კაკაბაძე ვიტალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიტალი კაკაბაძე

კაკაბაძე ვიტალი — Kakabadze Vitali, Какабадзе Виталий 1930-1998

ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1960), ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1985). დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიკური ინსტიტუტი ფსიქოლოგიის სპეციალობით და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. ერთხანს იქვე მუშაობდა. 1990-იან წლებშიც ერთხანს მოღვაწეობდა ქუთაისში პედინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ და პრორექტორად. მანამდე, მოყოლებული 1958 წლიდან, სხვადასხვა დროს, მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ზოგადი ფსიქოლოგიისა და ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილებათა ხელმძღვანელი. ხოლო 1962-1980 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო.

ვ. კაკაბაძის კვლევის მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები, ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ფსიქოლოგიის ისტორია, მოტივაციის ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, კერძოდ მუსიკის ფსიქოლოგია.

ვ. კაკაბაძის საკანდიდატო დისერტაცია მიეძღვნა ყურადღების კვლევის ისტორიას და განსაკუთრებით კ. ლანგეს ყურადღების თეორიის ანალიზს. შემდგომში მისი კვლევის საგანი გახდა სიღრმისეული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური და თეორიული პრობლემები და, პირველ რიგში, არაცნობიერის ცნება. იგი იზიარებდა თავისი მასწავლებლის, ა. ბოჭორიშვილის თვალსაზრისს, რომლის მიხედვით ფსიქიკას ყოველთვის ახლავს ე.წ. პრიმარული (ატრიბუტული) ცნობიერება, ანუ განცდადობის ნიშანი. აქედან გამომდინარე, უარყოფილია არაცნობიერი ფსიქიკის არსებობის შესაძლებლობაც. ამ პოზიციიდან იქნა გაანალიზებული ზ. ფროიდის, კ.გ. იუნგისა და ა. ადლერის თეორიები.

შემდგომში ვ. კაკაბაძემ იმავე პოზიციიდან განიხილა დ. უზნაძისეული განწყობის თეორიაც. მისი ანალიზით, უზნაძესთან არაცნობიერის ფსიქოლოგიური პრობლემა ეხება არა ისეთი ფსიქიკური შინაარსების არსებობას, რომლებიც განცდის და საზოგადოდ ცნობიერების მიღმაა, არამედ ფსიქიკის ახალი თვისებრიობის/სახეობის არსებობას, ინდივიდის მთლიანობით მდგომარეობას − განწყობას. ის კი სრულიად განსხვავდება „ჩვეულებრივი”, კერძოული ფსიქიკური ფენომენებისაგან, განცდებისაგან. მეტიც, ამ განწყობისეულ მდგომარეობასაც დ. უზნაძე სიკვდილის წინ დაწერილ (1949 წ.), ბოლო განმაზოგადებელ ნაშრომებამდე არ მიიჩნევდა ფსიქიკურად, არამედ სინამდვილის ახალ სფეროდ, ანუ არსებითად ბიოსფერული კონცეფციის პოზიციებზე იდგა. ეს ანალიზი არგუმენტირებულია ვ. კაკაბაძის მონოგრაფიაში „განწყობის ფსიქოლოგია და არაცნობიერი ფსიქიკის პრობლემა” (1990).

ვ. კაკაბაძე მოტივაციის ფსიქოლოგიის თეორიული პრობლემატიკის მკვლევარიც იყო. წიგნში „მოთხოვნილების ფსიქოლოგია” (1988) საფუძვლიანად აქვს გაანალიზებული ქცევის აღძვრის საკითხები, მოთხოვნილების, საჭიროების, მისწრაფების, ლტოლვის, მოტივის და სხვა ცნებები, გამოთქმულია არაერთი საყურადღებო აზრი.

ფსიქოლოგიის დარგში ვ. კაკაბაძის კვლევის კიდევ ერთი მიმართულება დაგვირგვინდა წიგნით „მუსიკის ფენომენი” (1993). ეს ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან: სმენის ფსიქოლოგია და მუსიკის ფსიქოლოგია.

ვ. კაკაბაძეს ეკუთვნის მცირე ზომის სახელმძღვანელოები „ფსიქოლოგია” და „ფსიქოლოგიის შესავალი”. ისინი მათთვისაა გამიზნული, ვინც ფსიქოლოგიის შესწავლას იწყებს. განხილულია ფსიქიკის ცნების მიმართება ისეთ ცნებებთან, როგორც ცნობიერება, გონი, ადამიანი, „მე”. ეს ცნებები, იმავდროულად, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და ვ. კაკაბაძის, როგორც ფილოსოფიის ამ დარგის სპეციალისტის, კვლევის საგანიც იყო. პიროვნების ცნების ანალიზის ფარგლებში მან განიხილა თავისუფლებისა და მოთხოვნილების ცნებათა მიმართება, ხოლო თვით პიროვნება დაახასიათა, როგორც ადამიანის განვითარების უმაღლესი საფეხური, რომლის შესასწავლად უნდა შეიქმნეს ცალკე დისციპლინა„ფილოსოფიური პერსონალისტიკის” სახელწოდებით.

მთავარი ნაშრომები

  • სიღრმის ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები. თბილისი: „მეცნიერება”, 1979;
  • ადამიანი და მისი „მე” / ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ტ. VI. თბილისი „მეცნიერება”, 1979. გვ. 123-166;
  • Теоретические проблемы глубинной психологии. Тбилиси: “Мецниереба”, 1982;
  • მოთხოვნილების ფსიქოლოგია. თბილისი: „მეცნიერება”, 1988.
  • განწყობის ფსიქოლოგია და არაცნობიერი ფსიქიკის პრობლემა. თბილისი: „მეცნიერება”, 1990;
  • ფსიქოლოგიის შესავალი. ქუთაისი: „საწუთრო”, 1992;
  • მუსიკის ფენომენი. ქუთაისი: „საქართველო”, 1993.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები