კალმახის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალმახის ერისთავი - კალმახის საერისთავო, სავარაუდოდ, დაარსდა XI ს-ში გაერთიანებული საქართველოს ახლებური ადმინისტრირების შედეგად. „მატიანე ქართლისაჲ“ გვაცნობს სულა კალმახის ერისთავს, ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის მწვავე დაპირისპირების მომსწრეს და მეფის უერთგულეს პირს. სულა კალმახის ერისთავმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ბაგრატსა და ლიპარიტს შორის თითქმის ოცწლიანი კონფლიქტის მეფის სასარგებლოდ დასრულების საქმეში. 1047/1048 წ. სანამ თურქები ლიპარიტს დაატყვევებდნენ, სულა კალმახის ერისთავმა გრიგოლ არტანუჯის ერისთავთან ერთად შეჰყარა მესხთა ლაშქარი და უხმო ბაგრატს. მათი დახმარების იმედით ბაგრატი არყისციხეში კვლავ შეებრძოლა ლიპარიტს, მაგრამ დამარცხდა. ამ ბრძოლისას სულა კალმახის ერისთავი ტყვედ ჩავარდა. ლიპარიტის ხალხი მას ძელზე გასმის მუქარით აიძულებდა კალმახის ციხის დათმობას, მაგრამ სულა ვერ გატეხეს. 1048 წ. ბასიანში ლიპარიტი თურქებმა დაატყვევეს. როგორც ჩანს, ლიპარიტის შვილებმა, რომლებიც ბაგრატთან მშვიდობას ეძებდნენ, სულა გაათავისუფლეს. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ლიპარიტი კიდევ უფრო გაძლიერდა და მეფე იძულებული გახადა კონსტანტინოპოლში ჩასულიყო სამართლის საძიებლად. ბაგრატი კომპრომისული წინადადებებით დაბრუნდა კონსტანტინოპოლიდან, და, ფაქტობრივ, გაუყო ძალაუფლება ლიპარიტს. 1057 წ. სულა კალმახის ერისთავის ხელმძღვანელობით მესხმა აზნაურებმა ლიპარიტი და ივანე დლივში შეიპყრეს დ ბაგრატს ჩააბარეს. ამ დამსახურების სანაცვლოდ ბაგრატმა სულას მამულობით უბოძა „ციხისჯვარი და ოძრხე ბოდო-კლდითა“. არსებობს მოსაზრება, რომ ამ დროს სულამ კალმახის საერისთავოს მიწა-წყალიც მამულობით მიიღო, რაც კალმახის საერისთავოს გაუქმებას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება „ქართლის ცხოვრების“ ძველ სომხურ თარგმანში სულას მოხსენიება „იშხანად“ (მთავრად). თამარის დროს კალმახელები, მართლაც ერისთავის წოდების გარეშე მოიხსენიებიან, როგორც კალმახის მემამულე ფეოდალები. ისინი ზაქარია ფანასკერტელთან ერთად ამარცხებენ გუზან ტაოსკარელის დამხმარე თურქთა ლაშქარს. ამრიგად, თამარის დროს და, უეჭველია, მთელი XIII ს-ის განმავლობაში კალმახის საერისთავო გაუქმებული ჩანს. XIV ს-ის პირველ ნახევარში, ვახუშტის ცნობით, გიორგი ბრწყინვალემ კალმახი, როგორც საზღვრისპირა რეგიონი, კვლავ საერისთავოდ აქცია. შემდგომში კალმახის საერისთავო კვლავ გაუქმებულა - XVI ს-ის დასაწყისში შედგენილ მცხეთის სამწყსოს მამულების ნუსხაში კალმახის ერისთავთა ყოფილი მიწები სხვა მესხურ მიწებთან ერთად სამცხეთო მამულებს შორის მოიხსენიება.


წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: : 300-302;
  • ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი 1953: 227;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 55;
  • ვახუშტი 1973: 258;
  • შარაშიძე 1961: 35;
  • ხიდურელი 1977: 279;
  • ბახტაძე 2003: 262.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები