კალიდონის ნადირობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალიდონის ნადირობა. კილიქსის ფერწერა (დაახ. 540 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი

კალიდონის ნადირობა – საერთო ბერძნული მითოსი, რომელიც აერთიანებს თქმულებებს ხსვადასხვა მხარეთა გმირებზე.

კალიდონის მეფე ოინევსმა სთვლობის დღესასწაულზე ოლიმპიელ ღმერთებს მსხვერპლი შესწირა. სრულიად შემთხვევით მათ სათვალავში არ აღმოჩნდა ნადირობის მფარველი ღვთაება არტემისი, რომელმაც ვერ აპატია მეფეს გულმავიწყობა და მის სამეფოს სასჯელად უზარმაზარი, მძვინვარე ტახი მოუვლინა. გავეშებული ნადირი ანადგურებდა კალიდონის ბაღ-ვენახებს და დაუნდობლად ხოცავდა ყველას, ვისაც გზად წააწყდებოდა.

ოინევსმა საშველად უხმო საბერძნეთის ყველა ძლევამოსილ გმირს. თანაც შეჰპირდა: ვინც პირველი განგმირავდა საზარელ ურჩხულს, მის ტყავს უძღვნიდა ჯილდოდ. მონადირეებს სათავეში ჩაუდგა მეფისწული დიომედესი. თავდაპირველად გამოცხადდნენ მისი ბიძები, დედის ძმები, კურეტებად წოდებული სახელოვანი მეომრები. მათ გარშემო შემოიკრიბნენ კასტორი და პოლიდევკესი სპარტადან. იდასი და ლინკევსი მესენიიდან. თესევსი ათენიდან. იფიკლესი თებედან. პირითოოსი ლარისადან. ამფიარაოსი არგოსიდან. ტელამონი სალამისიდან, პელევსი და ევრიტიონი თესალიიდან. ნესტორი პილოსიდან და სხვა მრავალი. მათ შორის იყო ერთადერთი ქალიშვილი, უბადლო მორბენალი და მოისარი ატალანტე არკადიიდან. თავ დაპირველად კალიდონის ნადირობის 20 გმირს ასახელებდნენ, მოგვიანებით მითოგრაფოსებმა სხვა სახელებიც გაიხსენეს და ბოლოს მონადირეთა რიცხვი უკვე ორმოცდაათს აღწევდა.

ნადირობის წინ ოინევსმა გამართა დიდი ნადიმი, რომელიც ცხრა დღე და ღამე გრძელდებოდა. ექვსი დღე უშედეგოდ დაეძებდნენ მონადირეები გარეულ ტახს. როცა ძაღლებმა კვალი აიღეს და გამოდევნეს ტყედ მიმალული ნადირი, მისგან გამოფატრული ორი გმირი უკვე დაეცა. კიდევ მრავალი ემსხვერპლა მის წამახულ ეშვს. პირველი ისარი, რომელიც მიზანს არ ასცდენია, ატალანტეს მიერ იყო ნატყორცნი, თუმცა საბოლოოდ ნადირი მაინც მელეაგროსმა განგმირა. ტყავი მას უნდა რგებოდა, მაგრამ კეთილშობილმა გმირმა იგი ქალწულს დაუთმო. განაწყენდნენ მისი ბიძები, რადგანაც ასეთ ჯილდოს დიდი ფასი ედო – მისი მფლობელი და მთელი მოდგმა განდიდებული იქნებოდა სამარადისოდ. როდესაც კურეტებმა დააპირეს ხელიდან გამოეგლიჯათ ატალანტესათვის ნადავლი, მელეაგროსმა ქალწულის მხარე დაიჭირა და განრისხებულს ერთ-ერთი ბიძა შემოაკვდა. როდესაც ეს ამბავი დედამისმა გაიგო, შვილი დაწყევლა. სულ მალე მელეაგროსი გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ და დედა- ალთეამ თავი მოიკლეს.

ეს მითოსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ ბერძნულ სამყაროში. მისი ამსახველი ამბები ხშირად გვხვდება როგორც ანტიკური ხანის ლარნაკებზე, ისე გვიანი ხანის ფერწერულ ტილოებზე (რუბენსი, „კალიდონის ნადირობა“, „მელეაგროსი და ატალანტე“).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები