თომა აქვინელის მიერ, ჩამოყალიბდა დოგმატი სულიწმიდის ჰიპოსტასურად (არსობრივავად) არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც გამომავალობისა. ამდენად, ფილიოკვე არის სულიწმიდის ორმაგი გამომავალობის თეორია.

პაპის უცდომელობა

II. პაპის უცდომელობა. დოგმატი პაპის უცდომელობის ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის) შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე სამქადაგებლო კათედრიდან (ექს-კათედრა) გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას. პაპი გამოცხადებულია წუთისოფელში ქრისტეს მოსაყდრედ და, ამდენად, ხილული ეკლესიის წინამძღვრად. ყველა სხვა ეპისკოპოსი (პატრიარქებიც) მოციქულთა მოსაყდრენი არიან, პაპი ქრისტეს მოსაყდრეა. ეს თვალსაზრისი დოგმატის რანგში 1870 წელს ვატიკანის პირველ საეკესიო კრებაზე აიყვანეს. კათოლიკური ეკლესიის თეორეტიკოსები ამ დოგმატის საფუძვლად როგორც საღვთო წერილს და საღვთო გადმოცემას, ისე წარსულის გამოცდილებას და მემკვიდრეობას ასახელებენ, რადგან პაპი მოციქულთა თავის, პეტრეს მოსაყდრეა, ითვლება, რომ სწორედ მასზე გადავიდა ის უფლებამოსილება, რითაც მაცხოვარმა პეტრე - „სარწმუნოების კლდე“ - აღჭურვა. ლაპარაკია „შეკვრისა და გახსნის“ უფლებაზე (მათე 18:19), რაც მსოფლიო ეკლესიის მართვა - განმგებლობის სადავეთა ერთი პირის, კერძოდ - პეტრეს მემკვიდრეთა ხელში მოქცევის აუცილებლობის დამოწმებადაა აღქმული. რაც შეეხება ისტორიულ ასპექტებს, ყურადღება იმ ფაქტების გარშემო მახვილდება, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებების კურთხევა და განჩინებათა დამტკიცება პაპის პრეროგატივა იყო.

უცდომელობის დოგმატის თანახმად, პაპი ეკლესიას პიროვნულად განასახიერებს. ამდენად, იგი კრებაზე მაღლა დგას. კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის სული პაპშია დაუნჯებული. ასე რომ, პაპი დე იურეც და დე ფაქტოც ეკლესიის შეუზღუდავი მმართველია.

უცდომელობის დოგმატი არის იმ რწმენისა და თეორიის გაფართოება და მაღალ რეგისტრში წარმოჩენა, რომელსაც დასავლეთის ეკლესიაში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ესაა პაპის პირველობის ანუ პრიმატის, მისი უფროსობის, დანარჩენ პატრიარქებზე თანამდებობრივად აღმატებულობის, ყველა ქრისტიანის, ყველა ეკლესიის გამაერთიანებლის რწმენა. ამ რწმენის გამო რომის პაპი, ძველი რომაული ტრადიციით, პონტიფექსად (ხიდის მშენებლად) იწოდებოდა და იწოდება.

ორი მარიოლოგიური დოგმატი

III-IV. ორი მარიოლოგიური დოგმატი:

ა) ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახება. ეს რწმენა დოგმატად პაპმა პიუს IX-მ 1854 წელს ჩამოაყალიბა და დღესასწაულიც დააწესა - მარიამის უმანკო ჩასახება (8 დეკემბერი). იესომ პირველცოდვა უბიწოდ ჩასახვის გზით აღხოცა. მარიოლოგიური დოგმატით, იესოს უბიწოებისათვის აუცილებელი იყო მისი უბიწო სხეულში ჩასახვა. შესაბამისად, მარიამი ყოვლითურთ, ჩასახვისთანავე, უბიწო უნდა ყოფილიყო. ამის გამო მარიამს პირველცოდვის დაღი არ მიჰკარებია, იგი საშოშივე, ჩასახვის წამიდანვე, უფალმა წმიდა ჰყო.
ბ) ღვთისმშობლის ამაღლება, რომელიც დოგმატის სახით პაპმა 1950 წელს ჩამოაყალიბა.

წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები