კალათბურთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმს ნეისმითი მეუღლესთან ერთად. 1928 წელი

კალათბურთი – (ინგლ. Basketball<basket – კალათი, ball – ბურთი). ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდური თამაში. მეტოქეთა მიზანია დრიბლინგის, მანევრის, ფინტის, კომბინაციის მეშვეობით ბურთის მოწინააღმდეგის კალათში ჩაგდება და საკუთარი კალათის დაცვა. იმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ ქულას მოაგროვებს.

სარჩევი

ისტორია

კალათბურთის მსგავსი თამაშის კვალი ნაპოვნია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე (ძვ.წ. X საუკუნე). იმდროინდელი რელიგიური დღესასწაულების აუცილებელი ნაწილი ყოფილა თიხის ბურთის სროლა მიზანში (შუაში ნახვრეტდატანებული ქვის დაფა). ამ თამაშს ერქვა „პოკ-ტა-პოკ“. მექსიკაში აღმოჩენილ 147 მეტრის სიგრძის სათამაშო მოედანს გარს აკრავს 8 მეტრის სიმაღლის ქვის ტრიბუნები, რომლებზედაც სამიზნე რგოლებს ამაგრებდნენ. აცტეკები კაუჩუკის ბურთს და ქვის კალათს იყენებდნენ, ფლორიდელი ინდიელები – ჭოკის ბოლოში დამაგრებულ დაწნულ კალათს. მსგავსების მიუხედავად, ისტორიკოსთა მიერ აღწერილ ადრეულ თამაშებს თითქმის არაფერი აქვს საერთო თანამედროვე კალათბურთთან, რომელიც სტუდენტებისთვის შექმნა სპრინგფილდის (აშშ, მასაჩუსეტსის შტატი) კოლეჯის ანატომიისა და ტანვარჯიშის მასწავლებელმა ჯეიმს ნეისმითმა (1861-1939). მან ახალი თამაშის წესები შეადგინა და 1891 წლის 21 დეკემბერს პირველი საცდელი მატჩიც მოაწყო (თითოეულ გუნდში 9-9 მოთამაშე იყო). აქედან იღებს სათავეს კალათბურთის თამაშის ისტორია, რომელიც სულ მალე მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი, დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.

წარწერის ტექსტი

1892 წელს ნეისმითმა გამოაქვეყნა „კალათბურთის თამაშის წესების წიგნი“. წესების პირველ ვარიანტში 13 პუნქტი შედიოდა, რომელთა უმრავლესობა დღემდე მოქმედებს. 1893 წელს შემოიღეს კალათბურთის ფარი, შემდეგ – რკინის სალტე ბადით, ამასთან, ჩვეულებრივზე დიდი ზომისა და წონის სპეციალური ბურთი. 1895 წელს მოთამაშეთა რაოდენობა ცხრიდან ხუთამდე შეამცირეს. დაიხვეწა თამაშის სხვა წესები, დაზუსტდა მოედნის ზომები, განვითარდა თამაშის ტექნიკა და ტაქტიკა. იმავე წელს გაიმართა პირველი ოფიციალური შეჯიბრება და სათავე დაედო სტუდენტთა ტურნირებს. 1898 წელს შეიქმნა პირველი პროფესიონალური გაერთიანება – კალათბურთის ეროვნული ლიგა, რომელმაც 5 წელიწადს იარსება და შემდეგ რამდენიმე დამოუკიდებელ ორგანიზაციად დაიყო.

აშშ-კანადის ფინალური მატჩი (19:8). ბერლინის ოლიმპიური თამაშები. 1936 წელი

კალათბურთის პირველ ექსპორტიორთა შორის იყვნენ იაპონია, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ფილიპინები, არგენტინა, შემდეგ – ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნები. სენტ-ლუისის ოლიმპიური თამაშების დღეებში (1904) მოეწყო საჩვენებელი ტურნირი აშშ-ის 5 გუნდის მონაწილეობით. 24 წლის შემდეგ ამსტერდამში ასეთივე ტურნირი გამართეს საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის კალათბურთელებმა. იმ დროისთვის კალათბურთი ფართოდ გავრცელებული თამაში იყო. ხშირად ეწყობოდა წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირები, რაც ხელს უწყობდა თამაშის ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალის გამდიდრებას. დაინერგა ბურთის ტარების, გადაცემისა და ტყორცნის ახალი ხერხები, ნაირგვარი ფინტები და კომბინაციები, დაცვისა და შეტევის აქტიური ფორმები, ამაღლდა შედეგიანობა, თამაში უფრო დინამიკური, ათლეტური და სანახაობრივად საინტერესო გახდა.

წარწერის ტექსტი

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ევროპის ათამდე ქვეყანაში შეიქმნა კალათბურთის ასოციაციები, რომლებიც უძღვებოდნენ ამ სახეობის განვითარებას, მართავდნენ ეროვნულ ჩემპიონატებს, მონაწილეობდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. სწორედ ევროპელთა თაოსნობით დაფუძნდა ფიბა – კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (1932), რამაც განაპირობა სამოყვარულო კალათბურთის შემდგომი განვითარება და ახალი ტურნირების დაწესება. იმავდროულად ამერიკაში მომრავლდა პროფესიონალური კლუბები. ერთ ლიგაში მათ გაერთიანებას მრავალი ორგანიზაცია ცდილობდა, მაგრამ ეს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხერხდა, როცა 1946 წელს დაარსებულმა ამერიკის კალათბურთის ასოციაციამ 11 უძლიერესი კლუბის მონაწილეობით პირველი ჩემპიონატი ჩაატარა. მალე ამ ორგანიზაციამ სახელი შეიცვალა და 1949 წლიდან მთელ მსოფლიოში მას NBA-ს (კალათბურთის ეროვნული ასოციაცია) სახელით იცნობენ.

კარმელი ენტონი (აშშ)

სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებში (1936, ბერლინი) კაცთა 21 გუნდი მონაწილეობდა. აშშ – კანადის ფინალური მატჩი ამერიკელებმა მოიგეს 19:8. ჩემპიონებთან ერთად ოქროს მედალი გადასცეს ოლიმპიადის საპატიო სტუმარს, 75 წლის ჯეიმს ნეისმითს. მომდევნო თამაშებში (1948, ლონდონი) 23 გუნდი ჩაება. ჩემპიონი კვლავ აშშ-ის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგებს აჯობა – 65:21. ამერიკელებმა ზედიზედ კიდევ 5 ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვეს, მაგრამ 1972 წელს მიუნხენში დრამატული ფინალური მატჩი წააგეს სსრ კავშირის ნაკრებთან (50:51). ამის შემდეგ, გარდა 1980 (მოსკოვი), 1988 (სეული) და 2004 (ათენი) თამაშებისა, ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ ამერიკელი კალათბურთელები დომინირებდნენ. იგივე ვითარებაა ქალთა ოლიმპიურ კალათბურთში: 1976-2016 წლებში ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშებული 11 ოქროს მედლიდან, 8 ოქრო სწორედ აშშ-ს გუნდმა მოიპოვა. 1992 წლიდან ოლიმპიურ ტურნირში თამაშის უფლება პროფესიონალ კალათბურთელებსაც მიეცათ.

3X3 კალათბურთი

კალათბურთის ნაირსახეობა, რომელსაც შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს, მაგრამ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ისევე, როგორც ხუთკაცა კალათბურთი, თამაშის ეს ფორმატი (რომელსაც ქუჩის კალათბურთსაც უწოდებენ) აშშ-ში განვითარდა, 1980-იანი წლებიდან კი, წესების სტანდარტიზაციის შემდეგ, სისტემატურად ტარდება შეჯიბრებები.

ამერიკიდან 3X3 კალათბურთი სხვა კონტინენტებზეც გავრცელდა, შესაბამისად – გაფართოვდა საერთაშორისო ტურნირების გეოგრაფია. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით, 3X3 კალათბურთი 2007 წელს აზიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. მომდევნო სატესტო შეჯიბრებები გაიმართა დომინიკის რესპუბლიკასა და ინდონეზიაში, 2010 წელს კი უკვე დებიუტი შედგა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. ამ ტურნირებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და FIBA-მ მიიღო გადაწყვეტილება რეგულარული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი 3X3 კალათბურთი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანა.

კალათბურთი საქართველოში

Kalatburti saqartveloshi.JPG
ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის („ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე“) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და თბილისში
Qartveli kalatburtelebi.JPG
დაბრუნებულმა მუშფაკის ეზოში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – „სინათლე“ – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. „სინათლის“ გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925 წ.) იმავე „სინათლის“ კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ.

1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება „სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.

ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის „ლოკომოტივი“. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის „დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და ” 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო; 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა საქმიანობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად, ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.

ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის „ბურევესტნიკი“, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი საკავშირო თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954,56).

1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. კაცთა ეროვნულმა ნაკრებმა არაერთხელ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში, რამდენიმე ქართველი კალათბურთელი კი ევროპის ცნობილ კლუბებში და NBA-ში გამოდის. ბოლო თაობის მოთამაშეთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ორჯერ მოიპოვა აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონის ტიტული.

წესები

სსრ კავშირისა და აშშ-ის კალათბუთელთა ფინალურ მატჩში მეტოქეს უტევს ზურაბ საკანდელიძე. მიუნხენის ოლიმპიური თამაშები. 1972 წელი.

ოფიციალური შეჯიბრებები დარბაზებში იმართება. მართკუთხა მოედნის სიგრძეა 28 მ, სიგანე –– 15 მ. მოედანი შემოსაზღვრულია პირითი და გვერდითი ხაზებით. ცენტრალურ წრეს (დიამეტრი – 3,6 მ) შუაზე ყოფს ცენტრალური ხაზი. პირით ხაზებთან განლაგებულია ფარიანი დგარები. მათ წინ, მოედნის ორივე ნახევარზე, მონიშნულია ე.წ. შემოსაზღვრული ზონა საჯარიმო ტყორცნის არით და 3,6 მ სიგრძის საჯარიმო ტყორცნის ხაზით, აგრეთვე 3-ქულიანი ტყორცნის მრუდი, რომლის რადიუსია 6,25 მ. ფარი მზადდება გამჭვირვალე მასალისგან, უმეტესად – ნაწრთობი მინისგან (გაუმჭვირი მასალისგან დამზადებული ფარები თეთრად იღებება).

წარწერის ტექსტი

ფარის ზომებია: ჰორიზონტალურად – 1,80 მ, ვერტიკალურად – 1,05 8. მანძილი ფარის ქვედა კიდესა და იატაკს შორის – 290 სმ-ია, კალათას და იატაკს შორის – 305 სმ. კალათი შედგება ნარინჯისფრად შეღებილი ფოლადის რგოლისა და ბადისაგან. რგოლის შიგა დიამეტრია 45 სმ, ბადის სიგრძე – 40-45 სმ. ბურთი სფერული ფორმისაა, გარე ზედაპირი მზადდება ტყავის, სინთეტიკური ტყავის, რეზინის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან. გარშემოწერილობა – 74,5-78 სმ, წონა 567–650 გ.

ოფიციალური მატჩებისთვის აუცილებელია საათი მართვის პულტით, წამმზომი, 24 წამის ათვლის მოწყობილობა, ხმოვანი სიგნალი, ანგარიშის ტაბლო, რომელიც აჩვენებს სათამაშო დროს, თამაშის ანგარიშს, მიმდინარე პერიოდის რიგით ნომერს, მოთხოვნილი წუთშესვენებების რაოდენობას და ა.შ. სათადარიგო მოთამაშეთა სკამები სათამაშო მოედნის შემომსაზღვრავ ხაზს დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრით, მაყურებელთა ტრიბუნა – არანაკლებ 5 მეტრით.

კალათბურთელებს აცვიათ უსახელო, წინ და უკან დანომრილი (ნებადართულია ნომრები 4-დან 15-მდე) მაისური, სპორტული ტრუსი, მაღალყელიანი ბოტასი. საზურგე ნომრის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 20 სმ, სამკერდე ნომრისა – არანაკლებ 10 სმ. თითოეულ გუნდში შეიძლება იყოს არაუმეტეს 10-10 მოთამაშე ან არაუმეტეს 12-12, როცა გუნდი ისეთ ტურნირში მონაწილეობს, სადაც სამზე მეტი მატჩის თამაში უწევს. პარტნიორები ბურთს ერთმანეთს გადასცემენ ცალი ან ორივე ხელით. ბურთის ტარების შემდეგ, ვიდრე ბურთს კალათში ტყორცნის ან პარტნიორს გადასცემს, მოთამაშეს მხოლოდ 2 ნაბიჯის (იატაკთან 2 შეხების) უფლება აქვს. ბურთის მიღების მომენტი – დგომში ბურთის დაჭერა – უკვე ნაბიჯად ითვლება. მოძრაობისას მოთამაშეს შეუძლია ერთი ნაბიჯი გადადგას მას შემდეგ, რაც ბურთს დაეუფლება. ბურთის ტარება იწყება მაშინ, როცა მოთამაშე ბურთს იატაკზე აგდებს და ხელით ხელახლა ეხება მას. ბურთით ადგილზე ახტომი წესის დარღვევაა (გარბენი), რაც განსაკუთრებით ხშირია დრიბლინგის დაწყება-დამთავრებისას. ბურთის ტარების დასაწყისში დაუშვებელია საყრდენი ფეხის მანამდე გადაადგილება, სანამ მოთამაშეს ბურთი ხელში უჭირავს. ტარება მთავრდება მაშინ, როცა მოთამაშე ბურთს ხელში აიღებს ან ორივე ხელით შეეხება. წესი არ ირღვევა, როცა ბურთიანი მოთამაშე იატაკზე ეცემა ან იატაკზე მჯდომი (მწოლიარე) თავად აკონტროლებს ბურთს.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს. 3X3 კალათბურთში, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაძლია. მეოთხედფინალში კი მასპინძელ არგენტინასთან დამარცხდა. ბუენოს აირესი. 2018 წელი.

სათამაშო დროის განმავლობაში თითოეული გუნდიდან მოედანზე 5-5 კალათბურთელია. შეცვლათა რაოდენობა შეზღუდული არ არის. მატჩი შედგება ოთხი 10-10-წუთიანი ტაიმისაგან (წმინდა დრო). პირველ და მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდებს შორის, ასევე ყოველი დამატებითი პერიოდის წინ ცხადდება 2-წუთიანი შესვენება. მეორე და მესამე პერიოდებს შორის შესვენების ხანგრძლივობა 15 წუთია. გუნდები კალათებს ცვლიან მესამე პერიოდის დაწყების წინ. თამაში იწყება ცენტრალურ წრეში ორ მოთამაშეს შორის ბურთის სადავო გდებით. თუ თამაშის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა, ინიშნება დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი (ტაიმები) გამარჯვებულის გამოვლენამდე. გუნდი წაგებულად ითვლება, თუ მატჩის მსვლელობისას მოედანზე თამაშის უფლების მქონე ორზე ნაკლები მოთამაშე დარჩება. გუნდი აგებს თამაშს „უფლების ჩამორთმევით“ თუ: ა) უარს ამბობს თამაშზე მას შემდეგ, რაც უფროსმა მსაჯმა შესთავაზა თამაშის დაწყება; ბ) თავისი მოქმედებით ხელს უშლის თამაშის ჩატარებას; გ) თამაშის დაწყების დროიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ არ გამოცხადდება მოედანზე. მწვრთნელი უფლებამოსილია პირველ, მეორე, მესამე და ყოველ დამატებით პერიოდში აიღოს თითო წუთშესვენება, მეოთხე პერიოდში – ორი.

თითოეული ჩაგდებული საჯარიმო ტყორცნისთვის გუნდს ერიცხება 1 ქულა, 2-ქულიანი ზონიდან ჩაგდებისთვის – 2 ქულა, 3-ქულიანი ზონიდან ჩაგდებისთვის კი – 3. თუ მოთამაშე შემთხვევით ჩააგდებს ბურთს საკუთარ კალათში, ქულები დაეწერება მეტოქე გუნდის კაპიტანს; საკუთარ კალათში ბურთის განზრახ ჩაგდება უკვე წესის დარღვევაა და ამ შემთხვევაში ქულები არ ჩაითვლება. კალათბურთში ბურთს თამაშობენ მხოლოდ ხელით. წესების დარღვევად ითვლება ბურთით სირბილი, ბურთზე ფეხის ან მუშტის დარტყმა, ბურთის განზრახ ბლოკირება ფეხით. პერსონალური ფოლით ისჯება მეტოქის ბლოკირება, ხელის კვრა, ფეხის დადება, შეჯახება, მისი გადაადგილების შეფერხება ხელის, მხრის, მუხლის, ბარძაყის ან ტერფის გაწევით და ა.შ. მოთამაშე ტექნიკური ფოლით ისჯება, როცა უხეშად მიმართავს ან ფიზიკურად ეხება მსაჯებს, კომისარს ან მეტოქეებს, იყენებს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ან ჟესტებს, არასაპატიო მიზეზით ტოვებს მოედანს, მთელი სიმძიმით ეკიდება რგოლს და ა.შ. ტექნიკური ფოლით შეიძლება დაისაჯოს სათადარიგო მოთამაშეც, მწვრთნელი და გუნდის თანმხლები პირი. მოთამაშის, მწვრთნელის და გუნდის თანმხლები პირის ნებისმიერი აღმაშფოთებელი არასპორტული საქციელისთვის დაწესებულია მადისკვალიფიცირებელი ფოლი. 5 ფოლის (პერსონალური ან ტექნიკური) შემდეგ კალათბურთელი კარგავს თამაშის გაგრძელების უფლებას და მას თანაგუნდელი ცვლის. როცა გუნდს ერთ პერიოდში 4 ფოლი დაუგროვდება, ყოველი მორიგი ფოლისთვის (გარდა წესებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) ინიშნება 2 საჯარიმო ტყორცნა. შემტევმა გუნდმა ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა 8 წამში უნდა მოასწროს, ხოლო შეტევის დამთავრება – 24 წამში. თუ მოთამაშემ მეტოქის შემოსაზღვრულ ზონაში 3 წამზე მეტ ხანს შეაყოვნა (როცა სათამაშო საათი ჩართულია და ბურთს მისი გუნდი აკონტროლებს), ბურთი მოწინააღმდეგეს გადაეცემა. როცა მოთამაშე ბურთს აკონტროლებს მეტოქის ზონაში, მას ეკრძალება თავის ზონაში ბურთის გადატანა. მოედანზე მატჩის მსვლელობას წარმართავს 2 მსაჯი, მოედნის გარეთ – მატჩის კომისარი და მსაჯები მაგიდასთან: მდივანი, მდივნის თანაშემწე წამმზომელი და 24 წამის ოპერატორი. ყოველი მოგებული თამაშისთვის გუნდს ერიცხება 2 საკლასიფიკაციო ქულა, წაგებისთვის – 1 ქულა, „უფლების ჩამორთმევით“ წაგებისთვის – 0 ქულა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები