კაკაბაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილიკო კაკაბაძე

კაკაბაძე ილია (ილიკო) პავლეს ძე (1869, სოფ. კუხი, ქუთაისის მაზრა -?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, მისი სტატიები ქვეყნდებოდა „კვალში“, „ცნობის ფურცელსა“ და „შრომაში“.

სწავლის შეწყვეტის შემდეგ მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში. თავდაპირველად დაუახლოვდა „მესამე დასის“ ჯგუფებს, 1900 წლიდან კი მიემხრო გიორგი ზდანოვიჩის იდეებს. 1902 ევროპის ეკონომიკის გასაცნობად წავიდა საზღვარგარეთ. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრეწველთა საბჭოს დაარსებაში ზდანევიჩთან ერთად.

1904 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი, შემდგომში მიემხრო სოციალისტ-რევოლუციონერებს. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ჭიათურა-ყვირილას პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიული წითელი რაზმის მეთაური. 1907 დაიჭირეს ჟანდარმებმა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1907-1908 წლებში იმყოფებოდა მიმალვაში.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1918 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. საკანდიდატო სიაში 24-ე ნომერი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119, 121.

იხილე აგრეთვე

კაკაბაძე ილია პავლეს ძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები